Facebook Twitter

საქმე # 010141318700057725

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №219აპ-18 ქ. თბილისი

ს–ი ს. 219აპ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ს. ს-ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის რედაქცია) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 მარტიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ს. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თ-ი, ც.დ-ს გამზირის N---ში მდებარე მ. კორპუსის მ-- სართულზე არსებულ ბინა N--ში, 1--- წლის 1 იანვარს დაბადებულმა ს. ს-მა 6 წლის მ. შ-ს მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, მცირეწლოვან მ. შ-ს კოცნიდა და ხელით ეფერებოდა სასქესო ორგანოსა და მკერდზე, ასევე ს. ს-მა თავისი სასქესო ორგანო ხელზე მიადო მ. შ-ს.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ-მ, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. ს–ის გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ს. ს-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №90აპ-17, №77აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, ირიბ ჩვენებებს და ს. ს–ის ბრალეულობა არცერთი სხვა რელევანტური მტკიცებულებით არ დასტურდება. პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და ამასთან, სრულად თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან; მ. შ-მ დაწვრილებით, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა განვითარებული მოვლენები. ფსიქოლოგის შეფასებით, მ. შ. თავისი ასაკისთვის ნორმალურად განვითარებული ბავშვია, მისი გონებრივი უნარები ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია, დაკითხვისას იგი სწორად იგებდა დასმულ შეკითხვებს და ადეკვატურ პასუხებს სცემდა, ლექსიკური მარაგი ჰქონდა ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეთ მისი ასაკის ბავშვებს; იგი საუბრისას ხშირად იყენებდა გამოხატვის ვიზუალურ საშუალებებს, რაც მისი ასაკის ბავშვისთვის ნორმალურია. მან მიუთითა ის ადგილები, სადაც ბრალდებულმა აკოცა სასქესო ორგანოზე, თავისი ტერმინოლოგიით კი მას ,,სირცხვილობას“ ეძახდა, რაც მისი ასაკისთვის არის ნორმალური. ფსიქოლოგის განმარტებით, მ. შ-ს მიერ მონათხრობის ვერბალური დაზეპირების შესაძლებლობა მის ასაკში ძალიან დაბალია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს. ს-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - მ. კ-ს, კ. შ-ს, მ. რ-სა და სხვათა ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საგამოძიები ექსპერიმენტის ოქმი და საქმის სხვა მასალები.

11. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97 <http://hudoc.echr.coe.int/eng>, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93 <http://hudoc.echr.coe.int/eng>, 29/05/1997, §43).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ--ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე