N626აპ.-17 ქ. თბილისი
ბ. ა. 626აპ.-17 29 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების – ამირან გულუაშვილის, თამარ აღლემაშვილის, ზვიად გუბელაძის
ადვოკატების – ტ. კ-ის, ი. ჩ-ის, ლ. ა-ის, გ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორების - ამირან გულუაშვილისა და თამარ აღლემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ბ-ს, - ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათზე, თ-ში, პ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა. ბ-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ. ო-ს, მათ შორის ერთ–ერთი - შემავალი გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა ფილტვისა და მარცხენა წინაგულის გამჭოლი დაზიანებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ ა. ბ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო დ. ო-ი, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ა. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ა. ბ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა. აპელანტმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორებმა - ამირან გულუაშვილმა და თამარ აღლემაშვილმა. კასატორები საჩივრით ითხოვენ ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლოს არგუმენტაცია არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ლოგიკურ შეფასებას, გამოკვლეული მტკიცებულებები კი დამახინჯებულად და არასწორი ფორმით აისახა განაჩენში; კასატორების მოსაზრებით, სხვაგვარ კონტექსტშია წარმოჩენილი მოწმე ლ. ბ-ის ჩვენება, რაც შეეხება მოწმე მ. ლ-ეს, იგი სასამართლოში არ დაკითხულა და არც მისი დაკითხვის ოქმი გამოკვლეულა, თუმცა მისი ჩვენება ასახულია განაჩენში. სასამართლოში გამოიკვლიეს მხოლოდ მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც არ იძლევა მოწმის ჩვენების გამოკვლეულად მიჩნევის შესაძლებლობას; სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეების – გ. მ-ის, შ. შ-ის, ლ. ბ-ის, ნ. გ-ის, ა. ნ-ის, ჯ. მ-სა და ზ. მ-ის ჩვენებები, რომ თითქოსდა, მათ შორის არსებობდა ფაქტობრივი წინააღმდეგობები და შეუსაბამობები, მაგრამ რეალურად მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის არავითარი შეუსაბამობა არ არის. ბუნებრივია, რომ მოწმეები ერთნაირი სიზუსტით ვერ აღიქვამენ და თერთმეტი წლის შემდეგ ვერ გადმოსცემდნენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი ჩვენებები ერთმანეთთან სრულად არის თანხვდენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ა. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას, იმისდა მიუხედავად, ეს განაჩენი გამამტყუნებელია თუ გამამართლებელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
3. თავის მხრივ, ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი კრიტერიუმებით: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა შეხება მტკიცების საგანთან, მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
4. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე–40 მუხლის მე–3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82–ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.
5. ა. ბ-ის საქმეზე ბრალდების მხარეს პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი აქვს ბრალდების მოწმეების – შ. შ-ის, გ. მ-ის, ლ. ბ-ისა და დ. კ-ის ჩვენებები, რომლებიც გამოკვლეულია სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვისას. გარდა ამ მტკიცებულებებისა, საქმეში არსებობს აგრეთვე სხვა მოწმეთა არაპირდაპირი ჩვენებებიც, რომლებიც ასევე გამოკვლეულია სასამართლოში საქმის განხილვისას.
6. საკასაციო პალატის აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ჩვენებების სახით, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ნამდვილად ეხება 2004 წლის 27 ოქტომბერს თ-ში, კ. გ. (ყოფილი პ.) გამზირისა და მ-ის ქუჩის გადაკვეთაზე მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, რა დროსაც ორმხრივ კონფლიქტში დანით დაჭრეს დ. ო-ი, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, სრულიად ნათლად წარმოაჩენენ ხსენებულ კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობასა და ამ კონფლიქტის მიმდინარეობას მისი დასაწყისიდან დასასრულამდე.
7. ზემოთ დასმულ საკითხს იმის თაობაზე, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები სწორად ასახავენ თუ არა დ. ო-ის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებულ მთავარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად, მოგვიანებით ქვემოთ შევეხებით. ამჯერად კი უნდა განვიხილოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ა. ბ-ის გამამართლებელ განაჩენში ბრალდების ძირითად მოწმეთა მიმართ წარმოდგენილი უარყოფითი პოზიცია და დასკვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო საეჭვოდ და არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეების: შ. -ის, გ. მ-ის, ლ. ბ-ისა და დ. კ-ის პირდაპირ ჩვენებებს. სააპელაციო სასამართლო თავის პოზიციას ამყარებს რამდენიმე არგუმენტზე, რომელთა გამოც მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საფუძველი დ. ო-ის მკვლელობასთან დაკავშირებით ა. ბ-ის მსჯავრდებისა და მის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. სააპელაციო სასამართლოს პირველი არგუმენტი მდგომარეობს შემდეგში: დ. ო-ის მკვლელობა ჩადენილია 2004 წლის ოქტომბერში, ხოლო აღნიშნულმა მოწმეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ამ საქმეზე პირველი ჩვენებები მისცეს 11 წლის შემდეგ, 2015 წელს. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში სვამს შემდეგ კითხვებს: შ. შ-ემ, გ. მ-ემ, ლ. ბ-მა და დ. კ-ემ, როგორც დანაშაულებრივი შემთხვევის (მკვლელობის) თვითმხილველმა მოწმეებმა, რატომ მაშინვე არ მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს და არ მისცეს ჩვენებები, ან რატომ არ განუცხადეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ამ მკვლელობის გარემოებებისა და მისი ჩამდენის შესახებ; რატომ გაუჩნდათ მათ ასეთი სურვილი მრავალი წლის შემდეგ და თანაც ერთდროულად; მოწმეების – შ. შ-ისა და გ. მ-ის ჩვენებების თანხვედრაზე ხომ არ იქონია გავლენა იმ გარემოებამ, რომ გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ჩვენებების მიცემისას ისინი ერთსა და იმავე დროს იხდიდნენ სასჯელს ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში და თანაც ერთ საკანში; აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ჩვენებები ხომ არ იყო ურთიერთშორის წინასწარ შეთანხმებული და, ამდენად, იმსახურებს თუ არა ეს ჩვენებები ნდობას ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვით.
9. სააპელაციო სასამართლოს მოცემულ პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: გაუმართლებელია, მოწმის ჩვენების სანდოობისა და რელევანტურობის შემოწმებისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა მივანიჭოთ იმ გარემოებას, თუ რამდენი წელია გასული მომხდარი დანაშაულის ფაქტიდან ჩვენების მიცემამდე. მთავარია, რამდენად სრულად წარმოგვიდგენს მოწმე თავის ჩვენებაში ფაქტობრივ გარემოებებს, სრულფასოვნად გადმოსცემს თუ არა ამ გარემოებებს ჩვენების მიცემისას, როგორია მისი უნარი – სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს იმ შემთხვევის მთავარი, საქმისათვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლის შემსწრეც ის გახდა და ხომ არ არსებობს რაიმე საფუძველი მის ამგვარ უნარში გონივრული ეჭვის შესატანად და ა.შ. შეუძლებელია და არაგონივრულიც, მოვთხოვოთ მოწმეს არამცთუ 11 წლის, არამედ თუნდაც ერთი წლის შემდეგ მთელი სიზუსტით აღიდგინოს და გადმოსცეს იმ შემთხვევის ყველა დეტალი, რომლის შემსწრე ან უშუალო მონაწილეც ის იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ხანდაზმულობისათვის კანონით დადგენილი ხანგრძლივი ვადა (25 წელი), რადგან ასეთ საქმეზე მოწმეთა ჩვენებები სრულიად მიუღებელი იქნებოდა.
10. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ მაშინვე არ მიმართეს დასახელებულმა მოწმეებმა საგამოძიებო ორგანოებს და არ განაცხადეს, ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი და რატომ არ მისცეს ჩვენებები მაშინვე, ან რატომ არ განუცხადეს მოკლულის ოჯახს მის შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია, მათზე მრავალ ფაქტორს მოეხდინა ზეგავლენა, რომელთა შორის დასახელებულია ხსენებულ მოწმეთა შიში მათ მიმართ მოსალოდნელი შურისძიებისა. აქ მნიშვნელოვანია არა ის გარემოება, თუ რამდენად რეალური საფუძველი გააჩნდა მათ შიშს, არამედ მათი ასაკი – მათი უმეტესობა მომხდარი შემთხვევისას დაახლოებით 14–15 წლისანი იყვნენ და ძნელია, ამ ასაკში ადამიანს მოსთხოვო მოქალაქეობრივი გაბედულებისა და მართლშეგნების მაღალი დონე, განსაკუთრებით იმ რთულ კრიმინოგენურ ვითარებაში, რომელიც მაშინ არსებობდა თ-ში და მთელ საქართველოში. ნიშანდობლივია, რომ მათ გამოძიებას ჩვენება მისცეს უკვე მოწიფულ ასაკში, როდესაც მათთვის უკვე მოხსნილი იყო შემაკავებელი ნეგატიური ფაქტორები. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოკლული დ. ო-ის ოჯახის წევრებისათვის იმავე დღეს გახდა ცნობილი სავარაუდო დამნაშავის შესახებ სხვადასხვა წყაროდან, რაც ნათლად იკვეთება საქმის მასალებიდან, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნულმა მოწმეებმა, თუკი ისინი მკვლელობის შემსწრენი იყვნენ, რატომ არაფერი არ განუცხადეს დ. ო-ის ახლობლებს, საფუძველს მოკლებულია.
11. არ არსებობს ასევე საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა მიმართ გამოთქმული იმ ეჭვის გასაზიარებლად რომლის მიხედვით, შ. შ-ეს, გ. მ-ესა და ლ. ბ-ს რატომღაც მრავალი წლის შემდეგ ერთდროულად გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან და მიეცათ ა. ბ-ის მამხილებელი ჩვენებები. საქმე ისაა, რომ დასახელებული მოწმეებიდან მხოლოდ შ. შ-ემ მიმართა გამოძიებას დ. ო-ის მკვლელობის საქმეზე ჩვენების მისაცემად, ხოლო სხვა მნიშვნელოვან მოწმეებს არ მიუმართავთ საგამოძიებო ორგანოებისათვის და არც გამოუხატავთ პირადი სურვილი და ინტერესი მათთან თანამშრომლობისათვის. ეს მოწმეები თვითონ ამ ორგანოებმა დაადგინეს შ. შ-ის ჩვენების წყალობით და სწორედ ამის შემდეგ მისცეს მათ ჩვენებები გამოძიებას. ამასთან, როდესაც სააპელაციო სასამართლო აღნიშნული მოწმეების ჩვენებების არასანდოობაზე უთითებს, ასევე იმ მოტივით, რომ შესაძლოა, ეს ჩვენებები წინასწარ ურთიერთშეთანხმებული იყო, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმეები - შ. შ-ე და გ. მ-ე ერთად იხდიდნენ სასჯელს იმ პერიოდში, ეწინააღმდეგება თავისივე დასკვნას, რომლის მიხედვით, ამ ჩვენებებს შორის მნიშვნელოვანი და არსებითი წინააღმდეგობები არსებობს, რის გამოც მათი გაზიარება შეუძლებელი ყოფილა. ისმება სრულიად ლოგიკური კითხვა: თუკი აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთშეთანხმებული იყო, მაშინ რატომ არსებობს წინააღმდეგობები ამ ჩვენებებს შორის და რატომ არ იზრუნა მათმა შემთანხმებელმა ამ წინააღმდეგობათა აღმოსაფხვრელად? გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობებში ამ კითხვაზე რაიმე დამაჯერებელი პასუხი არ იკითხება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, მართლაც არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი და არსებითი წინააღმდეგობები ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის, რის თაობაზეც ქვემოთ იქნება აღნიშნული.
12. შემდეგი ძირითადი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიუღებლად და არასარწმუნოდ მიიჩნია როგორც ზემოთ დასახელებული მოწმეების პირდაპირი ჩვენებები, ასევე - სხვა მოწმეთა ირიბი ჩვენებებიც, რომლებიც ფაქტობრივად ავსებენ პირდაპირ ჩვენებებს და მიუთითებენ მათ რეალურობაზე, მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს დასკვნით ამ მტკიცებულებებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი და არსებითი წინააღმდეგობები, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი არამარტო მათი სარწმუნოობის მიმართ, არამედ იმის თაობაზეც კი, რომ აღნიშნული მოწმეები საერთოდ მართლაც იმყოფებოდნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე 2004 წლის 27 ოქტომბრის საღამოს, როდესაც დ. ო-ი დანით სასიკვდილოდ დაჭრეს.
13. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, რამდენად საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემული დასკვნები მოწმეთა ჩვენებებს შორის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების არსებობის თაობაზე, უნდა დაზუსტდეს და წარმოდგენილ იქნეს – რა გარემოებებთან მიმართებით არსებობს მათ შორის თანხვედრა, ასევე, რა გარემოებებთან დაკავშირებით იჩენს თავს გარკვეული წინააღმდეგობები მათ შორის და შეეხება თუ არა ეს წინააღმდეგობები მტკიცების ძირითად საგანს. საამისოდ აუცილებელია გავეცნოთ შესაბამის ამონარიდებს მოწმეების – შ. შ-ის, გ. მ-ის, ლ. ბ-ისა და დ. კ-ის ჩვენებებიდან.
14. მოწმე შ. შ-ემ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა: იცნობდა როგორც ა. ბ-ს, ასევე დ. ო-ს. 2004 წლის 27 ოქტომბერს გ. მ-ესთან ერთად იმყოფებოდა პ. (იმავე კ. გ.) გამზირზე, სლოტკლუბ „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილის მოპირდაპირე მხარეს, სადაც შემდეგ ინციდენტი მოხდა. იქნებოდა საღამოს საათები, როდესაც 30–35 მეტრში შენიშნა დ. ო-ი და ა. ბ.. იყო რაღაც ჩოჩქოლი, კონკრეტულად მითითებულ სლოტკლუბთან. ამ დროს მან დაინახა და კარგად ახსოვს, თუ როგორ მოუქნია ა. ბ-მ საგნიანი ხელი დ. ო-ს და დაარტყა წელს ზევით, რის გამოც დ. ო-ი წაბარბაცდა. შემდეგ დაინახა, რომ ა. ბ-ს იმავე ხელში ეჭირა დანა, რომელიც ისევ დაარტყა დ. ო-ს უკვე დაბლა, წელს ქვევით. როდესაც ა. ბ-მ წაბარბაცებული დ. ო-ისკენ გაიწია, კარგად ახსოვს, რომ მას ხელში ეკავა დანა. ამ დროს მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 30–35 მეტრი. ბნელოდა, მაგრამ ხილვადობა იყო საკმაოდ კარგი, რადგან გარე განათება იყო ჩართული. დ. ო-ი ცდილობდა ხელიდან დასხლტომას. აღნიშნულის დანახვაზე მან ქუჩა გადაკვეთა სირბილით, მაგრამ შემთხვევის ადგილისკენ არ წასულა და მარჯვნივ წავიდა. როდესაც ქუჩა გადაკვეთა, ა. ბ. იქ აღარ დაუნახავს, რადგან მომხდარი შემთხვევის შემდეგ ის გაიქცა, მაგრამ რომელი მიმართულებით, არ ახსოვს.
15. მოწმე გ. მ-ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა: იცნობს როგორც ა. ბ-ს, ასევე დ. ო-ს. 2004 წლის 27 ოქტომბერს შ. შ-ესთან ერთად იმყოფებოდა პ. გამზირზე, მ-ის ქუჩის კვეთაზე, სადარბაზოსთან, რა დროსაც სლოტკლუბ „გ-ის“ წინ დაინახეს ა. ბ. და დ. ო-ი, რომლებიც მათგან დაშორებული იქნებოდნენ დაახლოებით 30–40 მეტრით. თავიდან ისინი საუბრობდნენ, რაც შემდეგ გადაიზარდა ჩხუბში. ამ დროს ა. ბ-მ დ. ო-ს ტანის ზედა ნაწილში დაარტყა დანა, რის შემდეგაც დ. ო-ი ჩაიკეცა და ფორთხვით წავიდა ტროტუარისკენ. ა. ბ. კვლავ მივარდა მას და მეორედ დაარტყა დანა ფეხში. ამ დროს მან და შ. შ-ემ გადაკვეთეს გზა, შ-სთვის ყურადღება აღარ მიუქცევია და არ იცის, თუ სად წავიდა. იგი გაიქცა „ა-ს“ (ა. ბ.) დასაჭერად, მაგრამ შენიშნა, რომ ჯ. მ-ი გარბოდა მისი მიმართულებით, ამიტომ იგი მივიდა დ. ო-თან. შემთხვევის დღეს „ა-ს“ ეცვა ქურთუკი და ეხურა შავი „კეპი“. ა. ბ-მ დ. ო-ს პირველად დანა მოუქნია ტანის ზედა ნაწილში, ხოლო მეორედ - ფეხში, რაც მოხდა წამებში.
16. მოწმე ლ. ბ-მა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა: იცნობს როგორც ა. ბ-ს, ასევე დ. ო-ს. 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს გამოვიდა სახლიდან და უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგონას ხილიანის ქუჩაზე. გამოიარა იოსებიძის ქუჩაზე, სადაც ვერავინ ნახა, შემდეგ ეზოთი გადავიდა პ. ქუჩისკენ, რადგან ტ-ის მიმართულებით მიდიოდა და ხ-ზე უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგონას. გადაკვეთა პ. ქუჩა და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში იდგა „ჯ-ის“ ოფისის წინ და იყურებოდა სლოტკლუბ „გ-ის“ მხარეს. დაახლოებით 20–25 მეტრში შენიშნა დ. ო-ი და ა. ბ., რომლებიც ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ, თუმცა საუბრის თემა არ გაუგონია. ამ დროს მათ გარდა მან დაინახა კიდევ ერთი უბნელი ბიჭი – გ-ი. შემდეგ ა. ბ-მ და დ. ო-მა ერთმანეთში დაიწყეს ძიძგილაობა. ამ დროს დ. ო-ი ჩაიკეცა. ის ჩაკეცილი იყო, რა დროსაც ა. ბ-მ მას დანა დაარტყა. ა. ბ-ს დანა ეჭირა მარჯვენა ხელში. ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო, დაიბნა, ალბათ, მისი ასაკიდან გამომდინარე, და სასტუმრო „ა-კენ“ შეტრიალდა, დაახლოებით 20 წამში ისევ უკან მოიხედა და დაინახა ო-ი, რომელიც იყო ჩაკეცილი და გადადიოდა გზაზე. უცებ იქ ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა, გავერიდე იქაურობას, ალბათ, დავიბენი კიდეც. დეტალები ზუსტად არ მახსოვს, რადგან გასულია დიდი დრო. იქ იმდენი ხალხი იყო, რომ შესაძლებელია ჩემი ნაცნობებიც ყოფილიყვნენ. დ. ო.სა და ა. ბ-ს შორის ძიძგილაობა, ჩხუბში არ გადაზრდილა. როდესაც ძიძგილაობდნენ, ა. ბ-ს ხელში დანა ეჭირა, მე დავინახე დანის პირი და ერთი მოქნევა, მეორე დარტყმა არ დამინახავს.
17. სასამართლოში გამოკვლეულ იქნა მოწმე დ. კ-ის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა 2015 წლის 18 მარტს. თავის ჩვენებაში იგი განმარტავს: იცნობდა დ. ო-ს. მომხდარი შემთხვევის დროს ის იმყოფებოდა პოკერკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს პოკერკლუბში მყოფ დ. ო-თან მივიდა „ა.“, მათივე უბნელი ახალგაზრდა ბიჭი. მან დ. ო-ი გამოიყვანა გარეთ და მოსთხოვა თავანის ჩაბარება, რაზედაც დ. ო-მა დრო ითხოვა. ისინი მარტო საუბრობდნენ და იდგნენ პოკერკლუბის წინ, ტროტუარზე, თავად კი იდგა მათგან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით. უცებ მათ შორის დაიძაბა საუბარი, რა დროსაც „ა-მ“ სახეში დაარტყა დ. ო-ს და ერთმანეთს დაუწყეს ცემა. ჩხუბი გაგრძელდა რამდენიმე წამს, დასრულების შემდეგ კი იმ ადგილზე შენიშნა სისხლის ლაქები. დ. ო-ი კოჭლობით გაიქცა გზაზე, გ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. როდესაც იგი გადადიოდა, მას ტროტუარიდან აგინებდა „ა.“. ასევე დ. ო-იც აგინებდა მას. „ა.“ მალევე გაიქცა პ. ქუჩაზე, მან თავზე „კეპი“ ჩამოიფარა და გარბოდა. (საკასაციო პალატა ამ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, „ა.“ ა. ბ-ის ზედმეტი სახელია).
18. როგორც ვხედავთ, მითითებული მოწმეების პირდაპირი ჩვენებებიდან ამოღებული ამონარიდებით ირკვევა, რომ: ამ მოწმეებიდან ყველა მათგანი იცნობდა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს – დ. ო-სა და ა. ბ-ს, ყოველმა მათგანმა დაინახა ის, რაც მათ შორის მოხდა, კერძოდ, ა. ბ-ის მიერ დ. ო-ისათვის დანის დარტყმის ფაქტი, აგრეთვე ის, რომ ამ ორის გარდა კონფლიქტის მომენტში მათ ახლოს სხვა, მესამე პირი არ ყოფილა, რომელსაც შეიძლება დაეჭრა დ. ო-ი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული მოწმეების აქ მოტანილ პირდაპირ ჩვენებებს შორისაც კი არსებობს მცირეოდენი განსხვავებანი ცალკეულ დეტალებში, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან თუ დავაკვირდებით, ეს მოწმეები მომხდარ შემთხვევას უყურებდნენ სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა მანძილიდან და სხვადასხვა რაკურსით, რაც ადასტურებს ამ ჩვენებების ნამდვილობასა და ობიექტურობას, ამასთან, აშკარად და უდავოდ გამორიცხავს მათ წინასწარ შეთანხმებულ ხასიათს. პირიქით, ეს ჩვენებები საეჭვო შეიძლება სწორედ იმ შემთხვევაში გამხდარიყო, თუკი ისინი იდენტური შინაარსის მქონენი აღმოჩნდებოდნენ. გარდა ამისა, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული ჩვენებების ობიექტურობას არაპირდაპირ შემდეგიც ადასტურებს – საქმის მასალებიდან არ იკვეთება ისეთი გარემოება, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მოწმეებს, რომლებმაც ეს ჩვენებები მისცეს ჯერ გამოძიებას, შემდეგ კი - სასამართლოს, გააჩნდათ რაიმე სერიოზული მიზეზი ა. ბ-ის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში არაპირდაპირ მიანიშნებს და იზიარებს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ეჭვებს ორი მოწმის – შ. შ-ისა და გ. მ-ის ბრალდების მხარესთან შესაძლო გარიგებაზე – მათი ჩვენებების სანაცვლოდ გარკვეული შეღავათების მიღების მიზნით, მაგრამ არაფრით არ დასტურდება მათთვის მსგავსი შეღავათების გაწევა. მითუმეტეს, ყოვლად შეუძლებელია, ეჭვი გამოვთქვათ ისეთი მოწმის შესაძლო მიკერძოებულობაზე, როგორიცაა დ. კ-ე, რომელიც დ. ო-სა და ა. ბ-ს მხოლოდ შორიდან იცნობდა, ამასთან, მან იმ დროისათვის მათი სახელები და გვარებიც კი არ იცოდა და მათ მხოლოდ ზედმეტი სახელებით იცნობდა, კერძოდ, ა. ბ-ს – როგორც „ა-ს“, ხოლო დ. ო-ს – როგორც „უ-ს“. ამიტომაც იყო, რომ, როდესაც მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მას, როგორც თვითმხილველს, ჰკითხეს, რა მოხდაო, მან უპასუხა – „ა-მ“ დაჭრა „უ.“. მომხდარი შემთხვევის დროს დ. კ-ე იქ აღმოჩნდა იმის გამო, რომ იმ უბანში სლოტკლუბ „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყალების სათხოვნელად დადიოდა ხოლმე.
19. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, არავითარი საფუძველი არ არსებობს საეჭვოდ იქნეს მიჩნეული ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეების – შ. შ-ის, გ. მ-ის, ლ. ბ-ისა და დ. კ-ის პირდაპირი ჩვენებების სისწორე და სარწმუნოობა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ამ მიმართულებით გარკვეულ ეჭვებსა და ვარაუდებს გამოთქვამს. გასაჩივრებულ განაჩენში ყურადღება გამახვილებულია ზოგიერთ შეუსაბამობაზე, როგორც განხილულ ჩვენებებს შორის, აგრეთვე ამ ჩვენებებსა და სხვა მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემულ არაპირდაპირ ჩვენებებს შორის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს შეუსაბამობანი არ ეხება მტკიცების მთავარ საგანს, რომელშიც მოიაზრება: თვითონ მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებანი და დამდგარი შედეგი, ინციდენტის მონაწილეთა ქმედების ობიექტური (მიზეზობრივი) და სუბიექტური (განზრახვა, მოტივი) კავშირი ამ შედეგთან. იმისათვის, რომ წარმოჩინდეს, მართლაც არსებითი და მნიშვენლოვანია თუ არა აღნიშნული წინააღმდეგობები და, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანია თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმული ეჭვები და ვარაუდები ბრალდების მოწმეთა შესაძლო არასანდოობის თაობაზე, აქვე მოვიტანთ სხვა ამონარიდებსაც, როგორც ზემოთ უკვე მითითებული ჩვენებებიდან, ისე - სხვა მოწმეების არაპირდაპირი ჩვენებებიდან, რომლებითაც აპელირებს ა. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დამდგენი სასამართლო. ეს ამონარიდები ეხება მომხდარ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე და ამ შემთხვევის შემდეგ, უფრო ზუსტად კი ჯერ კიდევ მის დასრულებამდე, საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირთა მონაწილეობით განვითარებულ მოვლენებს.
20. ამონარიდი მოწმე შ. შ-ის ჩვენებიდან: 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, გ. მ-ესთან ერთად იმყოფებოდა პ. ქუჩაზე (ამჟამად კ. გ. გამზირი), სლოტკლუბ „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სანამ ის ცნობილი ინციდენტი მოხდებოდა, მან შეიხედა სახაჭაპურეში, სადაც შენიშნა ჯ. მ-ი, ა. ა-ი და გ. ბ-ი, შეიძლება სხვებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ არ ახსოვს. ინციდენტის დროს დაინახა, თუ როგორ გადარბოდა ქუჩაზე ჯ. მ-ი დ. ო-ის მისაშველებლად. თავად კი, მართალია, ქუჩა გადაკვეთა, მაგრამ შემთხვევის ადგილისაკენ არ წასულა, გეზი აიღო მარჯვნივ, მაღაზია „დ-კენ“, რატომ მოიქცა ასე, ვერ ხსნის. შემდეგ კი სახლში წავიდა. პ. ქუჩის გადაკვეთის შემდეგ ინციდენტის ადგილზე მას ა. ბ. აღარ დაუნახავს, ხოლო დ. ო-ის გარდაცვალების თაობაზე მისთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი.
21. ამონარიდი მოწმე გ. მ-ის ჩვენებიდან: 2004 წლის 27 ოქტომბერს შ. შ-ესთან ერთად იმყოფებოდა პ. გამზირზე, ამ ქუჩისა და მ-ის ქუჩის გადაკვეთაზე, სადარბაზოსთან, რა დროსაც დაინახეს სლოტკლუბ „გ-ის“ წინ მომხდარი შემთხვევა. იმ დროს, როდესაც ა. ბ-მ მეორედ დაარტყა ფეხში დანა დ. ო-ს, მან და შ. შ-ემ გადაკვეთეს გზა. შ-სთვის ყურადღება აღარ მიუქცევია და არ იცის, თუ სად წავიდა, თავად კი დაიწყო ა. ბ-ის ძებნა, რომელიც ვერ იპოვა და წავიდა სახლში. მის მიერ აღწერილი მოვლენებისას სახაჭაპურესთან, ბირჟაზე, მან შეამჩნია ნაცნობები – ა. ა-ი, გ. ა., გ. ბ-ი და ჯ. მ-ი. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის, შ. შ-ე და ჯ. მ-ი ფაქტობრივად ერთდროულად კვეთდნენ გზას, მათ შორის დაშორება იქნებოდა დაახლოებით ათი მეტრი. ჯ. მ-ი დ. ო-ის დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა მათი შეხვედრა მას აღარ დაუნახავს. როგორც ახსოვს, მომხდარი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მან ნახა ნ. გ-ი, რომელიც მას მოუყვა ჩხუბის დეტალებს, უთხრა, რომ როდესაც აფთიაქიდან გამოვიდა, გაიგონა დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის კამათის ხმა და ჩხუბის დროს იქვე იყო. თუმცა დამატებით კითხვაზე პასუხის გაცემისას მოწმე გ. მ-ემ განმარტა, რომ მან მ. ქ-ისგან გაიგო, რომ ნ. გ-მა დაინახა დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის ჩხუბის დეტალები. იმ დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ბ-ი არ შეუნიშნავს.
22. ამონარიდი მოწმე ლ. ბ-ის ჩვენებიდან: 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, გამოვიდა სახლიდან და უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგონას ხ-ის ქუჩაზე. გამოიარა ი-ის ქუჩაზე, სადაც ვერავინ ნახა. შემდეგ ეზოთი გადავიდა პ. ქუჩაზე, გადაკვეთა ქუჩა და ელოდებოდა სამარშრუტო ტაქსის. იგი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში იდგა „ჯ-ის“ ოფისის წინ და იყურებოდა სლოტკლუბ „გ-ის“ მხარეს, სადაც დაინახა ის ცნობილი შემთხვევა, რომელიც აღწერილი აქვს თავის ჩვენებაში. რაც მოხდა, ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო, დაიბნა და სასტუმრო „ა-კენ“ შეტრიალდა. დაახლოებით 10–15 წამში ისევ მოიხედა და დაინახა დ. ო-ი, რომელიც ქუჩას კვეთდა. უცებ ბევრი ხალხი შეგროვდა და ზუსტად ყველაფერი აღარ ახსოვს. დაინახა ის მომენტი, როგორ სვამდნენ დ. ო-ს ავტომანქანაში. ა. ბ. იქ აღარ დაუნახავს. ნ. გ-ი თავიდან შენიშნა, თუმცა შემთხვევის დროს იქ აღარ დაუნახავს. მან დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში ტაქსით დატოვა ის ადგილი. შ. შ-ესა და გ. მ-ეს იცნობს, მაგრამ იმ ადგილზე არ შეუმჩნევია.
23. ამონარიდი მოწმე დ. კ-ის მიერ 2015 წლის 18 მარტს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან: განმარტავს, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის იმყოფებოდა პოკერკლუბ „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რაც მან დაინახა იყო ის, რომ დ. ო-ი კოჭლობით გაიქცა გზაზე, კ. გ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. როდესაც იგი ქუჩაზე გადადიოდა, მას აგინებდა „ა.“, ასევე დ. ო-იც აგინებდა მას. „ა.“ მალევე გაიქცა პ. ქუჩაზე, მან თავზე „კეპი“ ჩამოიფარა და გარბოდა. დ. ო-ი ორმა ბიჭმა ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანეს. როდესაც თვითონაც გადავიდა ქუჩაზე, „ა.“ და დ. ო-ი იქიდან უკვე წასულები იყვნენ. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ პოკერკლუბის დაცვის თანამშრომლები, ასევე - იქვე არსებული მაღაზიის თანამშრომლები.
24. ჩვენების ადგილზე შემოწმების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში შეტანილი მოწმე მ. ლ-ის მიერ მიცემული განმარტების მიხედვით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19.00 საათზე, ის იმყოფებოდა მაღაზია „კ-ს“ საწყობში, რა დროსაც მას შემოესმა ჩხუბის ხმა ქუჩიდან. გავიდა და დაინახა, რომ საშუალო სიმაღლის, მისთვის უცნობი, დაახლოებით 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი იდგა ტროტუარზე, კიდესთან, მისკენ ზურგით, ეხურა მუქი ფერის „კეპი“ და აგინებდა კ. გ. გამზირზე გადამსვლელ, მისთვის უცნობ სამ ახალგაზრდა ბიჭს. გინება და მუქარა გაგრძელდა დაახლოებით 2–3 წუთს, რის შემდეგაც „კეპიანი“ ბიჭი მობრუნდა და გაიქცა მ-ის ქუჩის მიმართულებით, ის სამი ბიჭი კი გადავიდა გამზირზე, სადაც გააჩერეს მანქანა და წავიდნენ ვ-ას გამზირის მიმართულებით.
25. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ. ქ-ს ჩვენებები, საიდანაც ირკვევა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19.00–19.30 საათზე, იგი გამოვიდა მაღაზიიდან და მიემართებოდა გასტრონომში, რომელიც მდებარეობდა გ. გამზირზე. მაღაზიიდან გამოსვლის დროს კარის წინ შენიშნა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ლაპარაკობდა მობილურ ტელეფონზე. როგორც შემდეგ შეიტყო, ეს ბიჭი იყო დ. ო-ი. ჩვენებაში მოწმე ნ. ქ-ემ განაცხადა, რომ დ. ო-ს მიუახლოვდა მისთვის უცნობი, დაახლოებით 20 წლამდე ასაკის, სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ქურთუკი და თავზე ეხურა შავი ფერის ქუდი - „კეპი“. მან დ. ო-ს კატეგორიული ტონით მოსთხოვა მობილურ ტელეფონზე დარეკვა, რაზედაც ო-მა ასევე კატეგორიული ტონით მიუგო, რომ არ დაარეკვინებდა. ახალგაზრდა ბიჭმა დ. ო-ს დაუწყო ლანძღვა – „რას ქვია, არ დამარეკვინებ, სადარბაზოში გაგიყვანო“ და დაემუქრა გინებით, რასაც დ. ო-მა უპასუხა, „წამოდი, გავიდეთო“. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ მან ჩაუარა მოკამათეებს და გადავიდა მაღაზიაში, საიდანაც დაბრუნდა დაახლოებით ხუთ წუთში, რა დროსაც შეიტყო, რომ დ. ო-ი დაჭრილი იყო მუცელში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ „კეპიან“ ახალგაზრდას დ. ო-თან ლაპარაკისას შეატყო, რომ ჰქონდა ჩვეულებრივი თბილისური აქცენტი.
26. მოწმის სახით დაკითხული ზ. მ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ა. ბ-ს არ იცნობს. 2004 წლის მდგომარეობით მ-ის ქუჩისა და პ. ქუჩის კუთხეში მამამისს ჰქონდა სასურსათო მაღაზია, რომლის გვერდითაც იყო სლოტკლუბი. 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, მანქანა გააჩერა მაღაზიასთან, დაახლოებით 10–15 მეტრში. ამ დროს შემოესმა გინების ხმა. გაიხედა იმ მიმართულებით და დაინახა, რომ ერთი ადამიანი დაიძრა პ. მიმართულებით, მეორე კი - მ-ის მიმართულებით. ერთმა ჩქარი ნაბიჯით გაირბინა. ეს ადამიანები ერთად მყოფი არ დაუნახავს, არც სახეზე დაუნახავს ისინი. ახსოვს, რომ მ-ის ქუჩისკენ მიმავალი პირი აგინებდა პ-კენ გადამსვლელს. მას ხელში ტელეფონის ეკრანი უნათებდა, რომელიც უნდა ყოფილიყო „სამსუნგი ტ100“ მოდელის. ის პირი, რომელიც გზას კვეთდა, არ ახსოვს, საით წავიდა, ყურადღება არ მიუქცევია, არც ის ახსოვს, კოჭლობდა თუ არა. ის შეიძლება ყოფილიყო მისი მაღაზიიდან დაშორებული 40 მეტრით. მეორე პირმა, რომელიც მ-ის ქუჩისკენ მიდიოდა, მისგან ჩაიარა დაახლოებით 5–7 მეტრში. მაღაზიაში მალევე შევიდა და მ-ის ქუჩისკენ მიმავალს რომ ვინმე გამოდევნებოდეს, არ დაუნახავს. შემდეგში, როდესაც პოლიცია მოვიდა, შეიტყო, რომ მის მაღაზიასთან ინციდენტი მომხდარა.
27. ამონარიდი მოწმე ნ. გ-ის ჩვენებიდან: იმ პერიოდში, როდესაც შემთხვევა მოხდა, ცხოვრობდა თ-ში, გ-ის (ყოფილი კ-ის) ქუჩაზე. დ. ო-ს არ იცნობდა. იცნობდა ა. ბ-ს, რომელიც იყო ძალიან ემოციური. მისთვის ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუნიშნავს, მაგრამ ის ხშირად უნახავს დანით. ა. ბ-ს ზედმეტ სახელად „ა-ს“ ეძახდნენ. იმ საღამოს დედამ გაგზავნა აფთიაქში, რა დროსაც მას შეხვდა ა. ბ. და ისიც თან გაჰყვა. მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც სლოტკლუბია. ამ დროს ა. ბ-მ საუბარი დაიწყო ვიღაც მისთვის უცნობ პირთან, საუბარი იყო დაძაბული. მან დატოვა ისინი და შევიდა აფთიაქში. აფთიაქი მდებარეობდა გზის მეორე მხარეს, დაახლოებით 30 მეტრში. ვინაიდან აფთიაქში რიგი იყო, ამიტომ იქ დაყოვნდა 10–15 წუთს. აღნიშნული მოწმე ასევე განმარტავს: ამის შემდეგ გამოვედი აფთიაქიდან, გადმოვდიოდი გზაზე და შევამჩნიე, რომ სლოტკლუბთან ხალხი იყო შეკრებილი. ვინ იყო, არ მახსოვს, წავედი სახლისკენ. ამ დროს ერთი ბიჭი - დ. კ-ე, რომელიც მოწყალებას ითხოვს და ეზოში ცხოვრობს, მოვიდა ჩემთან. ეგ იყო ნაცნობი, რომელიც აღვიდგინე და მითხრა, რომ „ა-მ“ დაჭრა „უ-ო“, ეს „უ.“ ვინ იყო, მე არ ვიცოდი. ჩვეულებრივად წავედი სახლისკენ. სადარბაზოსთან შემხვდა ბრალდებულის და, მან მკითხა, სად იმყოფებოდა ბ.. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი და წავედი სახლში. მისი და შემეკითხა ასევე – ვინ დაჭრა „ა-მო“, მე მივუგე, რომ არ ვიცოდი, რადგან ამ პირს, სახელად „უ-ს“, არ ვიცნობდი. შემდეგ ა. ბ. არ მინახავს და არც დავინტერესებულვარ. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი იყო ჩვენი მეზობელი, უბნელი, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობდა. გავიგე მისი გვარი და სახელი – დ. ო-ი. როდესაც შემხვდა ა. ბ., მას ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი. მე შემიმჩნევია, რომ როდესაც ჩვენთან ერთად იდგა, მას დანა ჰქონდა ხოლმე ხელში. იმ დღეს მე მის ხელში დანა არ შემიმჩნევია. როგორც მახსოვს, როდესაც მიდიოდა, მას ხელში ეკავა ტელეფონი და საუბრობდა, ხოლო თავზე ეფარა „კეპი“. ვინმე ნაცნობი, გარდა დ. კ-ისა, ახლო–მახლო არავინ შემინიშნავს. სლოტკლუბთან მყოფთაგან ვერავინ ამოვიცანი.
28. ამონარიდი მოწმე ა. ნ-ის ჩვენებიდან: დ. ო-ს ახლოს იცნობდა, როგორც ბავშვობის მეგობარს, ხოლო იმ პირს, ვისთანაც მას კონფლიქტი მოუხდა, საერთოდ არ იცნობდა. 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, იმყოფებოდა პ. ქუჩაზე – სახაჭაპურესთან ჯ. მ-თან ერთად, ისინი საუბრობდნენ. ამ დროს მათთან მივიდა დ. ო-ი და სთხოვა მათ მობილურ ტელეფონზე დარეკვა. ვინაიდან მათ მობილური ტელეფონის ანგარიშზე თანხა არ ჰქონდათ, დ. ო-ი გადავიდა ქუჩის მეორე მხარეზე, იქ, სადაც მდებარეობს სლოტკლუბი „გ-ი“. გარკვეული დროის შემდეგ დაინახა, რომ დ. ო-ი ვიღაცას ელაპარაკებოდა. მას ამ გარემოებისათვის არ მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება და განაგრძობდა ჯ. მ–თან საუბარს. ერთ–ერთი გახედვისას დაინახა, რომ დ. ო-ი და ის მეორე პირი, რომელსაც არ იცნობდა, თითქოს ჭიდაობდნენ. მაგრამ მას არ ჩაუთვლია, რომ საქმე სერიოზულად იყო, თუმცა მეორე გახედვისას დაინახა, რომ დ. ო-ი წაიქცა, მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, რის გამოც ის შეეცადა გზაზე გადასვლას. როდესაც მიაღწია გზის შუა ნაწილს, იქ შემოხვდა დ. ო-ი, რომელმაც უთხრა, რომ იყო დაჭრილი და ჭრილობაზე ხელი ჰქონდა მიფარებული. მან უთხრა, რომ მისულიყო ჯ. მ-თან, რომელიც მას დაეხმარებოდა, ხოლო თვითონ მოძებნიდა იმ პირს, ვინც ის დაჭრა. გადავიდა გზის მეორე მხარეს სლოტკლუბთან, მაგრამ იქ საეჭვო ვერავინ აღმოაჩინა, რის გამოც ისევ უკან დაბრუნდა, მაგრამ იქ უკვე ჯ. მ-ი და დ. ო-ი აღარ იყვნენ, მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი წაიყვანეს ვ-ას გამზირზე მდებარე რ-რ საავადმყოფოში, რის გამოც თვითონაც იქ წავიდა. როდესაც ის დ. ო-ისკენ გაემართა, ჯ. მ-ი სადღაც მის უკან უნდა ყოფილიყო. ამ დროს შემთხვევის ადგილზე სხვა ვინმე შენიშნა თუ არა, ვერ ამბობს, რადგან ძალიან დიდი დროა გასული. საერთოდ არ ახსოვს, გარშემო იყო თუ არა ვინმე, მასთან და ჯ. მ-თან ერთად კი არავინ ყოფილა. შ. შ-ეს, გ. მ-ეს, ნ. გ-სა და დ. კ-ეს არ იცნობს, ისინი ვინ არიან, არ იცის. ლ. -ს იცნობს და იმ შემთხვევის შემდეგაც შეხვედრია მას.
29. ამონარიდი მოწმე ჯ. მ-ს ჩვენებიდან: დ. ო-ს კარგად იცნობდა, ის ბავშვობის მეგობარი იყო. 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, იმყოფებოდა პ. გამზირზე, მ-ის ქუჩის შესახვევთან, მეგობარ ა. ნ-თან ერთად. ამ დროს მათთან მივიდა დ. ო-ი, რომელმაც მათ სთხოვა მობილურ ტელეფონზე დარეკვა, მაგრამ ანგარიშზე თანხა არ ჰქონდათ. დ. ო-მა უთხრა, რომ პ. ქუჩის მეორე მხარეზე გადავიდოდა, ვინმეს ტელეფონით დარეკავდა და შემდეგ ისევ მათთან გადმოვიდოდა. ამასთან, დ. ო-მა სთხოვა, რომ სადღაც აპირებდა წასვლას და ისიც წაჰყოლოდა. დ. ო-ის წასვლის შემდეგ მან გააგრძელა საუბარი ა. ნ-თან, რომელმაც რამდენიმე წუთის შემდეგ დაიძახა – დ. ჩხუბობსო, გაიხედა პ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეზე და შეამჩნია, რომ დ. ო-ს ესაჭიროებოდა დახმარება და მისკენ გაიქცა. ა. ნ-ი მასზე წინ გარბოდა, რომელმაც გზის შუა ნაწილზე მისულ დ. ო-ს უთხრა – ჯ-სთან მიდიო და იქით გაიქცა, სადაც დ. ო-ს კონფლიქტი მოუხდა. ის მივიდა დ. ო-თან, რომელმაც უთხრა, რომ იყო დაჭრილი. მან დ. ო-ი გზაზე გადაიყვანა, გააჩერა ავტომანქანა და წავიდნენ რ-რ საავადმყოფოში. იმ მომენტში, როდესაც ყოველივე ეს ხდებოდა, სხვა პირებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. როდესაც თვითონ დ. ო-ისკენ გაიქცა დასახმარებლად, სხვა პირები არ დაუნახავს. ის დ. ო-ის მეგობრებს – შ. შ-ესა და გ. მ-ეს იცნობდა, ნ. გ-ს კი ვერ იხსენებს, ხოლო დ. კ-ე არ ახსოვს, ვინ არის. შ. შ-ე, გ. მ-ე და ლ. ბ-ი იქ მას არ დაუნახავს. ის გაიქცა დ. ო-ის დასახმარებლად, სხვა პირები არ დაუნახავს. ა. ნ-ისა და მის გარდა სხვა პირებმა გადაკვეთეს თუ არა ქუჩა სირბილით, არ იცის. მის უკან ვინ იყო, არც ეს იცის. შეიძლება იმ დროს ქუჩაზე ვინმე გადარბოდა ან გადმორბოდა კიდეც. ის მანქანების ნაკადში ცდილობდა გზაზე გადასვლას. ა. ნ-ი მის წინ გარბოდა და მას ხედავდა. სხვებზე ყურადღება არ გაუმახვილებია. გზის გადაკვეთის დროს მის მარცხნივ ან მარჯვნივ ვინმე ნაცნობი დაინახა თუ არა, არ ახსოვს, არ იცის.
30. ეს საკმაოდ ვრცელი ამონარიდები მოწმეთა დასახელებული ჩვენებებიდან მოტანილ იქნა იმისათვის, რომ უფრო ნათელი გამხდარიყო აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებული ზოგიერთი სადავო მომენტი, რომელთაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ბ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. ეს სადავო მომენტები ობიექტურად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს, რათა გაირკვეს, კანონიერი და დასაბუთებულია თუ არა ხსენებული განაჩენი.
31. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გასაჩივრებულ განაჩენში თავისი პოზიციის დასაბუთებისას, რა დროსაც ის არა მარტო არ იზიარებს ბრალდების მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს, რომლებიც ა. ბ-ს მკვლელობაში ამხელენ, არამედ საერთოდ უარყოფს მათ შესაძლო ყოფნასაც კი შემთხვევის ადგილზე, თავიდანვე აღნიშნავს: „ბუნებრივია, პალატა იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმ ნაწილში, რომ ყველა მოწმის ჩვენება აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება, მითუმეტეს ამდენი წლის შემდეგ, თუმცა მტკიცებულებები, რომელსაც უნდა დაეყრდნოს განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე გარემობას მოწმეები განსხვავებულად აღწერენ, განსხვავებულად წარმოაჩენენ შემთხვევის შემდეგ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, განსხვავებულად გადმოსცემენ ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა ვინაობების შესახებ და სხვა, მათი ჩვენებები იმთავითვე სარწმუნო და გასაზიარებელი ვერ იქნება“. აღნიშნულთან დაკავშირებით ისმება ლეგიტიმური კითხვა: მართებულია თუ არა მომხდარი დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების შეფასება იმის მიხედვით, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი იმის შემდეგ, რაც თავიანთი თვალით იხილეს, ანდა რას ყვებიან არა თვითონ ფაქტის მონაწილე პირთა მოქმედებების, არამედ - მომხდარი შემთხვევის დროს იქ მყოფი სხვა პირების ვინაობის შესახებ.
32. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მაგრამ ამ უდავო დებულების პრობლემური მხარე, მისი სწორი გაგებიდან გამომდინარე, მდგომარეობს იმაში, თუ რას შეიძლება მოიაზრებდეს განაჩენის დამდგენი სასამართლო მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობაში, აგრეთვე, „ძირითადი“ და „არსებითი“ გარემოებების ცნებაში. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს. აქ საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს სწორედ ისინი, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში „ძირითად“, „არსებით“ გარემოებებად მოიხსენიებს.
33. თუკი ობიექტური და მიუკერძოებელი მიდგომით ვიხელმძღვანელებთ, რთული არ არის იმის დანახვა, რომ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ჩვენებებს იძლევიან მოცემულ საქმეზე, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ დანაშაულის ადგილზე ან ამ ადგილის სიახლოვეს. ამასთან, თითოეული მათგანი განსხვავებული მიზეზის გამო აღმოჩნდა იქ და, რაც მთავარია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებოდნენ მომხდარი შემთხვევის დანახვისა და ინციდენტის მონაწილეთა შეცნობისას. ამასთან, აღნიშნულ მოწმეებს სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა მანძილიდან და სხვადასხვა თვალთახედვის კუთხით უხდებოდათ მოვლენის მთავარი მომენტებისა და ამ მოვლენის მონაწილეთა მოქმედებების აღქმა. ყოველივე აღნიშნულზე მიუთითებს ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსი, რომლებიც ზემოთ უკვე იყო მოტანილი. ასე რომ, სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ცალკეულ დეტალებში მათ შორის არსებული განსხვავებები მითითებულ პირობათა გათვალისწინებით. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიუხედავად ამგვარი განსხვავებისა, მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები ერთობლიობაში ადასტურებენ ძირითად და ყველაზე არსებით ფაქტობრივ გარემოებებს: 1. განხილული შემთხვევა ნამდვილად მოხდა 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 19.00 საათზე, თ-ში, კ. გ. (ყოფილი პ.) გამზირისა და მ-ის ქუჩის გადაკვეთასთან, სლოტკლუბ „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; 2. ამ შემთხვევის მონაწილეები ნამდვილად იყვნენ აწ გარდაცვლილი დ. ო-ი და ა. ბ., რომელთა შორის მიმდინარეობდა კონფლიქტი; 3. რომ ამ კონფლიქტს ა. ბ-ის მხრიდან ნამდვილად გააჩნდა მოტივირებული ხასიათი და ამ უკანასკნელის ქმედება, რაც მან განახორციელა დ. ო-ის მიმართ, არ იყო გაუფრთხილებელი; 4. ასევე, სწორედ ა. ბ-მ დაარტყა დანა ორჯერ დ. ო-ს – პირველად სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან გულმკერდის მარცხენა ნაწილში, ხოლო მეორედ - ფეხში; 5. ამ მომენტში შემთხვევის ადგილზე მათ გარდა სხვა პირი, რომელსაც შეეძლო, დაეჭრა დ. ო-ი, არ იმყოფებოდა; 6. ა. ბ. დ. ო-ის მიმართ დანის გამოყენებისას არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში. მითითებულ გარემოებებთან მიმართებით მოწმეების: დ. კ-ის, შ. შ-ის, გ. მ-ისა და ლ. ბ-ის ჩვენებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ისინი ურთიერთშესაბამისია.
34. საკასაციო პალატის აზრით, შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ჩვენებების გარდა, პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მიეკუთვნოს ასევე მოწმე ნინო ქ-ს ჩვენება, რომელიც ამ ჩვენებაში გადმოსცემს იმას, რაც უშუალოდ თვითონ ნახა და მოისმინა. მხედველობაშია ა. ბ-სა და დ. ო-ს შორის კონფლიქტის დაწყებისა და განვითარების პირველი სტადია. აღნიშნული მოწმე მიუთითებს, რომ დ. ო-თან დაპირისპირებულ ახალგაზრდას ეცვა მუქი ტანსაცმელი, ხოლო თავზე ეხურა ე.წ. „კეპის“ ქუდი. იგი გადმოსცემს ასევე მათი დაძაბული საუბრისა და ცხარე სიტყვიერი დაპირისპირების შინაარსს. ყოველივე ეს მოწმემ აღიქვა იმ მომენტში, როცა შემთხვევით მათ გვერდით ჩაიარა. ა. ბ-ის ასეთ ჩაცმულობას ადასტურებს ასევე მოწმე დ. კ-ე, რომელიც ყველაზე ახლოს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან. აქ ყურადღებას იქცევს შემდეგი გარემოება: მომხდარი შემთხვევის დროს ა. ბ-ის ერთსა და იმავე ჩაცმულობაზე მიუთითებს ორი, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი და ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი მოწმე. თანაც, ორივე ისეთი მოწმეა, რომლებსაც ვერანაირად ვერ დასწამებ იმას, რომ ისინი შესაძლოა, დაინტერესებული ყოფილიყვნენ ა. ბ-ის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემით, რადგან ნ. ქ. საერთოდ არ იცნობდა დაპირისპირებულ მხარეებს, ხოლო დ. კ-ე მხოლოდ შორიდან იცნობდა მათ, როგორც იმ უბნის მცხოვრებლებს, სადაც ის სისტემატურად თხოულობდა მოწყალებას. მართალია, ამ ორი მოწმის ჩვენებებს შორის არსებობს გარკვეული, საკასაციო პალატის აზრით, არაარსებითი სხვაობა დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის გამართული კამათის შინაარსის თაობაზე, მაგრამ ორივე ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ ა. ბ-ის მოქმედება სუბიექტური მხრივ მოტივირებული იყო, რაც განზრახვის არსებობაზე მეტყველებს, ამასვე ადასტურებს დ. ო-ის სხეულის დაზიანების ლოკალიზაცია და ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება იმას, თუ რა იყო მხარეთა კამათის საგანი – მობილური ტელეფონი, რაზედაც მიუთითებს მოწმე ნ. ქ., თუ ე.წ. „თავანი“, რომელზეც მოწმე დ. კ-ე საუბრობს თავის ჩვენებაში.
35. რაც შეეხება მოწმე მ. ლ-ის ჩვენებას, რომლის ლეგიტიმურობა კასატორ პროკურორებსა და მოცემული საქმის განმხილველ მოსამართლეებს შორის დავის საგნად არის გამხდარი, საკასაციო პალატის აზრით, მას არ გააჩნია რაიმე განმსაზღვრელი მნიშვნელობა ამ საქმისათვის, კერძოდ, მასში ნახსენებ გარემოებას – პირი, რომელიც აგინებდა და ემუქრებოდა უკვე დაჭრილ დ. ო-ს 2–3 წუთის განმავლობაში, გაიქცა მ-ის ქუჩისკენ. სააპელაციო სასამართლო სვამს კითხვას: თუკი ის პირი, რომელიც დაჭრილ დ. ო-ს აგინებდა და ემუქრებოდა, ა. ბ. იყო და იგი, აღნიშნული მოწმის ჩვენებით, 2–3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაშინ რატომ ვერ მიუსწრეს მას სხვა მოწმეებმა, რომლებიც თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ ვერ იპოვეს ის, ვინც დ. ო-ი დაჭრა, რადგან მათი მისვლისას შემთხვევის ადგილიდან ის უკვე წასული იყო. საქმე ისაა, რომ აქ გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: აღნიშნული მოწმეები თავდაპირველად დაჭრილი დ. ო-ისკენ გაეშურნენ, რომელიც უკვე ქუჩაზე გადადიოდა, რათა გაერკვიათ, თუ რა მოხდა. საამისოდ კი მათ საკმაო დრო დასჭირდებოდათ, რადგან, სანამ ისინი დ. ო-ამდე მიაღწევდნენ, უნდა გაეღწიათ ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების დიდ ნაკადში (ეს იყო ინტენსიური მოძრაობის დრო, ე.წ. „პიკის საათი“), ამასობაში კი ა. ბ-ს თავისუფლად შეეძლო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, თუნდაც დაჭრილი დ. ო-ის მიმართ 2–3-წუთიანი გინებისა და მუქარის განხორციელების შემთხვევაშიც, თუკი ჩავთვლით, რომ მოწმეს ზუსტად ახსოვდა, თუ რამდენ წუთს გრძელდებოდა ა. ბ-ის გინება.
36. სააპელაციო სასამართლო, უნდობლობას გამოხატავს რა იმ მოწმეების მიმართ, რომლებსაც საქმეზე მიცემული აქვთ პირდაპირი ჩვენებები, აგრეთვე იმ მოწმეთა მიმართ, რომელთა არაპირდაპირი ჩვენებები ადასტურებენ ხსენებული პირდაპირი ჩვენებების რეალურობას, საეჭვოს ხდის ყველა ამ მოწმის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, აღნიშნულ ჩვენებებს შორის არსებულ გარკვეულ შეუსაბამობათა გამო. საკასაციო პალატა არ უარყოფს ამ შეუსაბამობის არსებობას, რის შესახებ ზემოთაც აღინიშნა, მაგრამ საკითხავია – რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია ეს უკანასკნელი. მაგალითად, სააპელაციო სასამართლო განაჩენში აღნიშნავს: მოწმეების - ნ. ქ-ს, ჯ. მ-სა და ა. ნ-ის ჩვენებებიდან გამომდინარე, დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის დავის წარმოშობისა და კონფლიქტის მიზეზი მობილური ტელეფონი უნდა ყოფილიყო და ბრალდების მხარეც ამ ვერსიას უჭერს მხარს. მაგრამ, ვინაიდან გამოძიებას აღნიშნული ტელეფონის მესაკუთრე არ დაუდგენია, ბრალდების მხარის ეს ვერსია არ უნდა იქნეს გაზიარებული, მითუმეტეს, რომ მოწმე დ. კ-ის ჩვენების მიხედვით, ხსენებულ მხარეთა შორის დაპირისპირების მიზეზი იყო ე.წ. „თავანის“ საკითხი. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ასეთ მსჯელობას, რადგან შექმნილი ვითარების გამო (დაჭრილი დ. ო-ი გარდაიცვალა, ხოლო ა. ბ. მიიმალა) მობილური ტელეფონი ვერ ამოიღეს, რის გარეშეც მისი მესაკუთრის დადგენა შეუძლებელი იყო. მოწმე დ. კ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით კი გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: იგი მომხდარ შემთხვევამდეც რამდენიმე ხნით ადრე შეესწრო დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის კამათს „თავანთან“ დაკავშირებით. მან გამოძიებას ჩვენება მისცა დიდი ხნის – 11 წლის შემდეგ, რის გამოც სავსებით შესაძლებელია, რომ მას მახსოვრობაში დარჩა დავა „თავანის“ და არა - ტელეფონის თაობაზე. მოწმე ნ. ქ-ემ კი გამოძიებას ჩვენება მისცა მომხდარი შემთხვევის შემდეგ. ამიტომ მას კარგად ასხოვდა, რომ დავის საგანი მობილური ტელეფონი იყო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა იყო კონფლიქტის მიზეზი – მობილური ტელეფონი, „თავანი“ თუ კიდევ სხვა რამ. მთავარი ისაა, რაც ერთგვაროვნად დგინდება მოწმეების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ჩვენებებიდან, რომ ნამდვილად არსებობდა კონფლიქტის რეალური მიზეზი და, მაშასადამე, ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის მიმართ ჩადენილ ქმედებას გააჩნდა თავისი შესაბამისი სუბიექტური საფუძველი – სათანადო მოტივაცია.
37. სააპელაციო სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს მოწმე დ. კ-ის ყოფნას შემთხვევის ადგილზე შემდეგი მოტივით: იგი თავის ჩვენებაში უთითებს, რომ ურთიერთდაპირისპირებამდე დ. ო-ი სლოტკლუბში იყო, საიდანაც ის გამოიყვანა ა. ბ-მ და მას „თავანის“ დაბრუნება მოსთხოვა, ხოლო დ. ო-ი კი საამისოდ გარკვეულ დროს მოითხოვდა, რის საფუძველზეც გაღვივდა მათ შორის კონფლიქტი. სხვა მოწმეები კი (ჯ. მ-ი, ა. ნ-ი, ნ. გ-ი) თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ დ. ო-ი და ა. ბ. ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ სლოტკლუბის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა - სლოტკლუბში. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული წინააღმდეგობა ვერ გამორიცხავს მოწმე დ. კ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, რადგან შესაძლებელია ჩვენების მიცემისას მოწმე დ. კ-ეს, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, დ. ო-ისა და ა. ბ-ის სლოტკლუბში შეხვედრა ახსოვდა, მაგრამ ისევე როგორც სხვა თვითმხილველი მოწმეები, ისიც იმაზე მიუთითებს, რომ მათი შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის კონფლიქტი სწორედ სლოტკლუბის გარეთ განვითარდა და დასრულდა ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის დაჭრით. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მომხდარი შემთხვევის დროს მოწმე დ. კ-ის იქ ყოფნას დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე: მოწმე ნ. გ-ის ჩვენების მიხედვით, მოწმე დ. კ-ე მომხდარი შემთხვევისთანავე ხვდება მას და ეუბნება დ. ო-ის ზედმეტ სახელს, რომელიც ამ უკანასკნელმა არ იცოდა, თავის მხრივ, დ. კ-ემაც არ იცოდა დ. ო-ის ნამდვილი სახელი და გვარი. აღსანიშნავია, რომ იმავეს ამბობს მოწმე ნ. ქ. თავის ჩვენებაში, რომ მან შემთხვევის შემდეგ სწორედ დ. კ-ისგან შეიტყო, რომ „ა-მ“ დაჭრა დ. ო-ი. აღნიშნული გარემოება ამყარებს იმ ვერსიას, რომ დასახელებული სამივე მოწმე ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მათ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას ვერავინ უკარნახებდა დ. ო-ის ზედმეტ სახელს. ამ პირობებში გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწმეების - ნ. ქ-სა და ნ. გ-ის ჩვენებები არ წარმოადგენს მოწმე დ. კ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული ჩვენებების მიხედვით, მოწმეებმა - ნ. გ-მა და ნ. ქ-ემ სწორედ იქ ნახეს დ. კ-ე და სწორედ მისგან შეიტყვეს მომხდარის შესახებ. გარდა ამისა, დ. კ-ე თავის ჩვენებაში იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ „ა.“ ანუ ა. ბ. აგინებდა „უ-ს“ (დ. ო-ს), თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც აგინებდა ა. ბ-ს. ზემოთ უკვე იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მოწმე მ. ლ-ეც უთითებს თავის ჩვენებაში, თუ ერთი ახალგაზრდა როგორ აგინებდა სლოტკლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა ახალგაზრდებს, რომელთა ვინაობა მან არ იცოდა. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შორის მომხდარ გინების ფაქტს ადასტურებს აგრეთვე მოწმე ზ. მ-ე თავის ჩვენებაში. თუმცა, მისი ჩვენების მიხედვით, ახალგაზრდა, რომელიც მეორეს აგინებდა, ერთ ადგილზე არ მდგარა, როგორც ამას აღნიშნავს მოწმე მ. ლ-ე, არამედ ის გარბოდა მ-ის ქუჩისკენ და სწორედ ამ დროს აგინებდა პ. ქუჩისკენ მიმავალ მეორე ახალგაზრდას. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი და ერთმანეთისთვის უცნობი სამი მოწმის მიერ თავიანთ ჩვენებაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებული ერთსა და იმავე გარემოების დადასტურება, რომელთაგან ერთი ჩვენება პირდაპირია, ხოლო ორი კი - ირიბი, უდავოდ ადასტურებს იმას, რომ სამივე მოწმე რეალურად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს მოწმე ნ. ქ-ს ჩვენებას, ნდობას უცხადებს ასევე მოწმეების - მ. ლ-ისა და ზ. მ-ის ჩვენებებს. მაგრამ სასამართლოს მიერ იგნორირებულია ამ ორი მოწმისა და მოწმე დ. კ-ის ჩვენებების, ასევე ამ უკანასკნელის ჩვენების მოწმეების – ნ. ქ-სა და ნ. გ-ის ჩვენებებთან თანხვდენილობა, რადგან მათი კორელაცია საფუძველს აცლის ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მოწმე დ. კ-ე არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ის არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასეთ ვარაუდს ვერ გაიზიარებს მისი უსაფუძვლობის გამო. შეუძლებელია აქვე არ აღინიშნოს აშკარა წინააღმდეგობაზე სააპელაციო სასამართლოს პოზიციაში მოწმე დ. კ-ესთან მიმართებით. ერთი მხრივ, სასამართლო დაბეჯითებით ასკვნის, რომ დ. კ-ე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, მაგრამ ამავე დროს მოწმე მ. ლ-ის ჩვენების სისწორის შესამოწმებლად და დასადასტურებლად სასამართლო იშველიებს სწორედ მოწმე დ. კ-ის ჩვენებას, კერძოდ, ეს მოწმეც იმავე გარემოებას ადასტურებს, რომელზეც მოწმე მ. ლ-ე მიუთითებსო (მხედველობაშია ა. ბ-ის მხრივ დაჭრილი დ. ო-ის გინება). ისმება ლოგიკური კითხვა: თუკი დ. კ-ე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და არაფერი უნახავს, როგორღა ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი მ. ლ-ის მიერ აღწერილ გარემოებას, ან ამ შემთხვევაში სასამართლო რატომ უჯერებს დ. კ-ეს, გაუგებარია. სასამართლო გვერდს ვერ უვლის იმ ფაქტს, რომ მოწმე ნ. ქ-ეც უთითებს თავის ჩვენებაში დ. კ-ეზე, რომ ამ უკანასკნელმა უთხრა მას, რაც მოხდა, თანაც უშუალოდ მომხდარი შემთხვევის შემდეგ. თუ სასამართლო მოწმე ნ. ქ-სა და მის ჩვენებას სანდოდ მიიჩნევს, მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ არ იზიარებს ამ ჩვენებას იმ ნაწილში, რომელიც მოწმე დ. კ-ეს ეხება? არც ამ კითხვაზე ჩანს პასუხი გასაჩივრებულ განაჩენში. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოებაც - მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ფაქტთან მიმართებაში მოწმეების - მ. ლ-ისა და ზ. მ-ის ჩვენებები აშკარად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამის გამო სააპელაციო სასამართლოს რატომღაც ეს ჩვენებები საეჭვოდ არ მიუჩნევია და ამ შემთხვევაში არც ის დასკვნა გამოუტანია, რომ აღნიშნული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან.
38. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმე ლ. ბ-ის პირდაპირ ჩვენებაზე, რომლის სარწმუნოობას სააპელაციო სასამართლო ასევე საეჭვოდ მიიჩნევს, რაც განპირობებულია მისი არაადეკვატური შეფასებით. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ ჩვენებას სრულ უნდობლობას უცხადებს ორ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით. პირველი მათგანი მდგომარეობს შემდეგში: თუკი ლ. ბ-ი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და შეესწრო მომხდარ ფაქტს, მაშინ რატომ ვერ შეამჩნია იმ მომენტში აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი თავისი ნაცნობები – გ. მ-ე, შ. შ-ე, ჯ. მ-ი და ა. ნ-ი, რომლებიც თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მომხდარი შემთხვევის დროს იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. როგორც სასამართლო აღნიშნავს, ლ. ბ-ი თავის ჩვენებაში ამ პირთაგან არცერთი მათგანის ყოფნას არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე, საიდანაც გამოაქვს დასკვნა, რომ მოწმე ლ. ბ-ი არასწორ ჩვენებას იძლევა და ის საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. მეორე არგუმენტი, რომლითაც სააპელაციო სასამართლო ცდილობს, გაამაგროს მოწმე ლ. ბ-ის შემთხვევის ადგილზე არყოფნის ვერსია, გამოიხატება იმაში, რომ ის სვამს კითხვას: თუკი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ლ. ბ-ი, რატომ არ გაუჩნდა მას სურვილი, მისულიყო დაჭრილ მეგობართან და დახმარებოდა მას, ამის ნაცვლად, მან მიატოვა შემთხვევის ადგილი და, როგორც თვითონ აღნიშნავს თავის ჩვენებაში, მეგობარ გოგონასთან შესახვედრად წავიდა.
39. განვიხილოთ თითოეული არგუმენტის საფუძვლიანობა ცალ–ცალკე. პირველ რიგში, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოწმე ლ. ბ-ის მიერ მომხდარი შემთხვევის ადგილზე სხვა, ზემოთ დასახელებული მოწმეების არდანახვისა თუ ვერდანახვის მიზეზს, უნდა აღინიშნოს შემდეგი: ზემოთ უკვე იყო მოტანილი საკმაოდ ვრცელი ამონარიდები მოწმე ლ. ბ-ის ჩვენებიდან. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ჩვენებისა შინაარსობრივად ეხება უშუალოდ მის მიერ დანახულ, დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის მიმდინარე კონფლიქტის იმ მომენტებს, რომელთა დანახვაც მან შეძლო და მოასწრო, ვიდრე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდა. ჩვენების ამ ნაწილის მიხედვით, მან შეამჩნია დაძაბული ურთიერთობა ხსენებული კონფლიქტის მონაწილეებს შორის. მან დაინახა ასევე, შემდეგ როგორ გადაიზარდა ეს კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც დ. ო-ი ჩაიკეცა და ასეთ მდგომარეობაში მყოფს ა. ბ-მ დანა დაარტყა. დანა მას მარჯვენა ხელში ეჭირა. აღნიშნული მოწმის ჩვენების ეს ნაწილი საყურადღებოა იმ მხრივ, რომ სხვა მოწმეების (გ. მ-ე, შ. შ-ე) პირდაპირი ჩვენებისგან განსხვავებით, მას არ დაუნახავს ა. ბ-ის მიერ დ. ო-ისათვის გულმკერდის არეში დანის პირველი დარტმა. უფრო მეტიც, მოწმე ლ. ბ-ი იმასაც კი ვერ ამბობს დაზუსტებით, ა. ბ-მ სხეულის რა ნაწილში დაარტყა დანა ძირს ჩაკეცილ დ. ო-ს. თუკი გავიზიარებთ სააპელაციო სასამართლოს ვერსიას ლ. ბ-ის ჩვენებისა და სხვა მოწმეების ჩვენებების (გ. მ-ის, შ. შ-ის) შესაძლო წინასწარ შეთანხმებაზე, მაშინ ერთობ ალოგიკურად გამოიყურება, რომ ამ ჩვენებების შემთანხმებლებმა რატომღაც არ იზრუნეს იმაზე, რომ ამ ჩვენებებს შორის შინაარსობრივად მეტი თანხვედრა ყოფილიყო, მათი დამაჯერებლობის ხარისხისა და როგორც მტკიცებულების წონის ასამაღლებლად. რა უშლიდა ხელს ლ. ბ-ს თავის ჩვენებაში დანის ერთი დარტყმის მაგივრად ორ დარტყმაზე მიეთითებინა? არც არაფერი. მაშ რა არის ამ მნიშვნელოვან მომენტთან დაკავშირებით მისი ჩვენების სხვა, „მასთან შეთანხმებული“ მოწმეების ჩვენებებისგან განსხვავების მიზეზი? ასეთი მიზეზი კი სწორედ ის გარემოებაა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს რატომღაც არადამაჯერებლად მიაჩნია - ლ. ბ-ი, რომელიც მომხდარი შემთხვევის ერთ–ერთი თვითმხილველი მოწმეა, გულწრფელად ყვება მხოლოდ იმას, რაც პირადად დაინახა იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებოდა ა. ბ-ისა და დ. ო-ის დაპირისპირების მომენტში. ის არ ცდილობს, რაიმე დაამატოს და ხელოვნურად შეავსოს თავისი მონაყოლი იმით, რაც მას არ შეუმჩნევია. ყოველივე ეს უდავოდ მიუთითებს ამ მოწმის პირდაპირი ჩვენების რეალურ ხასიათზე და არა მის ხელოვნურ წარმოშობაზე. დავუბრუნდეთ იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელსაც სვამს სააპელაციო სასამართლო და რომელიც უკავშირდება ამ ჩვენების სარწმუნოობას. რატომ ვერ დაინახა მოწმე ლ. ბ-ა თავისი ნაცნობი სხვა მოწმეები შემთხვევის ადგილზე, თუკი იგი მართლაც იქ იმყოფებოდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ უნდა მივმართოთ ლ. ბ-ის ჩვენებას ზემოთ მოხმობილი ამონარიდიდან. ამ ჩვენების მიხედვით, ლ. ბ-ი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა მისული თავისი ნაცნობებიდან თუ მეგობრებიდან ვინმეს ნახვის მიზნით, ის ამ ადგილიდან აპირებდა მეგობარ გოგონასთან შესახვედრად წასვლას და სამარშრუტო მიკროავტობუსს ელოდებოდა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ დ. ო-სა და ა. ბ-ს შორის კონფლიქტის დაწყებამდე, ის არ დაინტერესებულა, ახლომახლო ტერიტორიაზე მათ გარდა კიდევ ვინ მოძრაობდა, ან ვინ სად იმყოფებოდა. სრულიად ბუნებრივია ისიც, რომ მან მოვლენების განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე დაინახა ა. ბ-სა და დ. ო-თან ახლოს მყოფი ნ. გ-ი, რომელიც შემდეგ, ხსენებულ პირთა შორის დაძაბულობის წარმოშობისა და მათ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდისას, უკვე აღარ დაუნახავს და ვერც დაინახავდა, რადგან ნ. გ-მა ამ მომენტამდე კარგა ხნით ადრე დატოვა შემთხვევის ადგილი, ქუჩა გადაკვეთა და აფთიაქში შევიდა. ამ მიმართებით ლ. ბ-ისა და ნ. გ-ს ჩვენებები თანხვდენილია, რაც სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა. ნ. გ-ი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ არც კონფლიქტამდე და არც კონფლიქტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მოწმე დ. კ-ის გარდა არავინ უნახავს. ესეც სრულიად ბუნებრივად გამოიყურება, თუკი მის ნაამბობს ცრუ ჩვენებად არ მივიჩნევთ, რადგან ნ. გ-ს არავითარი მოტივი და მიზეზი არ შეიძლებოდა ჰქონოდა ცრუ ჩვენების მისაცემად და ამ ჩვენების მოწმე ლ. ბ-თან წინასწარ შესათანხმებლად. მისი ჩვენების მიხედვით კი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ის შემთხვევის ადგილზე ა. ბ-სთან ერთად მივიდა, სადაც მათ შეხვდათ დ. ო-ი, რომელსაც ის არ იცნობდა. მათი შეხვედრის შემდეგ ნ. გ-ი არ დაინტერესებულა დ. ო-ისა და ა. ბ-ის საუბრით, მალევე დატოვა იქაურობა და ქუჩის მეორე მხარეზე მდებარე აფთიაქში გადავიდა. როდესაც 10–15 წუთის შემდეგ ის უკან მობრუნდა შემთხვევის ადგილზე, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და მას დ. კ-ემ უთხრა, რაც იქ მოხდა მის მისვლამდე. ასეთ ვითარებაში, ის გარემოება, რომ ლ. ბ-მა თავიდან დაინახა ნ. გ-ი შემთხვევის ადგილზე, შემდეგ კი ის აღარ დაუნახავს, რადგან მან ა. ბ-ის მიერ დ. ო-ისათვის დანის დარტყმის დანახვისთანავე დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ნ. გ-ს, თავის მხრივ, საერთოდ არ დაუნახავს ლ. ბ-ი, რომელიც ზემოაღნიშნული შეხვედრის ადგილიდან 20–25 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, ვერ გახდება იმ დასკვნის გამოტანის საფუძველი, რომ მოწმეები - ლ. ბ-ი და ნ. გ-ი ცრუ ჩვენებებს იძლევიან. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოც ვერ უთითებს თავის განაჩენში რაიმე ისეთ ხელშესახებ საფუძველს, რაც დამაჯერებელს გახდიდა მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მოწმეებად. ამ განმარტების შემდეგ შეიძლება განვიხილოთ ის საკითხიც, თუ რატომ ვერ დაინახა ლ. ბ-მა შემთხვევის ადგილზე სხვა მოწმეები – შ. შ-ე და გ. მ-ე, ასევე ჯ. მ-ი და ა. ნ-ი. ამასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები: შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ-ში, კ. გ. (ყოფილი პ.) გამზირისა და მ-ის ქუჩის გადაკვეთასთან, სლოტკლუბ „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მის წინ. მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით 7–8 წუთით ადრე, ლ. ბ-მა მოპირდაპირე მხრიდან გადაკვეთა კ. გ. გამზირი და გაჩერდა სლოტკლუბ „გ-ისგან“ 20–30 მეტრის მოშორებით, სადაც ის ელოდებოდა სამარშრუტო მიკროავტობუსს, რათა გამგზავრებულიყო ხ-ის ქუჩისკენ. ხუთი წუთის შემდეგ სლოტკლუბ „გ-თან“ გამოჩნდნენ ა. ბ. და ნ. გ–ი, სავარაუდოდ - მ-ის ქუჩის მხრიდან, სადაც ისინი შეხვდნენ დ. ო-ს, რომელთანაც ა. ბ-მ დაიწყო საუბარი, ხოლო ნ. გ-მა ისინი დატოვა და გადაკვეთა კ. გ. გამზირი. ეს პირები ლ. ბ-მა დაინახა იმის გამო, რომ მათ მხარეს უწევდა ყურება, რადგან სწორედ იმავე მხრიდან ელოდებოდა სამარშრუტო მიკროავტობუსის მოსვლას. დაზუსტებით რომ ითქვას, მითითებულ დროს ისინი, ყველანი, იმყოფებიან კ. გ. გამზირის ერთსა და იმავე მხარეზე, სლოტკლუბ „გ-თან“ და მის შორიახლოს მდებარე „ჯ-ის“ ოფისთან. ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი ლ. ბ-ის მხედველობის არეში. ამ მომენტში ზემოხსენებული პირები - გ. მ-ე, შ. შ-ე, ა. ნ-ი და ჯ. მ-ი იმყოფებოდნენ კ. გ. გამზირის მეორე, მოპირდაპირე მხარეს, იქ არსებულ სახაჭაპურესთან. სრულიად ნათელია, რომ ლ. ბ-ი ბევრად ახლოს უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილთან, ვიდრე გამზირის მოპირდაპირე მხარეზე მყოფი ზემოხსენებული პირები. მაშასადამე, შემთხვევის ადგილზე ვითარების დაძაბვამდე და კონფლიქტის დაწყებამდე ლ. ბ-ი გამზირის მეორე მხარეზე მყოფ პირებს ვერ დაინახავდა, რადგან ამ დროს მას ყურადღება სულ სხვა მხარეს ჰქონდა მიპყრობილი. შემდეგ კი, როდესაც დაინახა ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის დაჭრა, მისი განმარტებით, მან მაშინვე დატოვა შემთხვევის ადგილი და გაემართა სასტუმრო „ა.“ (ამჟამად სასტუმრო „ჰ-ი“) მიმართულებით, თუმცა იმის დანახვა კი მოასწრო, როგორ დაიწყო გამზირის გადაკვეთა დაჭრილმა დ. ო-მა. გამზირის მეორე მხარეს, „სახაჭაპურესთან“ მყოფმა შ. შ-ემ, ჯ. მ-მა და სხვებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს მოძრაობა დაჭრილი დ. ო-ისკენ, როცა მან მოპირდაპირე მხრიდან დაიწყო გამზირის გადაკვეთა. ამ დროისათვის ლ. ბ-ი უკვე საკმაო მანძილითაა დაშორებული შემთხვევის ადგილიდან და მოძრაობს გამზირის მოპირდაპირე მხარეზე სასტუმრო „ა.“ მიმართულებით. ასეთ პირობებში გაუგებარია, სააპელაციო სასამართლოს საიდან გამოაქვს კატეგორიული დასკვნა, რომ ლ. ბ-ს აუცილებლად უნდა დაენახა ზემოაღნიშნული პირები. მან ცოტა ხნის შემდეგ უკან მოიხედა შემთხვევის ადგილისკენ, მაგრამ, მისი განმარტებით, იქ უკვე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ცხადია, რომ მათ შორის ის ნაცნობების მოძიებასა და გამორჩევას არ დაიწყებდა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ლ. ბ-ი იმ მომენტში არავითარ სურვილს არ იჩენს რაიმე საერთო იქონიოს მომხდარ ფაქტთან, მიუხედავად დაპირისპიერბულ მხარეებთან მისი ახლო ნაცნობობისა. ის საერთოდ გაერიდა შემთხვევის ადგილს და წავიდა მეგობარ გოგონასთან შესახვედრად. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში ზოგჯერ მოწმის ჩვენების არაზუსტ ინტერპრეტაციას მიმართავს, რაზედაც სწორად ამახვილებს ყურადღებას ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო მოწმე ლ. ბ-ის ჩვენების თაობაზე აღნიშნავს, რომ ის არ ადასტურებს არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პირის (აქ სასამართლო გულისხმობს საქმეში მონაწილე ძირითად მოწმეებს, რომელთა ჩვენებებსაც ეყრდნობოდა ბრალდება) შემთხვევის მიმდებარედ ყოფნისა და დანახვის ფაქტს. მას არც შ. შ-ე დაუნახავს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ლ.ბ-ი თავის ჩვენებაში არ აღნიშნავს – არ ვადასტურებ შემთხვევის ადგილზე ან ამ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ პირთა ყოფნასო, არამედ ის განმარტავს: „იქ იმდენი ხალხი იყო, რომ შესაძლებელია ჩემი ნაცნობებიც ყოფილიყვნენ, იყვნენ გამვლელებიც. შ. შ-ეს ვიცნობ, იმ დროს სად იყო, არ ვიცი. გ. მ-ესაც ვიცნობ, იმ დროს სად იყო, არ ვიცი, მე ის არ მინახავს. შემდეგ მოწმე აზუსტებს – იმ მომენტში არ მინახავს, შესაძლებელია იმ დღეს ვნახე კიდეც, მაგრამ იმ მომენტში არ მინახავს. შ. შ-ეზეც იმავე პასუხს გაგცემთ.“ საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული მოწმის ჩვენების რეალურ შინაარსსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ შინაარსის ინტერპრეტაციას შორის მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ როგორც ვხედავთ, მოწმე ლ. ბ-ი თავის ჩვენებაში არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზემოხსენებულ მოწმეთა შესაძლო ყოფნას. გასაჩივრებულ განაჩენში კი მოწმის ჩვენების ეს ნაწილი საწინააღმდეგო მნიშვნელობითაა წარმოჩენილი. საკასაციო პალატას არარელევანტურად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მეორე არგუმენტიც, რომელზეც ზემოთ უკვე აღინიშნა და რომლის საფუძველზეც ის ცდილობს, საეჭვოდ მიიჩნიოს მოწმე ლ. ბ-ის ჩვენების სისწორე, იმაზე მითითებით, რომ: ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის დაჭრის დანახვისთანავე, რატომ არ გაეშურა მისკენ დასახმარებლად; ამის ნაცვლად რატომ მიატოვა მან შემთხვევის ადგილი და წავიდა მეგობარ გოგონასთან შესახვედრად; რატომ არ გაუჩნდა სურვილი თუნდაც გარდაცვლილი დ. ო-ის ოჯახის წევრებისთვის ეამბა იმის შესახებ, რაც შემთხვევის ადგილზე დაინახა; რატომ დუმდა დიდი ხნის განმავლობაში და 11 წლის შემდეგ რატომ გაუჩნდა სურვილი, გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა მომხდარი ფაქტის თაობაზე და სხვ. ისე გამოდის, რომ თუკი პირიქით მოხდებოდა, კერძოდ, ლ. ბ–ი მაშინვე გაიქცეოდა დაჭრილი დ. ო-ის მისაშველებლად, ამის შემდეგ კი დაწვრილებით მოუყვებოდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს იმის შესახებ, რაც ნახა, ამასთან, საგამოძიებო ორგანოებშიც საჩქაროდ გამოცხადდებოდა და მისცემდა ჩვენებას, მაშინ მისი ჩვენება სრულიად უაპელაციოდ შეგვეძლო მიგვეღო როგორც უდავო ჭეშმარიტება და სარწმუნო მტკიცებულება. რბილად რომ ითქვას, მოწმის ჩვენების სარწმუნოობის ამგვარი კრიტერიუმებით შეფასება ერთობ შეუსაბამოა საამისოდ მტკიცების სამართლით აღიარებულ და შესაბამისი საპროცესო სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ ინსტიტუტებთან, მითუფრო მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არა უკვე მოწიფულ ადამიანს, არამედ - 14–15 წლის მოზარდს (დაახლოებით ასეთ ასაკში იყო ლ. ბ-ი, როდესაც ის მომხდარი შემთხვევის უნებლიე მოწმე გახდა). ერთობ არარეალურია ასეთი ასაკის მოზარდს მოსთხოვო, რომ თავისი ქცევებისას მაღალზნეობრივი, სამართლებრივი მოვალეობისადმი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და მართლშეგნებით იხელმძღვანელოს, რაც არამცთუ მოზარდების, არამედ უკვე მოწიფული ადამიანების შეგნებაშიც კი ძნელად ყალიბდება და ზოგჯერ ამის მიღწევა ძალზე რთულ ამოცანას წარმოადგენს. უკვე მოწიფულ ასაკში მყოფი მოწმე ლ. ბ-ი თავის იმჟამინდელ საქციელს სრულიად გულწრფელად და შეულამაზებლად გადმოსცემს, აღნიშნავს, რომ იმ მომენტში ის დაიბნა, რადგან მოვლენების ისეთ განვითარებას, რაც რეალურად მოხდა, არ მოელოდა ამიტომ ახლაც ვერ ხსნის, რატომ მოიქცა მაშინ ისე, რასაც მას სასამართლო საყვედურობს თავის განაჩენში. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ ეჭვებს, თუ რა მიზეზის გამო გაუჩნდა მოწმე ლ. ბ-ს თერთმეტი წლის შემდეგ სურვილი, რომ მოცემულ საქმეზე ჩვენება მიეცა გამოძიებისა და სასამართლოსათვის, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მონაწილე მოწმეებიდან თავისი ინიციატივით მხოლოდ ერთმა – შ. შ-ემ მიმართა თავისი ადვოკატის მეშვეობით საგამოძიებო ორგანოებს ჩვენების მისაცემად. ყველა დანარჩენი მოწმის არსებობა კი საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს და მიაკითხეს კიდეც თითოეულ მათგანს, რის გამოც ისინი, მათ შორის ლ. ბ-იც, თავს ვერ აარიდებდნენ ჩვენების მიცემას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებდნენ. ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არ მოიპოვება რაიმე ისეთი რეალური და დასაბუთებული საფუძველი, რომლის გამოც მართებული იქნებოდა საეჭვოდ მიგვეჩნია და არ გაგვეზიარებინა ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის მკვლელობის საქმეზე მოწმე ლ. ბ-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება.
40. ცალკე უნდა აღინიშნოს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებზე საქმეში არსებული ორი მოწმის – შ. შ-ისა და გ. მ-ის პირდაპირ ჩვენებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის არ იზიარებს, ხოლო ამ მოწმეებს სრულ უნდობლობას უცხადებს, ძირითადად, იმავე არგუმენტების მოშველიებით, რომლებსაც სასამართლო ეყრდნობა მოწმე ლ. ბ-ის პირდაპირი ჩვენების უკიდურესად ნეგატიური შეფასებისას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლო ამ შემთხვევაშიც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს საეჭვოდ აცხადებს იმ მოტივით, რომ მომხდარი შემთხვევიდან 11 წლის შემდეგ რატომ გაუჩნდათ მათ სურვილი, ეთანამშრომლათ გამოძიებასთან და მიეცათ ჩვენებები ამ საქმეზე, თუკი მანამდე ამდენი ხნის განმავლობაში დუმდნენ. ამასთან დაკავშირებით უკვე ითქვა, რომ მოწმე გ. მ-ე, ისევე როგორც საქმეში მონაწილე სხვა მოწმეები (გარდა შ. შ-ისა), თავისი ინიციატივით არ გამოცხადებულან საგამოძიებო ორგანოში და არ გამოუთქვამთ ჩვენების მიცემის სურვილი. მათი არსებობა საგამოძიებო ორგანომ დაადგინა მოწმე შ. შ-ის ჩვენების მეშვეობით, რის შემდეგაც გამოიძახა ისინი ჩვენების მისაცემად. რაც შეეხება მოწმე შ. შ-ის მიერ გამოჩენილ ინიციატივას, მიემართა და ჩვენება მიეცა საგამოძიებო ორგანოსათვის, თვით სააპელაციო სასამართლოც ვერ უარყოფს თავის განაჩენში სამართალში მიცემული პირის ასეთ უფლებას, თუნდაც ბრალდების მხარისგან გარკვეული შეღავათების მისაღებად მასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ. უფრო მეტიც, სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნია საფუძველი აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის ვერსიის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომლის მიხედვით, აღნიშნულმა მოწმეებმა, რომლებიც ჩვენებების მიცემისას სასჯელს ერთად იხდიდნენ, შესაძლოა, სწორედ შეღავათების მისაღებად მისცეს ცრუ ჩვენებები ბრალდებულ ა. ბ-ის წინააღმდეგ და ბრალდების მხარემ შესთავაზა ასეთი შეღავათები შ. შ-ესა და გ. მ-ეს. მიუხედავად ამისა, სასამართლო, ხსენებული გარემოების გამო, მაინც საეჭვოდ მიიჩნევს მათ ჩვენებებს ბრალდების მხარის მიერ ამ ეჭვის გასაქარწყლებლად მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო. საკასაციო პალატის აზრით, გაუგებარია, სააპელაციო სასამართლოს რა მტკიცებულებები აქვს მხედველობაში ან საიდან, რა წყაროებიდან უნდა მოეპოვებინა ბრალდების მხარეს ასეთი მტკიცებულებები. აშკარაა, სასამართლო არაპირდაპირ მიანიშნებს, რომ მოწმეების – შ. შ-ისა და გ. მ-ის მიერ გამოძიებისა და სასამართლოსათვის ჩვენებების მიცემის მიზეზი სანაცვლო შეღავათების მიღების ინტერესი იყო და სხვა არაფერი, თუმცა საქმეში არავითარი მონაცემი არ არსებობს ამგვარი ვერსიის დასადასტურებლად და საამისოდ რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის არსებობაზე განაჩენში არაფერია აღნიშნული. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს საფუძვლიანად და დასაბუთებულად სააპელაციო სასამართლოს მსგავს მსჯელობებს, მათ შორის იმის თაობაზე, რომ მოწმეების – შ. შ-ისა და გ. მ-ის ჩვენებებზე შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ერთსა და იმავე საკანში ერთსა და იმავე დროს მათ მიერ სასჯელის ერთად მოხდას და ამ გარემოების გამოყენებით აღნიშნული ჩვენებების თაობაზე მათ შესაძლო ურთიერთშეთანხმებას. მაგრამ ასეთი ვერსიის საფუძვლიანობა ბათილდება შემდეგი გარემოებით: სააპელაციო სასამართლო განაჩენში საკმაოდ ვრცელ ანალიზს უთმობს იმ წინააღმდეგობების წარმოჩენას, რაც, მისი აზრით, მათ ჩვენებებს შორის არსებობს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სრულიად ლოგიკურია კითხვა: თუკი ხსენებულ მოწმეებს ჩვენებები წინასწარ ჰქონდათ ურთიერთშეთანხმებული, მაშინ რატომაა წინააღმდეგობები მათ შორის, ამ მოწმეებს ხომ საკმარისზე მეტი დროც და პირობებიც ჰქონდათ საიმისოდ, რომ თვით უმცირესი დეტალებიც კი შეეთანხმებინათ ერთამანეთისათვის? ამ კითხვაზე გასაჩივრებული განაჩენის შინაარსი ვერ იძლევა ვერანაირ პასუხს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეების – შ. შ-სა და გ. მ-ის ჩვენებებში შეიძლება მართლაც აღმოვაჩინოთ გარკვეული შეუსაბამობები, მაგრამ არა ისეთი ფატალური წინააღმდეგობანი, რის გამოც დასაბუთებული საფუძველი გვექნებოდა, გონივრული ეჭვი შეგვეტანა მათ სისწორეში და საერთოდ, ამ მოწმეების შემთხვევის ადგილზე ყოფნაში იქ მიმდინარე მოვლენების დროს. აქ აუცილებლად უნდა ითქვას იმ გარემოებაზეც, რომელთან დაკავშირებითაც სამართლიანად აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში. როდესაც სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენში ზემოხსენებულ შეუსაბამობებს სერიოზულ წინააღმდეგობებად მიიჩნევს, ამის დასაბუთებისას აღნიშნული მოწმეების ჩვენებებიდან აღებული ცალკეული მონაკვეთის შინაარსის არაზუსტ ინტერპრეტაციას ახდენს ჩვენების მთლიანი კონტექსტიდან მოწყვეტით. მაგალითად, განაჩენში მითითებულია: შ. შ-ე აცხადებს, რომ მას ქუჩა არ გადაუკვეთავს (იგულისხმება ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის დაჭრის შემდეგ მიმდინარე მოვლენები), მაგრამ სულ სხვა რამეს ვიგებთ მოწმე შ. შ-ის დაკითხვის ოქმიდან, კერძოდ, მოწმე ამბობს: „ამ დროს, მართალია, დაბნეული ვიყავი და, პრინციპში, არც კი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ერთადერთი, თავში აზრად რაც მომივიდა – ქუჩის გადაკვეთა იყო, სირბილით გადავკვეთე ქუჩა“. ახლა ისიც ვნახოთ, იმავე მომენტს როგორ იხსენებს მოწმე გ. მ-ე (ამონარიდი სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან): „ამ დროს მე და შ-ე გავიქეცით იქითკენ. „ა.“ გაიქცა და ჩიხში შევარდა, მე მას მარტო ვეძებდი. რომ გამოვიქეცით, მერე შ. შ-ისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. მე და შ. შ-ე რომ გავიქეცით, ჯ-ც გარბოდა დ. ო-თან“. ანალოგიური მდგომარეობაა მაშინაც, როდესაც სააპელაციო სასამართლო განაჩენში მსჯელობს წინააღმდეგობის არსებობაზე, ერთი მხრივ, ა. ნ-ისა და ჯ. მ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, შ. შ-ისა და გ. მ-ის ჩვენებებს შორის, ამ უკანასკნელების შემთხვევის ადგილზე ყოფნა – არყოფნის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ განაჩენში ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოს, შ. შ-ე და გ. მ-ე თავიანთ ჩვენებებში გაცხადებულ გარემოებას, რომ მომხდარ შემთხვევამდე კ. გ. გამზირის მოპირდაპირე მხარეს, სახაჭაპურესთან, მათ დაინახეს ჯ. მ-ი და ა. ნ-ი სხვა პირებთან ერთად, ეს უკანასკნელები კატეგორიულად გამორიცხავენ და საერთოდ უარყოფენ ზემოხსენებული ორი მოწმის აღნიშნულ ადგილზე ყოფნას. სინამდვილეში ა. ნ-მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა შემდეგი: „ვერ გეტყვით, ბოდიშს ვიხდი, იმდენი დროა გასული, საერთოდ არ მახსოვს იქ გარშემო იყო თუ არა ვინმე, ჩემთან და ჯ-სთან ერთად არავინ არ ყოფილა, ჩვენ მარტო ვიყავით, მაგრამ გარშემო ვინ იყო, მაგაზე ვერაფერს მოგახსენებთ“. მაშასადამე, ირკვევა, რომ სახაჭაპურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე იმყოფებიან – შ. შ-ე, გ. მ-ესთან ერთად, და ჯ. მ-ი, ა. ნ-თან ერთად, რა დროსაც შ. და გ. ამჩნევენ ჯ-ს, როგორც თავიანთ ნაცნობს, ა. ნ-თან ერთად, რომელსაც ისინი არ იცნობენ. ისიც ვნახეთ, რომ ა. ნ-ი თავის ჩვენებაში სულაც არ გამორიცხავს მათ გარდა იქ სხვა პირების ყოფნის შესაძლებლობას, რაც სრულიად გასაგებია. მოწმეებს უფრო კარგად ახსოვთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც მაშინ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და ამიტომ მეხსიერებაშიც უფრო მკაფიოდ შემორჩათ თავიანთ ნაცნობებს შორის მომხდარი კონფლიქტი და ამ კონფლიქტისას ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის დანით დაჭრა, ვიდრე სხვა, მეორეხარისხოვანი გარემოებები, კერძოდ, იმ დროს ვინ სად იდგა, ვინ საით გაიქცა და ვინ პირველი გარბოდა დაჭრილი დ. ო-ისკენ და ვინ ბოლოს, ან იმ მომენტში ახლომახლო, გვერდით კიდევ ვინ იყო. მათი ჩვენებების შეფასებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ შ. შ-ე და გ. მ-ე ა. ნ-ს არ იცნობდნენ, ხოლო ჯ. მ-ს მხოლოდ სახელით იცნობდნენ. ასეთ პირობებში თვითმხილველი მოწმეებისგან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოების, მათ შორის შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი მომენტების სრულად აღქმა, თანაც მათი არასრულწლოვანების ასაკში და მრავალი წლის შემდეგ უკანასკნელ წვრილმანებამდე მათი ზუსტი თანმიმდევრობით გადმოცემის მოთხოვნა, მეტისმეტად გადაჭარბებულია. ამიტომ, თუ მოწმის ჩვენება ასეთ მკაცრ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ეს არ შეიძლება გახდეს მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი მაშინ, როდესაც იგივე ჩვენება თანმიმდევრულია მტკიცების საგანში მოაზრებულ საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. სწორედ ამგვარი მიდგომით უნდა შეფასდეს შ. შ-ისა და გ. მ-ის, როგორც ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, პირდაპირი ჩვენებებიც, რის შედეგადაც მათ რეალობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გამოირიცხება. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძვლიანად გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ა. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მხოლოდ ამ ორი მოწმის – შ. შ-ისა და გ. მ-ის ჩვენებებს ემყარება და მოცემული საქმის შედეგიც სწორედ მათ მიღებასა თუ არმიღებაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში კი ასე სულაც არ არის. როგორც ზემოთ წარმოდგენილი ანალიზი ცხადყოფს, აღნიშნული ორი ჩვენება საერთოდაც რომ არ იქნეს მიღებული და გაზიარებული, საქმეში მაინც რჩება კიდევ ექვსი მოწმის ისეთი ჩვენება, ამათგან სამი - პირდაპირი (მოწმეების – დ. კ-ის, ლ. ბ-ისა და ნ. ქ-ს ჩვენებები) და სამი -არაპირდაპირი (მოწმეების – ლ. გ-ის, ზ. მ-ისა და მ. ლ-ის ჩვენებები), რომელთა მომხდარ ფაქტთან პირდაპირი შეხება, ურთიერთშესაბამისობა და, რაც მთავარია, მათი სანდოობა და უტყუარობა, ძალიან მაღალი ხარისხით, ობიექტური, მიუკერძოებელი დამკვირვებლისათვის სრულიად აშკარა და უდავოა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
41. საკასაციო პალატა დ. ო-ის განზრახ მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას ითვალისწინებს და სავსებით იზიარებს ამ საკითხისადმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომასა და პრაქტიკას. კერძოდ, ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება მთლიანობაში და რამდენად იყო დაცული დაცვის უფლებები. კერძოდ, უნდა შეფასდეს: მიეცა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა - ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა ხარისხი, ის გარემოებები, რომლებშიც მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და რამდენად ბადებს ეჭვს ეს გარემოებები მტკიცებულებების ნამდვილობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო, სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი წარმოიქმნას, თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით, ხაზგასასმელია – იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონიანია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება არასარწმუნოდ იქნეს მიჩნეული, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მითუფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხ., ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, (Bykov v. Russia); დიდი პალატა; განაცხადი N4378/02; §90; ECHR; 10.03.2009; ჯალო გერმანიის წინააღმდეგ, (Jalloh v. Germany); განაცხადი N54810/00; §96; ECHR; დიდი პალატა; 11.07.2006). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განხილულ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია და ამ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას შემოწმებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. ამ მხრივ, მოცემული საქმის წარმოებისას ყველა სასამართლო ინსტანციაში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გარანტირებული – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი საფუძველი ეჭვისათვის იმ მტკიცებულებების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, რომლებზეც საკასაციო პალატა აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ამ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ მხრივაც ვერ იქნება აღნიშნული მტკიცებულებები საეჭვოდ მიჩნეული, რადგან ასეთი ეჭვისათვის არ მოიპოვება დასაბუთებული და რელევანტური საფუძველი.
42. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას არ გააჩნდა დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ არ მიეღო ის კანონიერი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეშია და რომელთა ანალიზი ზემოთ იყო წარმოდგენილი, აგრეთვე - ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადგენილია მოცემულ საქმეზე ჩატარებული სასამართლო გამოძიების შედეგად და პირდაპირ გამომდინარეობს აღნიშნული მტკიცებულებებიდან. როგორც მათმა ობიექტურმა და ურთიერთშეჯერებულმა ანალიზმა დაადასტურა, ეს მტკიცებულებები, რომლებიც ა. ბ-ს ამხელენ დ. ო-ის განზრახ მკვლელობის ჩადენაში, მთლიანად აკმაყოფილებენ მათ მიმართ წარდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნას და ერთობლიობაში, ისინი სავსებით საკმარის საფუძველს ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობისათვის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ა. ბ-ის ბრალეულობას, სავსებით შეესაბამებიან შეფასების იმ კრიტერიუმებს, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე იყო აღნიშნული და რომლებიც გამომდინარეობენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან, კერძოდ, საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლიდან და, ამის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკიდან (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე – №397აპ–14).
43. საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემონახსენები ნორმებით, კერძოდ, 259–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული და ის უნდა გამომდინარეობდეს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც საქმის სასამართლო განხილვის დროს იყო გამოკვლეული. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო ასეთი მტკიცებულებებით დამაჯერებლად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რის გამოც სასამართლოს მიერ განაჩენში განვითარებული მსჯელობა და აქედან გამოტანილი დასკვნა ა. ბ-ის უდანაშაულობის თაობაზე სრულიად არ შეესაბამება აღნიშნული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ ანალიზსა და შეფასებას, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი პროკურორების – თამარ აღლემაშვილისა და ამირან გულუაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ა. ბ-ის გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის შესახებ უნდა გაუქმდეს და ის უნდა შეიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით. ა. ბ. ცნობილ უნდა იქნეს ბრალეულად დ. ო-ის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რისთვისაც მას უნდა შეეფარდოს შესაბამისი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
44. მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს: მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, გონებრივი განვითარების თვალსაზრისით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა, იმავე მასალების მიხედვით, ეს გარემოება არ გამორიცხავს მის შერაცხვაუნარიანობას, იგი პირველადაა სამართალში, ხოლო დანაშაულის ჩადენიდან მის მსჯავრდებამდე გასულია საკმაოდ დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც მას არ ჩაუდენია ახალი დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მსჯავრდებულ ა. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორების - ამირან გულუაშვილისა და თამარ აღლემაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი.
3. ა. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ა. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
#626აპ.-17 ქ. თბილისი
ბ. ა. 626აპ.-17 29 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ 2018 წლის 29 მარტს გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 29 მარტს მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, გამორჩენილია მითითება ა. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ, რაც უნდა გასწორდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ა. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის განსხვავებული აზრი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ
1.სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ა.ბ-ის მიმართ იყო უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანად აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნას და ერთობლივად სავსებით საკმარის საფუძველს ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და ა.ბ-ის დამნაშავედ ცნობისათვის.
2. მიმაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ა.ბ-ის მიმართ იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული პირდაპირი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო - უტყუარობის კრიტერიუმს. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
3. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში პირის ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ერთგვაროვან მტკიცებულებებს. ესენია მოწმეთა ჩვენებები, რომელთაგან პირდაპირი მტკიცებულებები (რომელსაც დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი) გამოძიებამ მოიპოვა შემთხვევიდან 11 წლის შემდეგ. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ მტკიცებულებათა უტყუარობის შემოწმების გაცილებით მაღალი სტანდარტი, ვიდრე იმ საქმეებზე მსჯელობისას, რომელთაც ასეთი მახასიათებელი არ გააჩნიათ (იგულისხმება სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ამოცნობის დოკუმენტური მტკიცებულებები და სხვ.).
4. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ა. ბ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, მასთან დაკავშირებული ამ და სხვა (რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი) სპეციფიკური საპროცესო-სამართლებრივი გარემოებების გამო, იძენს გაცილებით მეტ მნიშვნელობას, ვიდრე ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეა. მოცემულ საქმეზე ჩემი პოზიცია სწორედ საპროცესო - სამართლებრივი ასპექტებიდან გამომდინარეობს და მიზნად ისახავს იმას, რომ საკასაციო პალატამ არ დაადგინოს მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების ისეთი სტანდარტი, რომელმაც შესაძლოა, სამომავლოდ ხელი შეუწყოს უდანაშაულო პირ(ებ)ის მსჯავრდების რისკების გაზრდას.
5. თავად ის ფაქტი, რომ საქმეზე 2004 წელს დაწყებული წინასწარი გამოძიება იყო არასაკმარისი და ზერელე - ნათელია, ვინაიდან საქმეზე, მართალია, დაიკითხა რიგი მოწმეებისა, ასევე შესრულდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ არ ჩატარებულა ისეთი სავალდებულო და რელევანტური საპროცესო მოქმედებები, როგორებიცაა: საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, ფოტოსურათით ამოცნობა (თუნდაც მოწმე ნ.ქ-სთან, იმის დასადგენად კეპიანი ბიჭი იყო თუ არა ა.ბ.) და სხვა. შემდეგი წლების განმავლობაშიც - 2015 წლამდე საქმეს, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, არსებითად არაფერი შემატებია. ამ დროიდან საქმეზე ახალი მოწმეების გამოჩენით, მართალია, აქტიურად განახლდა გამოძიება - მათ მისცეს პირდაპირი ჩვენებები, მაგრამ ა.ბ-ის ბრალდების დამადასტურებელი სხვა სახის მტკიცებულება (მაგ: დოკუმენტური, ნივთიერი - სხვადასხვა საქმეზე ასეთი შეიძლება იყოს: სატელეფონო ზარების ნუსხა, მოწმის მიერ მითითებული კონკრეტული ადგილიდან მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება, ან დნმ-ის ექსპ.დასკვნა და სხვ.) საქმეში არ მოიპოვება. ამიტომ სასამართლოს საბოლოო დასკვნაც მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს.
6. აქედან გამომდინარე, მოწმეების: შ.შ-ის, გ. მ-სა და ლ. ბ-ის ჩვენებების სანდოობის შესაფასებლად სრულიად ლეგიტიმურია კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ მიაწოდეს მათ თავის დროზე გამოძიებას ეს ინფორმაცია; რატომ არც ერთ მათგანს არ გაუჩნდა სურვილი, მისულიყო და დახმარება გაეწია დაჭრილი მეგობრისათვის; ასევე, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ვერც ერთმა სხვა მოწმემ რატომ ვერ დაინახა ზემოაღნიშნული პირები; გასაანალიზებელია მოწმეებთან დაკავშირებული ისეთი ობიექტური გარემოებებიც, რომლებმაც შესაძლოა, მათ დაინტერესებაში დაგვაეჭვოს - მხედველობაში მაქვს შ. შ-სა და გ. მ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში ჯდომის ფაქტი; აგრეთვე შესაფასებელია, რამდენად არსებითი ხასიათისაა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული სხვა წინააღმდეგობები.
7. მეტიც, დაცვის მხარე გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რომ შ. და მ. საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ისინი შესაძლოა, გარკვეული შეღავათის სანაცვლოდ იძლევიან ბრალდების მხარისათვის საჭირო ჩვენებებს. სააპელაციო პალატა კი აღნიშნავს, რომ შ.შ-ის, გ.მ-სა და ლ.ბ-ის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მათი წარსულისა და სხვა პიროვნული მახასიათებლის გათვალისწინებით, დაბალი წონის მატარებელი და დამაჯერებლობას მოკლებული მტკიცებულებებია. ისინი არ არის ურთიერთთავსებადი სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც არ უნდა იქნეს გამოყენებული ა. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად.
8. შესაბამისად, საკასაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გააანალიზოს სწორედ ზემოთ მითითებული საკითხები.
9. საამისოდ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, თავდაპირველად მოვიყვანო მტკიცებულებათა ბაზა სრულად, რათა ქვემოთ განვითარებულ მსჯელობაში შესაფასებელი ეპიზოდები და დეტალები მეტად თვალსაჩინო იყოს:
9.1. დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ო-ის ჩვენების თანახმად, 2004 წლის 27 ოქტომბერს უფროსი შვილისგან - კ. ო-სგან შეიტყო უმცროსი ვაჟის - დ. ო-ის დაჭრის შესახებ. მიუხედავად მცდელობისა, დ. ვერ გადაარჩინეს. იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მკვლელი იყო ქ-ლი ა. ბ.. მანვე განმარტა, რომ თვითმხილველთან პირადად არ უსაუბრია, თუმცა ყველა ამბობდა, რომ ა. ბ-მ მოკლა მისი შვილი.
9.2. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე მ. მ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს რძლისაგან შეიტყო, რომ მისი შვილი - დ. ო-ი იყო დაჭრილი და მოთავსებული იყო რ-რ საავადმყოფოში. იგი მაშინვე წავიდა საავადმყოფოში, სადაც შეიტყო, რომ დ. ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი შვილის მკვლელობა ჩაიდინა ა-მა ა. ბ-ემ, რომელთანაც დ-ს ტელეფონის გამო მოსვლია შელაპარაკება. დანამდვილებით არ ახსოვს, თუ ვინ უთხრა აღნიშნულის შესახებ, თუმცა მოწმის განმარტებით, მაშინ ყველა ამას ამბობდა.
9.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კ. ო-მა განაცხადა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დაუკავშირდნენ საავადმყოფოდან და უთხრეს, რომ მისი ძმა - დ. ო-ი იყო დაჭრილი და რ-რ საავადმყოფოში იმყოფებოდა. შემდგომ ხალხისგან შეიტყო დამნაშავის – ა. ბ-ის შესახებ, რომელსაც მობილური ტელეფონის გამო მოუხდა შელაპარაკება მის ძმასთან. მისთვის მისი ძმის არცერთ მეგობარს არ უთქვამს, რომ შეესწრნენ მკვლელობის ფაქტს.
9.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ. მ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ა. ბ-ეს არ იცნობს. დ. ო-ს იცნობდა და მისი ახლო მეგობარი იყო. 2004 წლის 27 ოქტომბერს იმყოფებოდა პ-ის გამზირზე არსებულ ,,ბირჟაზე“, ა. ნ-თან ერთად. ბინდდებოდა, როცა დ. ო-ი მივიდა მათთან და სთხოვა ტელეფონზე დარეკვა, მაგრამ ტელეფონი არ ჰქონდათ, თუ ანგარიშზე - თანხა, ვერ იხსენებს, რის გამოც დ. გადავიდა მოპირდაპირე მხარეს, სლოტკლუბ ,,გ-კენ“. ის და ნ-ი დარჩნენ იმავე ადგილზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ა-მა დაიძახა, რომ დ. ჩხუბობსო, მან წამიერად გაიხედა იმ მხარეს და შენიშნა, რომ დ-ს დახმარება სჭირდებოდა, თან გაიქცნენ იმ მიმართულებით. ა. ნ. ცოტა წინ გარბოდა, თვითონ ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო მანქანების ნაკადში. შუა ხაზზე რომ დადგა, გაიგონა ა. ნ-ის დ-თვის ნათქვამი - ჯ-სთან მიდი, მე იქით გავიქცევიო. გვერდზე რომ მიიხედა, დაინახა დ. ო-ი, რომელმაც უთხრა, დაჭრილი ვარო, მან ხელი მოჰკიდა და გადმოიყვანა გზაზე, გააჩერა მანქანა და წაიყვანა საავადმყოფოში. მივიდნენ რ-რ საავადმყოფოში, საიდანაც გამობრუნდა ეზოში, რათა ბიჭები ენახა და ოჯახის წევრებისთვის გაეგებინებინა, თუმცა, როგორც შეიტყო, ოჯახის წევრებმა უკვე იცოდნენ. შემდგომში პანაშვიდებზე იყო საუბარი, რომ დ. ო-ს მობილური ტელეფონის გამო მოუხდა შეკამათება წარმოშობით ა-ლ ა. ბ-სთან. მოწმე ჯ. მ-მა ასევე განმარტა, რომ იცნობდა დ. ო-ის მეგობრებს - შ. შ-სა და გ. მ-ეს. მომხდარი ფაქტის დროს მას ისინი იქ არ უნახავს. ასევე არ დაუნახავს ლ. ბ-ი. მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის არავის უთქვამს, რომ შეესწრო მომხდარ ფაქტს და თვითმხილველი იყო.
9.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. ნ-მა განმარტა, რომ დ. ო-ს იცნობდა სკოლიდან და იყვნენ ახლო მეგობრები. 2004 წლის 27 ოქტომბერს ის და ჯ. მ-ი იდგნენ პ-ის გამზირზე, სახაჭაპურესთან. მათთან მივიდა დ. ო-ი და ტელეფონზე დარეკვა სთხოვა. მან უპასუხა, რომ ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა, რის შემდეგაც ო-ი გატრიალდა და გადავიდა გზის მეორე მხარეს ,,გ-თან“. რადგან თვითონაც უნდოდა ტელეფონზე დარეკვა, იფიქრა, რომ თუ ო-ი მოძებნიდა ტელეფონიან ადამიანს, თავადაც მივიდოდა და სთხოვდა დარეკვას, ამიტომ აკვირდებოდა მას. დაინახა, რომ ო-ი ვიღაცას ელაპარაკებოდა, კონკრეტულად ყურადღება არ მიუქცევია. ერთ–ერთი გახედვის დროს დაინახა, რომ ,,ჭიდაობდნენსავით“, თუმცა არ ჩათვალა, რომ საქმე სერიოზულად იყო. შემდეგი გახედვის დროს კი დაინახა, რომ ო-ი წაიქცა. იგი გაიქცა დასახმარებლად. ვინაიდან მანქანები მოძრაობდნენ, გაუჭირდა გადასვლა, დაახლოებით შუა გზაზე შემოხვდა დ. ო-ი, რომელსაც ხელი ჰქონდა მიდებული და თქვა – დაჭრილი ვარო. მან დ. ო-ს უთხრა, რომ მისულიყო ჯ. მ-თან, თავად კი დამჭრელს გამოედევნებოდა, რათა გაეგო, ვინ იყო. გადავიდა მეორე მხარეს, შეიხედა ,,პ-იც“, თუმცა საეჭვო ვერავინ დაინახა და დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. იქ უკვე აღარავინ დახვდა და წავიდა რ-რ საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მასთან და ჯ. მ-თან ერთად სხვა არავინ ყოფილა, არც გარშემო შეუნიშნავს ვინმე ნაცნობი. იმ პირს, რომელიც დ. ო-ს ესაუბრებოდა, არ იცნობდა და მისი სილუეტიც კი არ დაამახსოვრდა. შემდგომში გადმოცემით შეიტყო, რომ ეს დანაშაული ვიღაც ა-ლ ბიჭს ჩაუდენია. შ. შ-სა და გ. მ-ეს არ იცნობს. ასევე არ იცნობს დ. კ-სა და ნ. გ-ს. გ. ბ-სა და ა. ა-ს იცნობს, თუმცა იმ მომენტში მასთან ერთად არ ყოფილან. ლ. ბ-ს შემდგომში შეხვედრია, თუმცა ამ თემაზე არ უსაუბრიათ.
9.6. მოწმის სახით დაკითხულმა ნ. გ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა. ბ-ს იცნობს, ვინაიდან ცხოვრობდნენ ერთ კორპუსში, ერთ სადარბაზოში და იყვნენ მეზობლები. ეზოში ხვდებოდა ხოლმე მას და თამაშობდნენ ფეხბურთს. იგი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდა, იყო ემოციური, ზედმეტ სახელად ეძახდნენ ,,ა-ოს“. დ. ო-ს არ იცნობდა. 2007 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 19 საათზე, დედამ გააგზავნა აფთიაქში, რომელიც მდებარეობს მ-ის მოპირდაპირე მხარეს, გ-ას გამზირზე. როდესაც ჩამოვიდა ეზოში, შეხვდა ა. ბ. და ჰკითხა, თუ სად მიდიოდა, რაზედაც უპასუხა, რომ მიდიოდა აფთიაქში. ა-მა უთხრა, მეც იქით მოვდივარო და წავიდნენ. როგორც ახსოვს, კეპი ეფარა, დანა მის ხელში არ შეუმჩნევია. გზაში ა-ი ტელეფონზე საუბრობდა. როდესაც მივიდნენ სლოტკლუბ „გ-თან“, სადაც ამჟამად არის „-- ბანკი“, ა-ს შეხვდა ვიღაც პირი, რომელთანაც დაიწყო დაძაბული საუბარი, თავად არ შეჩერებულა, გადაკვეთა ქუჩა და შევიდა აფთიაქში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10–15 წუთს. როცა აფთიაქიდან გამოვიდა და ქუჩაზე გადმოდიოდა, სლოტკლუბის წინ შენიშნა ხალხმრავლობა. თვითონ წავიდა სახლისკენ. გზაში შეხვდა დ. კ., რომელმაც უთხრა, რომ ,,ა-ომ“ დაჭრა ,,უ-სა“. ა. ბ. იქ აღარ უნახავს. როდესაც სახლთან მივიდა, სადარბაზოსთან შეხვდა ა. ბ-ის და, რომელმაც ჰკითხა, სად არის ,,ა-ო“, რაზედაც უპასუხა, რომ არ იცოდა. შემდეგ ჰკითხა – ვინ დაჭრა ,,ა-ო“, რაზედაც ასევე უარყოფითი პასუხი გასცა. იმ დღის შემდეგ ა. ბ. აღარ უნახავს. შემდეგ დღეებში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ,,უ-სა“ ყოფილა მისივე უბნელი დ. ო.. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახაჭაპურე იყო აფთიაქის გვერდით, 2–3 მეტრში. ახლომახლო ვინმე ნაცნობი, გარდა დ. კ-სა, არ შეუმჩნევია. იმ პერიოდში მამამისი იყო პოლიციის თანამშრომელი, თუმცა ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ. აღნიშნულის თაობაზე საერთოდ არავისთან არ უსაუბრია, გარდა გამომძიებლისა, როდესაც ჩვენება მისცა 2016 წელს.
9.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე შ. შ-ის ჩვენებით დგინდება, რომ იცნობდა ა. ბ-ეს, თუმცა ურთიერთობა არ ჰქონია. გ. მ-ეს იცნობს ბავშვობიდან და მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ბავშვობიდან იცნობდა ასევე დ. ო-ს და მეგობრობდა მასთან. 2004 წლის 27 ოქტომბერს გ. მ-სთან ერთად იმყოფებოდა პ-ის ქუჩაზე, „გ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინციდენტის მოპირდაპირე მხარეს. იქნებოდა საღამოს საათები, როდესაც შენიშნა დ. ო-ი და ა. ბ.. იყო რაღაც ჩოჩქოლი. დაინახა, თუ როგორ მოუქნია ა. ბ-მ საგნიანი ხელი დ. ო-ს და დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც ო-ი წაბარბაცდა. შემდეგ დაინახა, რომ ა-ს ხელში ეჭირა დანა და ისევ დაარტყა ო-ს წელს ქვევით. მანამდე იქ ა. ბ. არ შეუნიშნავს, არც მათი საუბრის თემა გაუგია. მოწმემ განმარტა, რომ დანის დარტყმის მომენტში მოშორებით შენიშნა ნ. გ-ი. მოწმის განმარტებით, მანამდე გაიხედა სახაჭაპურისკენ, სადაც შენიშნა ჯ. მ., ა. ა-ი და ბ-ი, შეიძლება სხვებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ არ ახსოვს. დაინახა, თუ როგორ გადარბოდა ქუჩაზე ჯ. მ-ი, ალბათ, მისაშველებლად. თვითონ დაიბნა და არ იცოდა, რა ექნა, გაუცნობიერებლად მოქმედებდა, გადაკვეთა ქუჩა და გეზი აიღო შემთხვევის ადგილიდან მარჯვნივ, მაღაზია „დ-კენ“, თუ რატომ, ვერ ხსნის. შემდეგ კი სახლში წავიდა. ა. ბ. იქ აღარ დაუნახავს. დ. ო-ის გარდაცვალების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, როგორც ახსოვს, მეორე დღეს. კონფლიქტის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდებოდა. ერთი ვერსიით - მიზეზი იყო ტელეფონზე დარეკვა, მეორე ვერსიით გაჟღერდა, რომ ბ. გარდაცვლილს სთხოვდა მოგებულ ფულს. აღნიშნულის შემდეგ ა. ბ. აღარ უნახავს, როგორც ამბობდნენ, იგი დედამისის გავლენიანი მეგობრების დახმარებით გააპარეს საქართველოდან და აარიდეს პასუხისმგებლობას. ოჯახის წევრებისთვის მომხდარის თაობაზე არ მოუყოლია. როგორც ახსოვს, არავისთვის უამბია ამ მკვლელობის შესახებ. შესაძლოა, გასვენებაში ისაუბრეს ბიჭებმა, ზუსტად არ ახსოვს. თერთმეტი წელია, იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც 2015 წელს მომხდარის თაობაზე შეატყობინა პროკურატურას და მისცა ჩვენება. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამდენი წლის შემდეგ ჩვენების მიცემა, მოწმემ განმარტა: ,,ერთ-ერთ მკვლელობის საქმეზე, რომელზეც ვიცოდი, რაც მოხდა, გარდაცვლილის დედამ მომაძახა, შენ ხომ იცი, რაც მოხდაო და თქვიო, ამან მოახდინა ჩემზე რაღაცნაირად გავლენა და გადავწყვიტე ამ საქმეზეც მეთქვა სიმართლე.“ სასჯელს იხდის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, მოსახდელი დარჩა 14 წელი.
9.8. მოწმის სახით დაკითხულმა გ. მ-ემ განმარტა შემდეგი: იცნობს ა. ბ-ეს, რომელთანაც ერთად ბავშვობაში თამაშობდა ფეხბურთს. დ. ო-აც იცნობს, რომელთანაც ძმაკაცობდა ბავშვობიდან. იცნობს ასევე შ. შ-ეს, რომელიც არის მისი ბავშვობის მეგობარი. 2004 წლის 27 ოქტომბერს შ. შ-სთან ერთად იმყოფებოდა პ-ის გამზირზე, მ-ის ქუჩის კვეთაზე, სახაჭაპურის მხარეს, სადარბაზოსთან, რა დროსაც სლოტკლუბ „გ-ის“ წინ დაინახეს ა. ბ. და დ. ო-ი. ისინი მათგან დაშორებული იქნებოდნენ დაახლოებით 30–40 მეტრით. თავიდან ისინი საუბრობდნენ, რაც შემდეგ გადაიზარდა ჩხუბში. ამ დროს ა. ბ-ემ დ. ო-რს სხეულის ზემო ნაწილში დაარტყა დანა, რის შემდეგაც დ. ო-ი ჩაიკეცა და ფორთხვით წავიდა ტროტუარისკენ. ა. ბ. კვლავ მივარდა მას და მეორედ დანა დაარტყა ფეხში. ამ დროს მან და შ. შ-ემ გადაკვეთეს გზა, შ-სთვის ყურადღება აღარ მიუქცევია და არ იცის, სად წავიდა, თვითონ კი დაიწყო ა. ბ-ის ძებნა, რომელიც ვერ იპოვა და წავიდა სახლში. მოწმე გ. მ-ის განმარტებით, სახაჭაპურესთან, ბირჟაზე, მან შეამჩნია ნაცნობები - ა. ა-ი, ბ-ი და ჯ. მ-ი. ჯ. იდგა მისგან დაახლოებით 10 მეტრში. როგორც ახსოვს, მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა ნ. გ-ი, რომელმაც მოუყვა ჩხუბის დეტალები, უთხრა, რომ დანის დარტყმის დროს იქვე იყო. დამატებით კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მან მ. ქ-საგან გაიგო, რომ ნ. გ-მა დაინახა ო-სა და ბ-ეს შორის ჩხუბის დეტალები. იმ დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ბ-ი არ შეუნიშნავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც მან და შ. შ-ემ გამომძიებელს ჩვენებები მისცეს, ორივე იხდიდა სასჯელს და ისხდნენ ერთ საკანში. მანამდე პოლიციისათვის მომხდარის თაობაზე არ უცნობებია, ვინაიდან იცოდა, რომ ა. ბ-ის დედას ჰყავდა ხელისუფლებაში გავლენიანი პირები და შეეშინდა. ნასამართლევი არის ოთხჯერ, ბოლო დანაშაულზე დაახლოებით ერთი წლის წინ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდა. დაცვის მხარის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი სხვა მკვლელობის საქმეზეც არის თვითმხილველი მოწმე. ა. ნ-ს არ იცნობდა. ჯ-სგან იცის, რომ ნ-ი არ იცნობდა ბ-ეს, არც ჯ. არ იცნობდა, პანაშვიდებზე სულ იყო ამ თემის განხილვა. იმ მომენტში დ. კ. იქ არ დაუნახავს. მერე უთხრა დ-მა, რომ იმ დროს ტრიალებდა ტერიტორიაზე და დაინახა, როგორ დაარტყა ბ-ემ დანა ო-ს.
9.9. მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ბ-მა აჩვენა, რომ ა. ბ-ეს იცნობდა, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. დ. ო-ს იცნობდა და ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რადგან ერთ სკოლაში სწავლობდნენ. 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, გამოვიდა სახლიდან და უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგონას ხ-ის ქუჩაზე. გამოიარა ი-ის ქუჩაზე, სადაც ვერავინ ნახა. შემდეგ ეზოთი გადავიდა პ-ის ქუჩაზე, გადაკვეთა ქუჩა და ელოდებოდა სამარშრუტო ტაქსის. მოწმის განმარტებით, იგი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში იდგა „ჯ-ის“ ოფისის წინ და იყურებოდა სლოტკლუბ „გ-ის“ მხარეს, სადაც, დაახლოებით 20–25 მეტრში შენიშნა დ. ო-ი და ა. ბ., რომლებიც ერთმანეთს დაძაბულად ესაუბრებოდნენ, თუმცა საუბრის თემა არ გაუგონია. შემდეგ დაიწყეს ძიძგილაობა, რა დროსაც ა. ბ-ემ დანა დაარტყა დ. ო-ს, რომელიც ჩაიკეცა. ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო, დაიბნა და სასტუმრო „ა-კენ“ შეტრიალდა, დაახლოებით 10–15 წამში ისევ მოიხედა და დაინახა ო-ი, რომელიც ქუჩას კვეთდა. უცებ ბევრი ხალხი შეგროვდა და ზუსტად ყველაფერი აღარ ახსოვს. დაინახა მხოლოდ ის მომენტი, როდესაც დ. ო-ს მანქანაში სვამდნენ, თუ ვინ სვამდა, არ ახსოვს. ო-ი რომ ჩაიკეცა და ბორძიკით დაიწყო ქუჩის გადაკვეთა, ბ. იქ აღარ დაუნახავს. ნ. გ-ი თავიდან შენიშნა, თუმცა ძიძგილაობის დროს იქ აღარ შეუმჩნევია. დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში ტაქსით დატოვა ის ადგილი. შემდეგში გავრცელდა ვერსია, რომ დ. ო-სა და ,,ა-ს“ ტელეფონის გამო მოუვიდათ კამათი. მოწმის განმარტებით, მას სურვილი არ გასჩენია, მისულიყო დ. ო-თან, ვინაიდან დაიბნა და მოერიდა იმ ადგილს. შ. შ-სა და გ. მ-ეს იცნობს, მაგრამ ადგილზე არ შეუმჩნევია. დ. კ-ეს შეიძლება იცნობს, მაგრამ ვერ იხსენებს, ვისზეა საუბარი. მომხდარის თაობაზე არც ოჯახში და არც მეგობრებთან არ უსაუბრია, საგამოძიებო ორგანოდანაც არავინ დაჰკავშირებია. პირველად გამოძიებას ჩვენება მისცა 2015 წელს, როცა გამომძიებელმა დაიბარა დაკითხვაზე. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი და იყო ძებნილი.
9.10. სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე დ. კ-ის მიერ 2015 წლის 18 მარტს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ს-ის ქუჩა №-–ში მდებარე კერძო სახლის ერთ–ერთ ოთახში. მატერიალური გაჭირვების გამო მ-ს ქუჩაზე თხოულობს მოწყალებას. დ. ო-ს დაჭრამდე რამდენიმე ხნით ადრე იდგა პოკერკლუბის შესასვლელთან. ამ დროს კლუბში იმყოფებოდა დ. ო. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი გ-ი, როგორც იცის, ეს ბიჭი იყო ვაკელი. ამ დროს პოკერკლუბში შევიდა მათ უბანში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იყო რაიონიდან. იგი მივიდა დ. ო-თან, რომელიც თამაშობდა პოკერის აპარატებზე და გამოიყვანა ქუჩაში. თვითონ მათგან დაშორებული იყო რამდენიმე ნაბიჯით. ამ ბიჭს, რომელმაც დ. ო-ი გამოიყვანა გარეთ, ეძახდნენ ,,ა-ოს“. მას ესმოდა ,,ა-სა“ და დ. ო-ის საუბარი. ,,ა-ომ“ ჰკითხა, თუ როდის აპირებდა მისთვის ე.წ. „თავანის“ ჩაბარებას, რაზეც დ. ო-მა უპასუხა, რომ რამდენიმე თვეში ჩააბარებდა თავანს. მათ არ დაუკონკრეტებიათ თავანის სახით რა თანხა ჰქონდა მისაცემი დ. ო-ს ,,ა-სთვის“. საუბრის შემდეგ დ. ო-ი და ,,ა-ო“ მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ საუბრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იმყოფებოდა ისევ პოკერკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე. კლუბში შესული იყო დ. ო-ი. დაინახა, რომ კლუბში შევიდა და მასთან მივიდა ,,ა-ო“. მან კვლავ გამოიყვანა დ. ო-ი გარეთ და მოსთხოვა თავანის ჩაბარება, რაზეც დ. ო-მა უთხრა, რომ არ ჰქონდა ფული და ვერ ჩააბარებდა თავანს. ამისთვის უნდა მიეცა დრო. ისინი საუბრობდნენ განმარტოებით, იდგნენ პოკერკლუბის წინ, ტროტუარზე. თვითონ ამ დროს იდგა მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით. მათ შორის დაიძაბა ვითარება, ისინი საუბრობდნენ ხმამაღლა. ამ კამათის დროს ,,ა-ომ“ დაარტყა სახეში დ. ო-ს, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს დაუწყეს ცემა. მათი ჩხუბი გაგრძელდა რამდენიმე წამს, რის შემდეგაც დ. ო-ი კოჭლობით გაიქცა გზაზე, გ-ას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ქუჩაზე გადასვლისას მას ტროტუარიდან აგინებდა ,,ა-ო“, ასევე დ. ო-იც აგინებდა მას. ,,ა-ო“ მალევე გაიქცა პ-ის ქუჩაზე. მას ეცვა რუხი ფერის შარვალი, მუქი ფერის ნაჭრის ქურთუკი და თავზე ეხურა ,,კეპკა“. იმ ადგილზე, სადაც დ. ო-ი და ,,ა-ო“ ჩხუბობდნენ, სისხლის წვეთები მოგვიანებით მოწმინდა პოკერკლუბის თანამშრომელმა ქალმა, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს. დ. ო-ი გადარბოდა გზაზე, როდესაც გააჩერა მუქი ფერის, როგორც ახსოვს, ,,ო–ის“ მარკის ავტომანქანა. დ. ო-ი მანქანაში ჩასვა, როგორც ახსოვს, ორმა ბიჭმა, რომლებმაც წაიყვანეს დაჭრილი. ეს ბიჭები სხვა დროს არ უნახავს. როდესაც დ. ო-ი და ,,ა-ო“ ჩხუბობდნენ, დაინახა, რომ პ-ის ქუჩის მეორე მხრიდან მ-ის მხარეს გადმოირბინა ნ-ამ, ,,ა-ოს“ მეგობარმა. როდესაც ის გადმოვიდა ქუჩაზე, ამ დროს ,,ა-ო“ და დ. ო-ი უკვე გაიქცნენ. ამ ჩხუბს ასევე შეესწრნენ პ–კლუბის დაცვის თანამშრომლები - მ. და ფ-ი. მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩაწყნარდა, ფ-ს ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც ფ-მა უთხრა, რომ შელაპარაკება მოუხდათ ერთმანეთში, დ. ო-ი დაჭრესო. ამ შემთხვევას ასევე შეესწრო პოკერკლუბის გვერდით არსებული მაღაზიის თანამშრომელი ქალი ნ., ასევე ახსოვს სასურსათო მაღაზიის მეპატრონე ახალგაზრდა ბიჭი ზ.. დ. ო-ის დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ნახევარ საათში მივიდა პოლიცია. მოგვიანებით უბანში მცხოვრებლებისგან გაიგო, რომ დაჭრილი დ. ო-ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
9.11. მოწმის სახით დაკითხული ზ. მ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ა. ბ-ეს არ იცნობს. 2004 წელს მ-სა და პ-ს ქუჩების კუთხეში მამამისს ჰქონდა სასურსათო მაღაზია, რომლის გვერდითაც იყო სლოტკლუბი. 2004 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, მანქანა გააჩერა მაღაზიასთან, დაახლოებით 10–15 მეტრში. ამ დროს შემოესმა გინების ხმა. გაიხედა და დაინახა, რომ ერთი ადამიანი დაიძრა პ-ის, მეორე კი - მ-ის მიმართულებით. ერთმა ჩქარი ნაბიჯით გაირბინა. ისინი ერთად მყოფები არ დაუნახავს, არც სახეზე დაუნახავს. ახსოვს, რომ მ-ის ქუჩისკენ მიმავალი პირი აგინებდა პ-სკენ გადამსვლელს. მას ხელში ეჭირა ტელეფონი, რომლის ეკრანი ანათებდა, ეს უნდა ყოფილიყო „–“ მოდელის ტელეფონი. ის პირი, რომელიც გზას კვეთდა, არ ახსოვს, საით წავიდა, ყურადღება არ მიუქცევია. არც ის ახსოვს, კოჭლობდა თუ არა. მ-ის ქუჩისკენ მიმავალს რომ ვინმე გამოსდევნებოდეს, არ შეუნიშნავს, არ ყოფილა ეს მოვლენა მისი დაკვირვების საგანი.
9.12. სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ. ჯ-ემ განმარტა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს გადაადგილდებოდა პ-ის გამზირზე თავისი კუთვნილი ა/მანქანა „–“, სახ. №--. იყო საცობი და ნელა მოძრაობდა, იმყოფებოდა გ-ას გამზირზე მდებარე მაღაზია „რ-სთან“, როდესაც შეამჩნია ორი ბიჭი და ერთი გოგო. მათ შორის ერთ–ერთი ბიჭი დაჭრილი იყო, რომელიც შუაში იდგა ბიჭსა და გოგოს შორის. მან დაჭრილი პირი მანქანაში, უკანა სავარძელზე მოათავსა, ხოლო მისი თანმხლები პირი წინა სავარძელზე დაჯდა, რის შემდეგაც წავიდნენ რ-რ საავადმყოფოში.
9.13. სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს მოწმე მ. ლ-ს ჩვენების ადგილზე შემოწმებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათზე, იმყოფებოდა მაღაზია ,,კ-ს“ საწყობში, რა დროსაც შემოესმა ჩხუბი ქუჩიდან. გავიდა და დადგა კართან. დაინახა, რომ საშუალო სიმაღლის, მისთვის უცნობი, დაახლოებით 18 წლის ბიჭი იდგა ტროტუარზე კიდესთან, მისკენ ზურგით, ეხურა მუქი ფერის ,,კეპი“ და აგინებდა გ-ას გამზირზე გადამსვლელ, მისთვის უცნობ სამ ახალგაზრდა ბიჭს. გინება და მუქარა გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთს, რის შემდეგაც ,,კეპიანი“ მიბრუნდა და გაიქცა მ-ის მიმართულებით. ის სამი ბიჭი კი გადავიდა გამზირზე, სადაც გააჩერეს მანქანა და წაიყვანეს ვ-ას მიმართულებით.
9.14. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ. ქ-ის ჩვენებები, საიდანაც ირკვევა, რომ იგი გამოვიდა მაღაზიიდან და წავიდა გასტრონომში. მაღაზიის კარის წინ შენიშნა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საუბრობდა მობილურზე. როგორც შემდეგ გაიგო, ეს ბიჭი დ. ო-ი იყო. მას მიუახლოვდა 20 წლამდე ასაკის ბიჭი, შავქურთუკიანი და შავკეპიანი, რომელმაც კატეგორიულად მოსთხოვა ო-ს დამარეკინეო. ო-მა ასევე კატეგორიულად უთხრა, არაო. ამ ბიჭმა ლანძღვით დაუწყო ლაპარაკი - სადარბაზოში აგიყვანო. ო-მა უთხრა, წამო, გავიდეთო. ამ დროს ჩაუარა და გადავიდა მაღაზიაში. დაბრუნდა დაახლოებით 5 წუთში და გაიგო, რომ ო-ი იყო დაჭრილი მუცელში, თუმცა იქვე მყოფმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც მათხოვრობს, უთხრა, რომ ო-ი მძიმედ არ უნდა ყოფილიყო დაჭრილი, ვინაიდან თავისი ფეხით გადავიდა გზაზეო. მეორე კი, რომელიც ეკამათებოდა ო-ს, გაქცეულა მ-ის სიღრმისკენ. ამ ბიჭს, რომელიც ესაუბრა, თუ არ ცდება, ჰქვია დ. კ.. დამჭრელის აღწერა არ შეუძლია. კამათისას, რასაც შეესწრო, ერთმანეთისთვის სახელით არ მიუმართავთ. ,,კეპიანს“ ჩვეულებრივი თბილისური აქცენტი ჰქონდა.
9.15. მ. კ-ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი სპეციალობით არის სკოლამდელი აღზრდის მეთოდიკისა და პედაგოგიკის სპეციალისტი. ის იცნობდა თ. მ-ას, რომელსაც ჰყავდა დაახლოებით 17 წლის შვილი, რომელმაც არ იცოდა წერა–კითხვა. მას თ. მ-ამ სთხოვა, რომ მოემზადებინა მისი შვილი - ა. ბ. და ესწავლებინა მისთვის წერა–კითხვა. ის ა. ბ-ს ამეცადინებდა 6 თვის განმავლობაში, 2003 წლის ბოლოდან 2004 წლის დასაწყისამდე. ამ პერიოდში ა. ბ-ეს ვერ ასწავლა წერა–კითხვა, იგი საერთოდ ვერ იმახსოვრებდა, რასაც უხსნიდა და ელაპარაკებოდა, ვერ იმახსოვრებდა დავალებებს. ა. ბ-ემ ექვსი თვის მანძილზე ძლივს შეძლო თავისი გვარის დაწერა. მან ვერ ასწავლა ა. ბ-ეს ელემენტარული ლექსიც, რომელსაც ძალიან იოლად ითვისებენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ა. ბ-ემ ვერ ისწავლა ასევე ათის ფარგლებში ანგარიში, ვერ წერდა თანმიმდევრულად ციფრებს. ა. ბ-ეს ძალიან მოსწონდა და თამაშობდა პატარა, დაახლოებით 3–5 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოებით. მას არ შეეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება, რამდენადაც არ იცოდა ელემენტარული ცხოვრებისეული მოქცევა. მისივე განმარტებით, როდესაც ერთ დღეს ა. ბ-ის სამეცადინოდ მივიდა, იგი სახლში მარტო დახვდა, რა დროსაც გაზის სუნი იგრძნო. როდესაც სამზარეულოში შევიდა, ნახა, რომ გაზქურის ყველა ონკანი ღია იყო, ხოლო ა. ბ. ჩაბნელებულ და ფარდაჩამოფარებულ ოთახში მარტო იჯდა.
9.16. მოწმე ნ. კ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. ბ. იყო მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლე ქ-ის - საჯარო სკოლაში. ა. ბ. ბუნებით იყო ძალიან კარგი ბავშვი, თუმცა ადვილად ,,გამოდიოდა წყობილებიდან“. მას უფრო არ შეეძლო სწავლა, ვიდრე არ უნდოდა. ჰქონდა ურთიერთობის პრობლემა. ა. ბ. მისი მოსწავლე იყო მე–8 კლასამდე, შემდეგ ის გავიდა სკოლიდან. თავისი გონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას უნდა ესწავლა ინკლუზიური სწავლების პროგრამით.
9.17. სტაციონარული სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად: „ა. ბ-ეს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი – F–70.0). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა. ბ-ეს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ა. ბ-ის ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა. ბ-ეს შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ა. ბ-ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა. ბ. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ა. ბ-ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ა. ბ. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ– ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.“
9.18. ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--დასკვნის თანახმად, ამჟამად შ. შ-ს აღენიშნება არაფსიქოზული დონის ფსიქიკური აშლილობა – ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი – --). აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. 2004–2005 წლებში შ. შ-ეს რაიმე ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც ვერ გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას, არ აღენიშნებოდა. 2004–2005 და 2014–2015 წლებში შ. შ-ეს არ ჰქონდა და დღეის მდგომარეობითაც არ აქვს ისეთი ფსიქიკური ნაკლი, რის გამოც არ შეეძლო და არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებებში. მეხსიერების იმგვარი პრობლემები, რის გამოც შესაძლოა, სწორად ვერ დაიმახსოვროს და გაიხსენოს ესა თუ ის მოვლენა, შ. შ-ეს არ აქვს.
9.19. ექსპერტმა ა. ტ-ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ ა. ბ-ეს თავდაპირველად ჩაუტარდა ამბულატორიული ექსპერტიზა, რის შემდგომაც საჭირო გახდა სტაციონარულად დაკვირვება. შემდეგ ჩატარდა სტაციონარული ექსპერტიზა; მოხდა დაკვირვება; გამოკვლეულ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, წარმოდგენილ იქნა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაც; საბოლოოდ დადგინდა, რომ მას აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, კოდი --. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას ასევე აღენიშნებოდა ეს ფსიქიკური პათოლოგია, მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. მისი ფსიქიკური აშლილობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს. არ არის დაავადებული ისეთი ფსიქიკური დაავადებით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. რაც შეეხება შ. შ-ეს, მოწმის განმარტებით, დასმული იყო შეკითხვები – იყო თუ არა იგი დაავადებული ფსიქიკურად 2004–2005 წლებში და 2014–2016 წლებში და დღეის მდგომარეობით ჰქონდა თუ არა ფსიქიკური ნაკლი, ასევე მახსოვრობის პრობლემები. შ. შ. ამბულატორიულად გამოიკვლიეს. დასკვნა იყო ასეთი: შ. შ-ეს აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, კოდი – --. მას მითითებულ წლებში არ ჰქონდა რაიმე ფსიქოზური დაავადება, რომ ვერ გაეწია ანგარიში თავისი მოქმედებისთვის და ასეთი არც დღეის მდგომარეობით არ აქვს. რაც შეეხება მის შერაცხადობას, კვლევის საგანი არ ყოფილა, რადგან მას ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი.ადვოკატის კითხვაზე ექსპერტმა განმარტა, რომ კოდი -- ნიშნავს მსუბუქ გონებრივ ჩამორჩენილობას და ა. ბ-სთან მიმართებით შეესაბამება 12–13 წლის ასაკს.
9.20. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის 2004 წლის 27 ოქტომბრის №-- დასკვნის მიხედვით (უდავო მტკიცებულება), დ. ო-ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ნაჩხვლეტ–ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვისა და გულის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა მასობრივი სისხლდენა და ორგანიზმის მწვავე სისხლნაკლებობის განვითარება.
10. რაც შეეხება მტკიცებულებათა უტყუარობის შესაფასებლად გასაანალიზებელ პირველ საკითხს - რომ ჩვენებები, რომლებსაც დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი, მიცემულია შემთხვევიდან 11 წლის შემდეგ - ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო: ჩემი კოლეგა მოსამართლეების მოსაზრებით, გაუმართლებელია მტკიცებულებათა სანდოობის შეფასებისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა მივანიჭოთ მომხდარი ფაქტიდან ჩვენების მიცემამდე გასულ დროს. მე ვეთანხმები ჩემი კოლეგების აღნიშნულ ზოგადი ხასიათის განმარტებას, ვინაიდან, საკასაციო პალატას ჩვენივე შემადგენლობით, არაერთ საქმეზე დაუდგენია განაჩენი წლების შემდეგ მიცემული ჩვენებების საფუძველზე. თუმცა, მოცემულ საქმეში პირდაპირი ჩვენებების გაზიარების პრობლემა დაკავშირებულია არა დროის ფაქტორთან, არამედ - მის შეუთავსებლობასთან საქმის სხვა გარემოებებთან, კერძოდ:
11. მოწმეები: შ. შ., გ. მ. და ლ. ბ. თავიანთ ჩვენებებში გამოძიებასთან დროულად ართანამშრომლობის მიზეზად ასახელებენ ყოფილ ხელისუფლებაში ა.ბ-ის დედის გავლენიანი მეგობრების საკითხს. უფრო ზუსტად, მათი მხრიდან შესაძლო შურისძიების შიშის ფაქტორს.
12. ამ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატის ჩემი კოლეგა მოსამართლეების პოზიციაა, რომ ა) შიშის ფაქტორზე მეტად, აქ მნიშვნელოვანია მათი ასაკი, ვინაიდან აღნიშნული მოწმეები იმ დროს იყვნენ 14-15 წლისანი და ამ ასაკში არ მოეთხოვებოდათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მართლშეგნების მაღალი დონე; ამასთან, იმ დროს ქვეყანაში იყო მძიმე კრიმინოგენული ვითარება და გამოძიებას ჩვენებები მისცეს უკვე ზრდასრულ ასაკში; ბ) თანაც, დ. ო-ის ოჯახისათვის ისედაც იმავე დღეს გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის შესახებ.
13. აღსანიშნავია, რომ მოწმეები თავიანთ ჩვენებებში საერთოდ არ მიუთითებენ ასაკობრივ ფაქტორზე (რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა მათი დუმილი), არამედ ისინი ერთმნიშვნელოვნად ასახელებენ ა. ბ-ის დედის მეგობრულ კავშირს მაშინდელი ხელისუფლების გავლენიან პირებთან და ამასთან დაკავშირებულ შიშის ფაქტორს. შესაბამისად, ჩემი კოლეგების შეფასება მეტ-ნაკლებად განსხვავდება მოწმეთა განმარტებისაგან.
14. ამასთან, გაუგებარია 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რატომ დუმდნენ ისინი კიდევ 3 წლის განმავლობაში - 2015 წლამდე. ამ დროს ხომ უკვე მოხსნილი იყო როგორც ასაკობრივი, ისე ზემოთ მითითებული გარემოებებით გამოწვეული შიშის ფაქტორები.
15. რაც შეეხება ჩემი კოლეგების მხრიდან მოწმეთა გაუთქმელობის მოტივად, დამატებით იმ ფაქტორის მოშველიებას, რომ ოჯახმა იმავე დღეს ისედაც იცოდა სავარაუდო მკვლელის შესახებ, ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება მათსავე პოზიციას, ვინაიდან, თუკი ყველამ ისედაც იცოდა მკვლელის ვინაობის შესახებ, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო დიდი სამოქალაქო გაბედულების ან განსაკუთრებული მართლშეგნების გამოვლენის მაგალითი მათი მხრიდან გარდაცვლილის ოჯახისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება.
16. სხდომებზე შ. შ-ე მთელი დაკითხვის პერიოდში სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს აწვდიდა. მან განმარტა, რომ მოწმის სახით პირველად იკითხებოდა. თუმცა ჩვენების ბოლოს დაავიწყდა აღნიშნული და დაცვის მხარის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მის მიერ ჩვენების მიცემა 11 წლის შემდეგ, აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მკვლელობის საქმეზე, რომელზეც იცოდა, რაც მოხდა და იკითხებოდა, გარდაცვლილის დედამ სთხოვა ეთქვა სიმართლე, რამაც მასზე გავლენა მოახდინა და გადაწყვიტა ამ საქმეზეც ეთქვა სიმართლე.
17. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუკი 11 წლის შემდეგ უცხო ქალის ერთმა სიტყვამ (სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნათქვამმა) გადააწყვეტინა ა.ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა, იმავე დღეებში, პანაშვიდებზე ყოფნისას, რატომ არ უამბო ყველაფერი თავისი უახლოესი მეგობრის ჭირისუფალ ოჯახს, რომელთაც, რა თქმა უნდა, გარდა მკვლელის ვინაობისა, აინტერესებდათ ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მოწმეების: შ.შ-ის, გ. მ-ისა და ლ.ბ-ის განმარტებები გამოძიებასთან 11 წლის შემდეგ თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, არის აშკარად არალოგიკური და არადამაჯერებებლი, რის გამოც არ ვეთანხმები ჩემი კოლეგა მოსამართლეების პოზიციას ამ განმარტებების გაზიარების ნაწილში.
19. რაც შეეხება უტყუარობის შესაფასებლად გასაანალიზებელ შემდეგ კომპონენტს - მტკიცებულებებთან (ჩვენებებთან) დაკავშირებული წინააღმდეგობების საკითხს - აქ აღსანიშნავია, რომ ეს წინააღმდეგობები გამოკვეთილია და სამივე ინსტანციის სასამართლო მსჯელობს პრაქტიკულად ერთსა და იმავე მოცემულობის ირგვლივ. განსხვავება მხოლოდ შეფასების ნაწილშია. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობები არსებითი ხასიათისაა და ამიტომ არ გაიზიარეს ეს მტკიცებულებები, ხოლო ჩემს კოლეგა მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ არსებობს და მოწმეების: შ.შ-ის, გ.მ-ის და ლ.ბ-ის ჩვენებების უტყუარობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩემს კოლეგებს აღნიშნულ შეფასებაშიც ვერ დავეთანხმები შემდეგ გარემოებათა გამო:
20. როგორც შ. შ-ე თავის ჩვენებაში აღნიშნავს, იგი გ. მ-ესთან ერთად იმყოფებოდა სლოტკლუბ ,,გ-ის“ მიმდებარედ, მოპირდაპირე მხარეს, რა დროსაც შენიშნა რაღაც ჩოჩქოლი. დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანიანი ხელი ა. ბ-ემ დ. ო-ს ორჯერ. შემდეგ ნახა, თუ როგორ გადარბოდა ქუჩაზე ჯ. მ-ი, ალბათ, მისაშველებლად. თავად შემთხვევის ადგილისკენ არ წასულა, დაიბნა და გეზი აიღო ხელმარჯვნივ, მაღაზია ,,დ-სკენ“. შემდეგ კი სახლში წავიდა. მეორე დღეს გაიგო დ. ო-ის გარდაცვალების შესახებ. შ. შ-ის განმარტებით, მანამდე შეიხედა სახაჭაპურეში, სადაც შენიშნა ჯ. მ-ი, ა. ა-ი და ბ-ი. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ. მ-მაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დაჭრის შემდეგ მან გადაკვეთა ქუჩა და წავიდა ა. ბ-ის მოსაძებნად, თუმცა ვერ იპოვა და სახლში წავიდა. დ.ო-ის დაჭრამდე სახაჭაპურესთან, ბირჟაზე, შენიშნა ნაცნობები - ჯ. მ-ი, ა. ა-ი, ა-ე და ბ-ი. დაჭრის შემდეგ ქუჩას თითქმის ერთდროულად კვეთდნენ თავად და ჯ. მ-ი. მოწმე ჯ.მ-ი კი, რომელმაც, როგორც საქმის მასალებითაა დადასტურებული, ნამდვილად გადაკვეთა ქუჩა და მივიდა დაჭრილთან, კატეგორიულად უარყოფს შ. შ-ისა და გ. მ-ის შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დანახვის ფაქტს.
21. აღსანიშნავია ასევე შ. შ-ისა და გ. მ-ის მითითება, რომ შემთხვევამდე, სახაჭაპურესთან შენიშნეს ჯ. მ-ი, ა. ას-ი, გ. ა-ე და გ. ბ-ი, მაშინ, როცა მოწმეებმა - ჯ. მ-მა და ა. ნ-მა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ამ დროს მათთან ერთად სხვა პირები, მათ შორის - ა-ი და ბ-ი, არ ყოფილან.
22. ამ გარემოებას ჩემი კოლეგები სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ და აღნიშნავენ, რომ ა. ნ-მა არ გამორიცხა შ. შ-ისა და გ.მ-ის მათ სიახლოვეს ყოფნის ფაქტი, მაშინ, როდესაც როგორც ჯ. მ-ი, ისე ა.ნ-ი შინაარსობრივად ნამდვილად გამორიცხავენ ზემოაღნიშნულ ფაქტს. ისინი არ ადასტურებენ ობიექტურად, მოწმეთა მიერ აღწერილ გარემოებებში, მათი განლაგების, მათი მოქმედებების გათვალისწინებით, სხვა ნაცნობების იქ ყოფნას. მხოლოდ ბრალდების მხარის არაერთჯერადი შეკითხვის შემდეგ აღნიშნა ა. ნ-მა, რომ გარშემო შეიძლება კიდევ ვინმე ყოფილიყო, რაც არ ახსოვს. მიმაჩნია, რომ ა.ნ-ის ჩვენებასთან დაკავშირებული ჩემი კოლეგების ინტერპრეტაცია არ გამომდინარეობს მოწმის ჩვენების სულისკვეთებიდან და არ უნდა განიმარტოს იმ მნიშვნელობით, რომ თითქოს მ-ისა და ნ-ის სიახლოვეს იმყოფებოდნენ შ-ე და მ-ე და ნ-მა, მართალია, ვერ დაინახა, მაგრამ დაუშვა მათი იქ ყოფნის შესაძლებლობა.
23. ამ საკითხთან მიმართებით არ ვეთანხმები ჩემი კოლეგების კიდევ ერთ შეფასებას, როდესაც აღნიშნავენ, რომ ჯ.მ-ისა და ა.ნ-ის მიერ მათ სიახლოვეს ნაცნობების ვერდანახვა სრულიად ბუნებრივია, რადგან გონებაში მათ უფრო მეტად შემორჩათ თავიანთ მეგობართან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაცია, ვიდრე -სხვა, მეორეხარისხოვანი გარემოებები (როგორიცაა ნაცნობების დანახვა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შეფასებას ისინი აკეთებენ მხოლოდ ჯ. მ-ისა და ა.ნ--ის შესახებ და არა ასევე შ. შ-ისა და გ.მ-ის მიმართაც, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ (ჯ.მ-სა და ა.ნ-ის მსგავსად ხედავდნენ კონფლიქტის ფაქტს, დ.ო-ი მათი მეგობარიც იყო და მთელი კონცენტრაცია კონფლიქტისკენ უნდა ჰქონოდათ ასევე მიმართული) მაგრამ, მიუხედავდ ამისა, მათ რატომღაც მაინც კარგად დაინახეს ჯ.მ-იცა და ა. ნ-იც.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აღწერილ ეპიზოდებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები აშკარაა.
25. ჩემი კოლეგების პოზიციის მიხედვით - მოცემულ საქმეში პირდაპირ ჩვენებებთან დაკავშირებული შეუსაბამობები ვერ იქნება ხელის შემშლელი გარემოება მათი გაზიარების თვალსაზრისით, ვინაიდან, მიუხედავად ამგვარი შეუსაბამობებისა, მთავარი ისაა, რომ მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები ერთობლივად ადასტურებენ ძირითად და ყველაზე არსებით ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მათი მოსაზრებით, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების შეფასება იმის მიხედვით, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი მომხდარი დანაშაულის შემდეგ, ანდა რას ჰყვებიან, არა ფაქტის მონაწილე პირთა მოქმედებების, არამედ - შემთხვევის დროს სხვა პირების იქ ყოფნა-არყოფნის შესახებ, ამ შემთხვევაში მიზანშეუწონელია.
26. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებები, როგორც წესი, ვერ იქნება იდენტური და ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს მოვლენას. ასევე გასათვალისწინებელია მტკიცებულებების ფორმირების პირობები, კერძოდ: ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის, ასევე შემთხვევიდან გასული დრო და ა.შ., რაც სხვადასხვა მოწმის ჩვენებას შორის არსებულ არაარსებით წინააღმდეგობებს სრულიად ლოგიკურად ხსნის. თუმცა, როდესაც ა.ბ-ის ბრალდების საქმეში თავად მოწმის ჩვენება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და არალოგიკურ ინფორმაციას და ამავდროულად, იგი ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებსაც, რასაც ემატება ისეთი საყურადღებო გარემოებები, როგორიც არის 11 -წლიანი დროის პერიოდი, ხანგრძლივი პატიმრობისას ერთ საკანში ყოფნა - მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დროს უნდა შემოწმდეს დეტალურად ყველა გარემოება, მათ შორის - დანაშაულის შემდეგ განვითარებული მოვლენები, თვითმხილველთა მოქმედებები და სხვა მრავალი დეტალი. ამიტომ ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგებს იმ საკითხშიც, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეების მიერ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება საკმარისია ამ ჩვენებების გაზიარებისა და გამოყენებისათვის.
27. ჩემი პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად მოვიხმობ რამდენიმე მაგალითს უზენაესი სასამართლოს ბოლო წლების პრაქტიკიდან:
27.1. საკასაციო პალატის №570აპ-16 გადაწყვეტილებით (მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი, პ. სილაგაძე, ნ. გვენეტაძე), ტ. პ-ი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ არგუმენტებზე დაყრდნობით გამართლდა, რომ პოლიციელების ჩვენებები (რომელთა თანახმადაც, ისინი შემთხვევის ადგილთან სწორედ იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც ბრალდებული აფთიაქის კიბიდან ყუთით ხელში ჩამორბოდა და მისი აფთიაქში ყოფნის ფაქტი სადავო არ იყო) არ იყო უტყუარი, კერძოდ: მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ტ.პ-ი საეჭვო პირად მიიჩნიეს და მისი შეჩერება გადაწყვიტეს, ბრალდებულის სირბილის მიუხედავად, მოწმე პოლიციელმა ვ. გ-მა განმარტა, რომ მას უკან გაჰყვა (მოწმე პოლიციელმა დ.ს-მა თავის მხრივ მიუთითა, რომ ვ. გ-ი ბრალდებულს სრაფი ნაბიჯით აედევნა), ამასთან, პოლიციელებმა არ დაუძახეს ბრალდებულს მაშინაც კი, როდესაც იგი ორმხრივი გასასვლელის მქონე სადარბაზოში შედიოდა (საიდანაც კვალის დაკარგვის ალბათობა იზრდებოდა). კვალის დაკარგვის შემდეგ აღნიშნულმა პოლიციელებმა არ უხმეს დამხმარე ძალას, არც რაციით გადასცეს ამის შესახებ და ასევე დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ დანაშაულის შემდეგ ბრალდებულის სახლში მისვლა-არმისვლის ფაქტი რატომ არ გადაამოწმეს.
ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე პოლიციელები პრაქტიკულად შეესწრნენ დანაშაულის ფაქტს და ძირითად ფაქტობრივ გარემოებას (რომ ტ.პ-ი, ყუთით ხელში, აფთიაქის კიბეზე ჩამორბოდა) ერთგვაროვნად გადმოსცემდნენ, საკასაციო პალატამ, მათი ჩვენებები მაინც არ გაიზიარა სწორედ მათი ქმედებების არალოგიკურობისა და დანაშაულის შემდეგი ეპიზოდების აღწერისას გამოკვეთილი შეუსაბამობების მოტივით;
27.2. კ.კ-ე - №262აპ-17 (საქმე განხილულია იგივე შემადგენლობით). აღნიშნული პირი ნარკოტიკულ დანაშაულში გამართლდა, სამი მოწმე პოლიციელის ჩვენებების წინააღმდეგობრიობისა და მათი ქცევის არალოგიკურობის გამო, კერძოდ: მოწმე ს-ემ განმარტა, რომ მ-ისა და ც-ის გარდა შემთხვევის ადგილზე სხვა არავინ იყო, მაშინ, როდესაც ც-ემ დაბეჯითებით განაცხადა, რომ მათგან 3-6 მეტრის მოშორებით იდგა პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც, მისი აზრით, იცავდა პერიმეტრს. ასევე შეუსაბამო იყო მათი ჩვენებები კ-ის დაკავების ნაწილშიც - მ-ე აღნიშნავდა, რომ მანქანით მივიდნენ თ-ის დასახლებაში, მე-10 სახლის მიმდებარედ, იმოძრავეს 10-15 წუთი, შემდეგ წავიდნენ ქვემოთ, ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც შენიშნეს და დააკავეს კ-ძე. ც-ის განმარტებით კი - პოლიციელებმა გადაკვეთეს რკინიგზის გადასასვლელი და ქალაქიდან თ-ის დასახლების მიმართულებით გაემგზავრნენ, შენიშნეს კ-ე და მაშინვე დააკავეს. ამასთან, მოწმეებმა ვერ ახსნეს კ-ის მყისიერი დაკავების აუცილებლობა, მაშინ, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს მის ხელთ არსებული ნარკოტიკი უნდა გაესაღებინა მესამე პირზე.
საგულისხმოა, რომ სამივე პოლიციელი მიუთითებდა კ-ისაგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტზე (ანუ ძირითად ფაქტობრივ გარემოებაზე);
27.3. ც.ზ-ე - №397აპ-14 (მოსამართლეები: პ.სილაგაძე, გ. შავლიაშვილი, მ.ოშხარელი). ც.ზ-ემ დ. მ-ს ჯერ მუშტი ჩაარტყა ხელში, ხოლო შემდეგ ჩანთა - თავსა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები დანაშაულებრივ ფაქტს ადასტურებდნენ, განსხვავებულად აღწერდნენ განვითარებულ მოვლენებს, მაგალითად: დაზარალებულის განმარტებით, მისი ცემის შემდეგ ც.ზ-ე წავიდა სვეტიცხოვლის შესასვლელისკენ, ხოლო მ. ხ-ის განმარტებით, ზ-ე გაემართა საპირისპირო მიმართულებით; დაზარალებულის განმარტებით, მისი ცემის შემდეგ უცხო პირებმა მისცეს დამამშვიდებელი წამალი, ხოლო მოწმე ხ-ის ჩვენებით, დაზარალებულს წამალი თავად ჰქონდა და სხვისგან არ მიუღია და სხვ.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ერთობლივად აღებული ეს წინააღმდეგობები დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც პალატამ ისინი არ გაიზიარა და ბრალდებული ზ-ე გაამართლა.
28. მსგავსი არაერთი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენივე შემადგენლობით განხილული საქმეებიდან, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა არსებითი მნიშვნელობისა შეიძლება იყოს ის შეუსაბამობები, რომლებიც იკვეთება ა.ბ-ის საქმის დეტალებში და რომლებიც, ჩემი კოლეგების მოსაზრებით, ვერ იქნება ხელის შემშლელი შ. შ-ის, გ. მ-ისა და ლ. ბ-ის ჩვენებების გაზიარების საკითხში, ხოლო ჩემი მოსაზრებით, ისინი ნიადაგს აცლის ამ ჩვენებათა სანდოობას:
29. მოწმე ლ. ბ-მა განმარტა, რომ ხუთი წუთის განმავლობაში იდგა ,,ჯ-ის“ ოფისის წინ და იყურებოდა სლოტკლუბ ,,გ-ის“ მხარეს, რა დროსაც 20-25 მეტრში შენიშნა დ. ო-ი და ა. ბ-ე, რომლებიც ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ. ამ დროს დაინახა, თუ როგორ დაარტყა ა. ბ-ემ დანა დ. ო-ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი ჩაიკეცა, თავად კი დაიბნა და სასტუმრო ,,ა-სკენ“ შეტრიალდა, 10-15 წამში ისევ მოიხედა და დაინახა, თუ როგორ კვეთდა ქუჩას დ. ო-ი. სურვილი არ გასჩენია, მისულიყო დ. ო-თან, რასაც დაბნეულობით ხსნის. დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ ტაქსით დატოვა იქაურობა. მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი უთქვამს და პირველად გამოძიებას ჩვენება 2015 წელს მისცა.
30. მოწმის ასეთი განმარტება მისი დანაშაულის შემდეგი ქმედების შესახებ თავშივე უკარგავს დამაჯერებლობას მის ჩვენებას, ვინაიდან დაინახა, თუ როგორ დაარტყეს დანა მის მეგობარს და იმის ნაცვლად, რომ დაინტერესებულიყო მომხდარით და დახმარება გაეწია დაჭრილისთვის, სასტუმრო ,,ა-სკენ“ შეტრიალდა, შემდეგ კი საერთოდ დატოვა შემთხვევის ადგილი.
31. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ბ-ის განმარტებით, ის ფაქტობრივად სახაჭაპურის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებოდა და წესით, იგი ჯ. მ-ს უნდა შეემჩნია, რასაც მ-ი უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბ-ი არ დაუნახავს ისევე, როგორც არ დაუნახავს არც შ-ე და არც მ-ე.
32. ლ. ბ-ის მსგავსად, შ.შ-ის განმარტებაც სრულიად არაბუნებრივად და არადამაჯერებლად გამოიყურება იმ ნაწილში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ დაბნეულობის გამო არ მივიდა დაჭრილი დ. ო-ის დასახმარებლად. სახლში წავიდა და აღარ უკითხავს დაჭრილი მეგობრის ამბავი, მან მხოლოდ მეორე დღეს გაიგო დ.ო-ის გარდაცვალება და ეს მაშინ, როდესაც მთელი დაკითხვის მანძილზე ხაზს უსვამდა თავისი და დ. ო-ის მეგობრობის ამბავს და იმას, თუ როგორი განსაკუთრებულად კარგი პიროვნება იყო იგი და როგორ განიცდიდა მის გარდაცვალებას.
33. მოწმე შ.შ-ე ასევე მიუთითებს, რომ დანის დარტყმის მომენტში დ.ო-ისა და ა.ბ-სგან ცოტა მოშორებით შენიშნა გ-ი, რასაც გ-ი უარყოფს და მისი განმარტება, თავის მხრივ, სრულად შეესაბამება დ. კ-ის ჩვენებას, სადაც იგი მიუთითებს, რომ გ-მა რომ გადმოირბინა, ესენი (ო-ი და -ე) უკვე გაქცეულები იყვნენო.
34. გ.მ-ის განმარტებით, ის, რომ ჩხუბი მოხდა მობილურის თაობაზე, იცის ნ.გ-ისგან, რომელმაც უთხრა, რომ აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ დაინახა, თუ როგორ კამათობდნენ ა.ბ-ე და დ.ო-ი და დანის დარტყმის დროსაც იქვე იყო. სრულიად არადამაჯერებელია მ-ის აღნიშნული განმარტება, რადგან გ-მა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ საერთოდ არ იცნობს მ-ეს და თანაც, ამ თემაზე საერთოდ არავისთან უსაუბრია.
35. მოწმე გ-მა ასევე განმარტა, რომ აფთიაქიდან როდესაც გამოვიდა, შემთხვევა უკვე მომხდარი იყო, რასაც ადასტურებს დ. კ-ეც, რომელიც ჩვენებაში აღნიშნავს, რომ გ-მა როცა გადმოირბინა, ბ-ე და ო-ი უკვე გაქცეულები იყვნენო. ჩვენების დასასრულს მ-ემ საერთოდ შეცვალა თავისივე მოწოდებული ინფორმაცია და მიუთითა, რომ ვინმე ქ-სგან შეიტყო, რომ გ-მა დაინახა ჩხუბის დეტალები.
36. აქ მოყვანილი ფაქტების გარდა, მოწმეების: შ.შ-ის, გ. მ-ისა და ლ. ბ-ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები ყურადღებას უთმობენ სხვა შეუსაბამობებსაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მაგალითების ანალიზიც საკმარისია არსებითი წინააღმდეგობების ნათელი სურათის წარმოსაჩენად.
37. მართალია, მოწმის ჩვენება მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაციაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საინტერესოა შ. შ-ის, გ. მ-ისა და ლ. ბ-ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციაც, კერძოდ:
38. შ. შ-ემ გამოძიებას განუმარტა, რომ დაინახა, როგორ გამოვიდა სლოტკლუბიდან დ. ო-ი, რომელსაც უკან მოჰყვებოდა ,,ა-ო“. დაჭრის ფაქტის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა, გაჰკიდებოდა ბ-ეს და გაიქცა მისი მიმართულებით, მაგრამ სანამ პ-ის ქუჩა გადაკვეთა, დაეკარგა თვალთახედვის არედან. ჯ-იმ მოუყვა შემდეგ დაჭრილი ო-ი როგორ გადმოიყვანა გზაზე, გააჩერა გამვლელი მანქანა და წაიყვანა საავადმყოფოში.
39. შ. შ-ის თანასაკნელმა გ. მ-ემ გამოძიებას მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: დაინახა პოკერკლუბიდან როგორ გამოვიდნენ ო-ი და ბ-ე. დაჭრის ფაქტის შემდეგ ის და შ-ე გაეკიდნენ ბ-ეს, მაგრამ სანამ გზა გადაკვეთეს, ა-ი შევარდა ეზოში.
40. ლ. ბ-მა კი შემდეგი შინაარსის ჩვენება მისცა: შემთხვევის ადგილზე უცებ შეიკრიბა ხალხი და ისიც წავიდა იმ მიმართულებით. დაინახა, რომ ო-ი რამდენიმე ბიჭმა ჩასვა მანქანაში. როცა ,,პ-თან“ მივიდა, იქ შეკრებილი ხალხი საუბრობდა, რომ დაჭრილი ო-ი უბნელმა ბიჭებმა წაიყვანეს საავადმყოფოში.
41. ბუნებრივია, ასეთი ტიპის განმარტებები, რომ მათ დაინახეს დაჭრის ფაქტი და წავიდნენ შემთხვევის ადგილისკენ, არის ლოგიკური ქცევა და დამაჯერებლობას შესძენდა მათ ჩვენებებს, თუმცა სასამართლოში მათ შეცვალეს ჩვენებები, კერძოდ: შ-ემ და ბ-მა მოიმიზეზეს დაბნეულობა და მიუთითეს, რომ გაეცალნენ იქაურობას. აქედან გამომდინარე, ლოგიკური ხდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუკი ზემოხსენებული მოწმეების მიერ შემოთავაზებული ვერსია განვითარდებოდა იმგვარად, რომ ისინი გაემართებოდნენ შემთხვევის ადგილისაკენ, მაშინ გამოძიებასა და სასამართლოში მოუწევდათ უფრო კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგალითად: რა სურათი დახვდათ იქ? ვინ იყვნენ შემთხვევის ადგილზე? რა მოიმოქმედეს მათ და ასე შემდეგ. ამასთან, ისინი აუცილებლად უნდა შეემჩნიათ იმ პირებს, რომელთა შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი უდავოდ დასტურდება (რაც სადავო გახდა სწორედ მ-ის შემთხვევაში, როცა მან მიუთითა, რომ ფაქტობრივად ჯ-სთან ერთად კვეთდა ქუჩას, რაც უარყო ჯ. და კატეგორიულად განმარტა, რომ იქ მ-ე არ დაუნახავს), შესაძლებელია, ზემოაღნიშნულმა მოწმეებმა ამიტომაც აირჩიეს შემთხვევის ადგილიდან განრიდების მოგონილი ვერსია.
42. როგორც აღვნიშნე, დაცვის მხარე გამოთქვამს ეჭვს შ. შ-ისა და გ.მ-ის მიერ გამოძიებასთან შეთანხმებული ჩვენების მიცემის შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მოსაზრებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ვერც რაიმე მტკიცებულებას წარმოადგენდა ბრალდების მხარე იმის სამტკიცებლად, რომ რაიმე უკანონო გარიგებას არ სთავაზობდა აღნიშნულ მოწმეებს. ამიტომ ამ ნაწილში ვეთანხმები საკასაციო პალატის მოსამართლეებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მაღალ ალბათობას, რომ შ.შ-ესა და გ.მ-ეს, პირადი მოტივებიდან გამომდინარე, პოზიციები შეეთანხმებინათ არა, მაგალითად, ბრალდების მხარესთან, არამედ - ერთმანეთთან და შემდეგ შეთანხმებული, შემთხვევის ადგილზე ყოფნის მოგონილი, მცდარი ვერსია მიეწოდებინათ გამოძიებისათვის.
43. ზემოაღნიშნული საკითხების გაანალიზების შედეგად მიმაჩნია, რომ მოწმეების: შ. შ-ის, გ. მ-ისა და ლ. ბ-ის ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს.
44. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს და მათი საკმარისობის საკითხს:
45. მოწმეები - ჯ. მ-ი და ა. ნ-ი მიუთითებენ მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაინახეს დ. ო-ის კონფლიქტი მათთვის უცხო პირთან. შესაბამისად, მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას ა.ბ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით.
46. მოწმეების - მ. ლ-ის, ზ. მ-ისა და ნ. ქ-ის ჩვენებები ასევე მიუთითებენ მხოლოდ ორ პირს შორის არსებულ კონფლიქტზე და რაიმე ინფორმაციას, რაც ბრალდებულის იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემდა, ისინი არ გვაწვდიან. მეტიც, მოწმე ნ. ქ-ის განმარტებით, პირს, რომელიც დ. ო-ს ეკამათებოდა, ჰქონდა ჩვეულებრივი თბილისური აქცენტი, მაშინ, როდესაც ა. ბ-ე იყო ა-დან და თ-ში ახალი გადმოსული იყო საცხოვრებლად (დაახლოებით ერთი წლის). ამასთან, მისი იმჟამინდელი ინტელექტუალური განვითარების დონე შეესაბამებოდა 9-12 წლის ბავშვის ასაკს (რასაც ასევე ადასტურებენ მოწმეები - მ. კ-ი და ნ. კ-ე). ჩნდება კითხვა, თუ რამდენად შეეძლო მას კამათის დროს ესაუბრა ჩვეულებრივი, თბილისური აქცენტით.
47. ნ. გ-ის ჩვენების ის ნაწილი კი, სადაც აღნიშნავს, რომ დ. კ-ისგან შეიტყო რომ ,,ა-ომ“ დაჭრა ,,უ-ა“-ერთმნიშვნელოვნად ირიბი მტკიცებულებაა (ვინაიდან ნ. გ-ი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას, რომელიც სხვა პირისგან მოისმინა), რის გამოც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, არ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და ვერ იქნება გაზიარებული, მითუმეტეს იმის გათვალისიწინებით, რომ სასამართლოში არ დაკითხულა ინფორმაციის წყარო - დ. კ-ე.
48. აღსანიშნავია, რომ დ. კ-ის ჩვენება არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ა. ბ-ის მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან იგი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც მიუთითებს პერსონალურად ა. ბ-ის მიერ დ. ო-ის მკვლელობის ფაქტზე. თუმცა, აქ გასათვალიწინებელია, რომ ეს ჩვენება გარკვეულ ეპიზოდებში არსებითად ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ:
49. დ. კ-ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ დ. ო-ი მეგობართან ერთად იმყოფებოდა პოკერკლუბში და თამაშობდა აპარატზე. ამ დროს პოკერკლუბში შევიდა ,,ა-ო“, გარეთ გამოიყვანა დ. ო-ი და მოსთხოვა ე.წ. ,,თავანის“ ჩაბარება, რა დროსაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ჩხუბის დასრულების შემდეგ იმ ადგილზე შენიშნა სისხლის ლაქები. აღნიშნული ჩვენებიდან გამომდინარე, თვალშისაცემი წინააღმდეგობაა, ერთი მხრივ, მოწმეების - ჯ. მ-ის, ა. ნ-ისა და ნ. გ-ის და მეორე მხრივ - დ. კ-ის ჩვენებებს შორის. ჯ. მ-ი და ა. ნ-ი განმარტავენ, რომ დ. ო-ი მათთან მივიდა ტელეფონზე დარეკვის თხოვნით, უარის მიღების შემდეგ კი გადავიდა ,,გ-ის“ მხარეს იმ იმედით, რომ ვინმე ტელეფონიანს იპოვიდა. ვინაიდან ნ-საც უნდოდა დარეკვა, აკვირდებოდა დ. ო-ს, რა დროსაც დაინახა უცნობ პირთან მოკამათე დ. ო-ი. ამ განმარტებიდან გამომდინარე, დ. ო-ი სლოტკლუბში სათამაშოდ არ ყოფილა.
50. დ. კ-ის ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება მოწმე ნ. გ-ის ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ აფთიაქში მიმავალს, ეზოში შეხვდა ა. ბ-ე და ერთად წავიდნენ გ-იას გამზირისკენ. სლოტკლუბ ,,გ-თან“ ა. ბ-ეს შეხვდა ვიღაც პირი, რომელთანაც დაიწყო დაძაბული საუბარი, თავად არ გაჩერებულა და გადავიდა აფთიაქში. როდესაც იქიდან გამოვიდა, სლოტკლუბის წინ შენიშნა ხალხმრავლობა. შემდეგ შეხვდა დ. კ-ე და უთხრა - ,,ა-ომ“ დაჭრა ,,უ-ო“, ანუ ნ. გ-ი აცხადებს, რომ გზაში ერთად მიმავლებს შეხვდათ პირი, რომელთანაც ა. ბ-ემ კამათი დაიწყო, ხოლო დ. კ-ე განმარტავს, რომ ა. ბ-ე სლოტკლუბში შევიდა და აპარატზე მოთამაშე დ. ო-ი გარეთ გამოიყვანა. თუკი დ. ო-ი სლოტკლუბში იყო და თამაშობდა, იგი ნ. გ-თან ერთად მიმავალ ა. ბ-ეს ვერ შეხვდებოდა.
51. დ. კ-ის ჩვენებას ეწინააღმდეგება ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, კერძოდ: მისი ჩვენების მიხედვით, კამათის მიზეზი იყო ა. ბ-ის მიერ დ. ო-ისათვის მოთხოვნილი ე.წ. ,,თავანი“. სხვა მოწმეები კი (მაგალითად, ნ. ქ-ე) აცხადებენ, რომ ჩხუბი მოხდა არა თავანთან დაკავშირებით, არამედ - ტელეფონზე დარეკვის გამო.
52. ჩემი კოლეგების მოსაზრებით, მკვლელის ჩაცმულობის აღწერის ნაწილში მოწმეები - დ. კ-ე და ნ. ქ-ე მსგავს ჩვენებებს იძლევიან და ამითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მკვლელი ა. ბ-ეა. ხოლო რაც შეეხება კონფლიქტის დაწყების თემას, რომელსაც განსხვავებულად აღწერენ აღნიშნული მოწმეები, ესეც ბუნებრივია, ვინაიდან კონფლიქტი გამოიწვია მობილურ ტელეფონზე დარეკვის სურვილმა და ამ ფაქტს, ნ. ქ-ის გარდა, სხვა მოწმეებიც ადასტურებენ. ხოლო ,,თავანი’’, როგორც კონფლიქტის დაწყების მიზეზი, მოწმე დ. კ-ეს შესაძლოა, შეცდომით იმიტომ დაამახსოვრდა, რომ შემთხვევიდან დიდი დროა გასული და უბრალოდ, ასე დარჩა მეხსიერებაში, ნ. ქ-ემ კი ჩვენება შემთხვევიდან მალევე მისცა და მას უკეთესად ამიტომ ემახსოვრებოდა.
53. ვერ დავეთანხმები ჩემი კოლეგების ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გამოვყო ორი გარემოება: ერთი, რომ კონფლიქტის მიზეზის აღწერის ნაწილში ამ მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა არსებითია, ვინაიდან აღნიშნული მოწმეები ასახელებენ არა მხოლოდ კონფლიქტის თემას, არამედ ამ თემის შინაარსსაც გადმოსცემენ დეტალურად, რაც, ჩემი აზრით, გამორიცხავს დროის ფაქტორის გავლენით დ.კ-ის მიერ საკითხის არასწორად აღქმის ვერსიას. კერძოდ: დ. კ-ე ამ ნაწილში იძლევა შემდეგ ჩვენებას: მე მესმოდა ,,ა-ა” და დ. ო-ის საუბარი. ,,ა-მ” დ. ო-ს ჰკითხა, თუ როდის აპირებდა ე.წ. ,,თავანის“ ჩაბარებას, რაზეც დ. ო-მა უპასუხა, რომ რამდენიმე თვეში ჩააბარებდა. მათ არ დაუკონკრეტებიათ ,,თავანის’’ სახით რა თანხა ჰქონდა ჩასაბარებელი დ. ო-ს ,,ა-სათვის.’’
54. ხოლო ნ. ქ-ე იმავე სიტუაციას აღწერს ასე: ,,უცნობმა ახალგაზრდა ბიჭმა დ. ო-ს კატეგორიული ტონით მოსთხოვა ტელეფონზე დარეკვა, რასაც ო-მა მიუგო ასევე კატეგორიული ტონით, რომ არ დაარეკვინებდა. ახალგაზრდა ბიჭმა დაუწყო ო-ს ლანძღვით ლაპარაკი ,,რას ჰქვია, არ დამარეკვინებ, სადარბაზოში გაგიყვანო’’ და დაემუქრა გინებით, რასაც დ. ო-მა უპასუხა ,,წამოდი, გავიდეთო”.
55. და მეორე გარემოება - ვეთნხმები ჩემი კოლეგების პოზიციას იმ ნაწილში, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს კონფლიქტის დაწყების მიზეზს, რადგან ფაქტია, რომ კონფლიქტი რეალურად არსებობდა. მაგრამ აქ უნდა აღვნიშნო, რომ კონფლიქტის მიზეზის გაანალიზება მნიშვნელოვანია ჩვენებების შეფასების მიზნებისათვის, ანუ მთავარია ის, თუ რომელი ჩვენება უნდა გაიზიაროს სასამართლომ: დ. კ-ის - რომელიც ეწინააღმდეგება ნ. გ-ისა და სხვა მოწმეების ჩვენებებს, სადაც ისინი განსხვავებულად აღწერენ დ. ო-ისა და დამნაშავის შეხვედრის მომენტს, თუ ნ. ქ-ის - რომელიც დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ ო-თან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდას ჰქონდა ჩვეულებრივი, თბილისური აქცენტი.
56. მოწმე დ.კ-ე ასევე უთითებს, რომ შემდეგ ,,ა-ო“ გაიქცა პ-ის გამზირზე, მან თავზე ჩამოიფარა ,,კეპი“ და ისე გარბოდა. საქმეზე დაკითხული თითქმის ყველა მოწმე კი ადასტურებს, რომ ა. ბ-ე წავიდა არა პ-ის გამზირზე, არამედ -მ-ის ქუჩის მიმართულებით.
57. მიუხედავად იმისა, რომ დ.კ-ის სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენება პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც მიუთითებს ა.ბ-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად, ვინაიდან დაცვის მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო განხილვის დროს არ ჰქონია დ. კ-ის გამოკითხვის, დაკითხვის ან მისი ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური საშუალება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა სასამართლოსთვის სხვა მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებული შეუსაბამობების გასაანალიზებლად. მხარის მიერ დასმულ კითხვებს ამ დროს შეუძლია, არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასების საკითხზე მოახდინოს გავლენა, არამედ ნათელი მოჰფინოს ისეთ გარემეოებას, რომელიც წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლოს საბოლოო დასკვნაზე მოახდენდა გავლენას.
58. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა. აქ მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.
59. საქმეზე, Al-Khawaja და Tahery გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა ვინაიდან მეორე განმცხადებელი (ბატონი ტაჰერი) მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა T-ს ჩვენების სანდოობა ჯვარედინი დაკითხვით, ასევე, ვინაიდან T ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც მოისურვა და შეძლო ეთქვა, თუ რა ნახა, განმცხადებელს კი არ შეეძლო მოეწვია სხვა მოწმე, რომელიც დაუპირისპირდებოდა ამ ჩვენებას.
60. და ბოლოს: ა. ბ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეების: შ. შ-ის, ლ. ბ-ისა და გ. მ-ის ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ვერ გაქარწყლდა ეჭვი მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით და ისინი არ აკმაყოფილებს უტყუარობისა და სანდოობის მტკიცებით სტანდარტს; ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული დ. კ-ის ჩვენებაც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მტკიცებულებაა, ვერ მოხერხდა მისი უშუალოდ და ზეპირად დაკითხვა, სხვა ჩვენებებთან დაკავშირებული, არსებითი შეუსაბამობების ახსნის მიზნით; ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი არ მიუთითებენ პერსონალურად ა. ბ-ის ბრალეულობაზე, რის გამოც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პირის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, ზემოაღნიშნული სტანდარტის მტკიცებულებათა ბაზის გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრება უზენაესი სასამართლოს აქამდე დადგენილი პრაქტიკის ერთმნიშვნელოვნად საწინააღმდეგოდ, მიმაჩნია, რომ ხელს შეუწყობს უდანაშაულო პირ(ებ)ის მსჯავრდების რისკების გაზრდას და შეუსაბამოა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთანაც, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის 82-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სსსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
61. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ.
62. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ა.ბ-ის ბრალდების საქმეზე არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
მოსამართლე: გიორგი შავლიაშვილი