Facebook Twitter

საქმე # 200100117001988407

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №237აპ-18 ქ. თბილისი

ი-ი ფ-, 237აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.ფ--ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ. ი-ს ბრალი დაედო მეუღლის - ხ. ა--ს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:

ფ. ი-ი საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

ფ. ი-ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 აპრილიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ფ. ი--ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 აპრილს, დღის საათებში, დაახლოებით 11 საათიდან 12 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თ--ი, კ-ს ქ.N---ში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფ. ი-მა ეჭვიანობის ნიადაგზე განიზრახა, განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა თავისი მეუღლე - ხ. ა. დედის - ზ. ა-ს თანდასწრებით. ხ. ა-ს ფ. ი-მა მრავალჯერ დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ფ. ი-მა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხ. ა. გადაიყვანეს თ-ს რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიკვდილს გადარჩა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ფ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარე - სასჯელის შემცირებას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ფ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 აპრილიდან.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. ი-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-ა, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ფ. ი-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლზე, ასევე - სასჯელის შეფარდებას ყველა საშეღავათო გარემოების გათვალისწინებით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს ფ. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება ფ. ი-ის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომელთა გამოყენებითაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ: როგორც თვით მსჯავრდებულ ფ. ი-ის ჩვენებით ირკვევა, მან როდესაც განიზრახა დაზარალებულ ხ. ა-ს მოკვლა, ჩავიდა მისი მშობლების სახლში და წამოიყვანა ისინი თავის სახლში, რათა ხ. მათ თვალწინ მოეკლა. აღნიშნული ჩვენება შეესაბამება მოწმეების - ზ. ა-სა და დ. ა-ს ჩვენებებს. ის ფაქტი, რომ დაზარალებულის დედა, ზ. ა. ხედავდა მსჯავრდებულ ფ. ი-ის მიერ შვილის დაჭრის ფაქტს, დადასტურებულია თვით მსჯავრდებულ ფ. ი-ის ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ როდესაც ის და ხ. ჭიშკარს მიუახლოვდნენ, ეზოში ხ-ს დედა იყო, რომელმაც შემდეგ ყვირილი დაიწყო „არ მოკლაო“. აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოწმე ზ. ა-ს ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ მან დაინახა სახლისკენ მიმავალი ხ. და ფ-ი. როდესაც ისინი ჭიშკარში შევიდნენ, ფ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და ხ-ს დაარტყა, რაზეც მან ყვირილი ატეხა. აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოწმე მ. რ-ს ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ მას შემოესმა ყვირილის ხმა და როდესაც მეზობლების სახლთან მივიდა, დაინახა დაჭრილი ხ. და დედამისი, რომელსაც ხ-ს თავი ეჭირა ხელში და ყვიროდა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ფ. ი-ის განზრახვა მოიცავდა თავისი მეუღლის მკვლელობას დედის თვალწინ, კერძოდ, დაზარალებულის დედა უნდა დასწრებოდა შვილის მკველობის პროცესს, რაც ასევე უდავოდაა დადგენილი. მან ეს განახორციელა კიდეც. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი თანხვედრა ერთმანეთთან სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ფ. ი-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე