საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ა-2182-შ-69-07 14აპრილი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. კ-ია-შ-ერის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი - ავსტრიის ვენის ჰიტციგერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ქრისტიან შტაინერის მიმართ განქორწინების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, მას ასევე დაევალა ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულება არ მომხდარა.
აღნიშნული განჩინების ასლი ე. კ-ია-შ-ერს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა დადგენილი წესის მიხედვით.
2008 წლის 13 თებერვალს ე. კ-ია-შ-ერმა საკასაციო პალატას მიმართა განცხადებით და მოითხოვა, დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, რადგან იგი უარს ამბობს შუამდგომლობის განხილვაზე.
2008 წლის 20 თებერვალს შედგა აქტი, რომლის თანახმადაც შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდა მის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილი დოკუმენტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოიპასუხეს ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლს პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ვინაიდან ე. კ-ია-შ-ერმა უარი განაცხადა შუამდგომლობის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე, 372-ე 284-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-ია-შ-ერის განცხადება, ავსტრიის ვენის ჰიტციგერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
მოცემულ შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
განჩინების ასლი გაეგზავნოს შუამდგომლობის ავტორს.