Facebook Twitter

¹ა-2269-შ-70-06 29 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ნ-ს განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ჯ. ნ-ს სარჩელის გამო, ი. ნ-ს მიმართ მამობის თაობაზე სააქტო ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ნ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს 1992 წლის 9 თებერვალს დაბადებული გ. ნ-სა და 1997 წლის 11 თებერვალს დაბადებული მ. ნ-ს დაბადების მოწმობებში მამობის შესახებ სააქტო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე და მიუთითა, რომ იგი ბავშვების მამა არ არის, რაც 2002 წლის სექტემბერში მოპასუხემაც დაადასტურა. მოსარჩელემ განმარტა, რომ ფაქტობრივად ისინი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომ მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ბავშვები მისი შვილები არ იყვნენ. 2002 წლის სექტემბერში მოპასუხემ განუცხადა, რომ ის მართლაც არ არის ბავშვების მამა. მოპასუხემ ცნო სარჩელი.

მოპასუხე ი. ნ-ა, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ დროულად და კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მან წერილობით ცნო სარჩელი. მის მიმართ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეები 1990 წლის ნოემბრიდან 1996 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1992 წლის 9 თებერვალს ი. ნ-ს შეეძინა შვილი - გ. მას დაბადების მოწმობაში მამად უწერია ჯ. ნ-ა, დაბადების ფაქტი დარეგისტრირდა 1992 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონში, ჩანაწერი ს/ჩ ¹... . 1997 წლის 11 თებერვალს ი. ნ-ს შეეძინა შვილი – მ. . მას დაბადების მოწმობაში მამად უწერია ჯ. ნ-ა, დაბადების ფაქტი დარეგისტრირდა 1997 წლის 18 თებერვალს ქ.თბილისის დიდუბის რაიონში, ჩანაწერი ს/ჩ ¹... .

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმებულად ჩაითვალა ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ 1992 წლის 14 თებერვლის ¹... სააქტო ჩანაწერში გ. ნ-ს დაბადების თაობაზე ცნობა მამის – ჯ. გ-ს ძე ნ-ს შესახებ, ხოლო უცვლელად დარჩა ჩანაწერი დედის – ი. ბ-ს ასულ ნ-ს უფლებისა და მოვალეობის შენარჩუნების თაობაზე.

გაუქმებულად ჩაითვალა ქ.თბილისის დიდუბის რაიონის მ. ნ-ს 1997 წლის 18 თებერვლის დაბადების ¹... სააქტო ჩანაწერში ცნობა მამის – ჯ. გ-ს ძე ნ-ს შესახებ, ხოლო უცვლელად დარჩა ჩანაწერი დედის – ი. ბ-ს ასულ ნ-ს უფლებისა და მოვალეობის შენარჩუნების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სასამართლო დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002 წლის 30 დეკემბერს.

ი. ნ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ი. ნ-ს განცხადება და სასამართლოს დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ნ-ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.

ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ნ-ს განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.