საქმე # 010141318700056805
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№195აპ-18 ქ. თბილისი
კ-ა მ, 195აპ-18 25 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით მ. კ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 20 ივლისიდან.
2. ამავე განაჩენით ბ. ლ-ა, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და თითოეული დანაშაულისათვის განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3-3 წლითა და 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. კ-ა და ბ. ლ-ა წინასწარ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, შექმნეს ჯგუფი და 2011 წლის 2-3 ივნისს მივიდნენ თ-ში, მეტრო „ი-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნ. მ-ის ლომბარდში, სადაც მას განუცხადეს, რომ ბ. ლ-ა იყო მერიის თანამშრომელი, ხოლო მ. კ-ა – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. აღნიშნულით მოიპოვეს ნ. მ-ის ნდობა და მ. კ-ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ CLK-55, AMG kupe, სახ. №-, რომელსაც 2011 წლის 27 მაისიდან ედო „--“ ბანკის გირავნობა და რომელზეც მ. კ-ამ და ბ. ლ-ამ ნ. მ-ს განუცხადეს, რომ მანქანა იყო უფლებრივად უნაკლო, მ. კ-ამ და ბ. ლ-ამ დაალომბარდეს ნ. მ-ის ლომბარდში. ნ. მ-მა მათ ხელზე გადასცა 4860 აშშ დოლარი. მ. კ-ასა და ბ. ლ-ას ქმედებით დაზარალებულს მიადგა 4860 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 8067 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ხ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, მ. კ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბ. ლ-ამ ანალოგიურად გამოიყენა მოქალაქე ნ. ქ-ი, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა; მ. კ-ას არ ჰქონდა განზრახული თაღლითობის ჩადენა პირთა ჯგუფთან ერთად და რაიმე სარგებლის მიღება; პირიქით, თავად მ. კ-ა აღმოჩნდა მოტყუებული. დღეისათვის მას გააჩნია სურვილი და შესაძლებლობა, შეურიგდეს დაზარალებულს და მას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამასთან, დაცვის მხარე მოლაპარაკებას მართავს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. კ-ას გამართლების შესახებ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. მ. კ-ასათვის წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ: მოწმეების – დ. მ-ის, მ. გ-ს, თ. ჯ-ის, ნ. ქ-ის, ნ. და კ. მ-ის ჩვენებების, 2011 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტის, 2011 წლის 3 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულების, 2012 წლის 27 იანვრის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წერილის, 2011 წლის 27 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და სხვა მტკიცებულებათა შეფასებითა და ანალიზით.
10. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი ამ კუთხითაც შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №332აპ-17, №282აპ-17, №434აპ-16, №491აპ-15, №332აპ-15).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე