საქმე #010100117001937991
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №203აპ-18 ქ. თბილისი
კ. ზ.203აპ-18 24 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბულბულ მჟავანაძის საკასაციოსაჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 6 მაისს საქართველოს მოქალაქე ზ.კ., ზ.კ-ის ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენებით, ხ-ს მუნიციპალიტეტის ,,სარფის’’ საბაჟო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის გავლით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევმა ზ. კ-მ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, კვლავ განმეორებით, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რაც დაუდგინდა 2016 წლის 6 მაისს ქ.ბ-ში, ა-ს ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
ზ.კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ზ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ზ. კ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზ. კ-ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2017 წლის 6 მაისიდან იმავე წლის 8 ივნისის ჩათვლით. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ზ. კ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ ზ. კ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში.
მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი ზ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული განაჩენის დებულებები იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვითა და სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით შესაძლებელია მხოლოდ დადგინდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შეაჩერეს და შემდეგ დააკავეს ზ.კ., თუმცა პირის მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესაფასებლად ეს არ არის საკმარისი.
რაც შეეხება ზ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, აღნიშნული ქმედების ჩადენა სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
აქვე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მითითებულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, მაგრამ, ვინაიდან, აღნიშნულ სამართლებრივ საკითხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აწესრიგებს, რაც წარმოადგენს ხარვეზს, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია გამოყენებულიყო კანონის ანალოგია, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და ზ. კ-ს მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში. ამასთან, ზ. კ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამორთმეული ყველა უფლება.
6.კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ბულბულ მჟავანაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ზ. კ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შესაბამისადაც მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
9. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს (სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და სხვა), საქმის მასალების შესწავლის შედეეგად, ზემომითითებული გარემოებები არ იკვეთება.
10. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბულბულ მჟავანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე