Facebook Twitter

ა-309-შ-17-09 6 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ შპს ,,ჩ. შ.” დირექტორი გ.კ-ენკო

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჯ-ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა. ი.” შპს ,,ჩ. შ.” სასარგებლოდ დაეკისრა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის რკინიგზის საშუალებით სავაგონო გადაზიდვისათვის 3890,1 აშშ დოლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ჯარიმის _ 492,48 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისათვის მოსაკრებლის სახით 1200 აშშ დოლარის, სულ 5582,58 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს ,,ჩ. შ.” დირექტორმა გ.კ-ენკომ, მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება შპს ,,ა. ი.” დირექტორ კ.ჯ-იასთვის შპს ,,ჩ. შ.” სასარგებლოდ დაკისრებული თანხების ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გაჩინებით შპს ,,ჩ. შ.” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,ა. ი.” დირექტორ კ.ჯ-იასათვის თანხის _ 5582,58 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს ,,ჩ. შ.” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლებრივი დახმარების გაწევის დროს დავალების შესრულებისას ის დაწესებულება, რომელსაც მოთხოვნა წაუყენეს, სარგებლობს თავისი ქვეყნის კანონმდებლობით. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა. ი.” შპს ,,ჩ. შ.” სასარგებლოდ დაეკისრა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის რკინიგზის საშუალებით სავაგონო გადაზიდვისათვის 3890,1 აშშ დოლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ჯარიმის _ 492,48 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისათვის მოსაკრებლის სახით 1200 აშშ დოლარის, სულ 5582,58 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია კონკრეტული იურიდიული პირის _ შპს ,,ა. ი.” წინააღმდეგ. შპს ,,ჩ. შ.” დირექტორმა გ.კ-ენკომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ამავე საზოგადოების დირექტორის _ კ. ჯ-იას მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, იურიდიული პირი სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს საკუთარი სახელით და ამ ურთიერთობების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებებისათვის ის თავადვე აგებს პასუხე კრედიტორების წინაშე, ისე, რომ ამ კრედიტორთა წინაშე პირადი პასუხისმგებლობა საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს არ ეკისრებათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. ამავე კოდექსის 85-ე მუხლი იცნობს არასათანადო მოპასუხის ცნებას, რომლის თანახმადაც, არასათანადო მოპასუხის მიმართ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელეს უარი ეთქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს გამოტანილია იურიდიული პირის _ შპს ,,ა. ი.” მიმართ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს არა ამ იურიდიული პირის, არამედ მისი დირექტორის _ კ. ჯ-იას მიმართ, რაც დაუსაბუთებელია.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს სამართლებრივი დახმარების გაწევაზე ეტყვის უარს, თუ მისი დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჩ. შ.” შუამდგომლობა მიმართულია არასათანადო პირის მიმართ, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ჩ. შ.” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შპს ,,ა. ი.” დირექტორ კ.ჯ-იას მიმართ თანხის _ 5582,58 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.