საქმე #010100115793289
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №216აპ-18 ქ. თბილისი
ფ.მ. 216აპ-18 20 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით,მ. ფ-ს ბრალი დაედო ბანდიტიზმში, შეიარაღებული ბანდის ორგანიზებაში, სახელმწიფო, სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე - ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის დეკემბერში მ.ფ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულთა ჩადენისთვის ნასამართლევ პირს - დ.რ-ის ძე ა-ს და მისი წინადადებით გაერთიანდა სახელმწიფო და პირადი ქონების შეიარაღებული თავდასხმების გზით დაუფლების მიზნით, ხ-ის რაიონის დაბა მ-ში დ. რ-ს ძე ა-ს მიერ ჩამოყალიბებულ ბანდიტურ ჯგუფში, ჯგუფის წევრებთან შეკრა მტკიცე კავშირი და მათთან ერთად შეიმუშავა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გეგმა. ამ დანაშაულებრივი გეგმის საფუძველზე 1992 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 19 საათზე, იგი ნიღაბაფარებული და ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით შეიარაღებული, ბანდიტური ჯგუფის სხვა, ასევე ნიღბიან წევრებთან - დ.ა-სთან, მ. მ-სთან, ჯ. ჯ-სთან, ი. შ-სა და ს. გ-თან ერთად, რომლებიც, თავის მხრივ, შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და ხელყუმბარებით, თავს დაესხა ქ. ბ-ში მ-ის ქ.N .-ში მდებარე რ. ხ-ს ძე ს-ს საცხოვრებელ სახლს. დასახელებულ პირებთან ერთად შეაღწია სახლში და ხელთ არსებული ავტომატური იარაღით, მოკვლის მუქარით ოჯახის ხუთივე წევრი შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში, შემდგომ კი ბანდის წევრებთან ერთად გაჩხრიკა სახლი და გაიტაცა შემდეგი სახის ნივთები და ფასეულობა: 1. დისტანციური ტელეფონის აპარატი ,,SANYO’’, ღირებული 200 აშშ დოლარად. 2. პნევმატური რევოლვერი, ღირებული 100 აშშ დოლარად. 3. ნუჩაკი, შავი ფერის, ღირებული 90 აშშ დოლარად. 4. პისტოლეტის მაგვარი სანთებელა, შავი ფერის, ღირებული 10 აშშ დოლარად. 5. მამაკაცის ტყავის ხელთათმანი, ღირებული 20 აშშ დოლარად. 6. მაგნიტოფონი პლეერი ,,სანიო’’, ღირებული 60 აშშ დოლარად. 7. ფრანგული სუნამო 5 ფლაკონი, სულ ღირებული 250 აშშ დოლარად. 8. ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ,,ბოღჩის“ ფორმის, ღირებული 1000 აშშ დოლარად. 9. ბრილიანტის ბეჭედი, სამთვლიანი, ღირებული 800 აშშ დოლარად. 10. ბრილიანტის ბეჭედი, ორნამენტიანი, მომრგვალებული ფორმით, ღირებული 800 აშშ დოლარად. 11. ოქროს ჯაჭვი, 23 გრამი, ღირებული 200 აშშ დოლარად. 12. ოქროს ჯაჭვი, რვიანისებური ფიგურებით, 40 სმ სიგრძის, ღირებული 50 აშშ დოლარად. 13. ოქროს წვრილი ჯაჭვი 60 სმ სიგრძის ოქროს ჯვრით, ღირებული 100 აშშ დოლარად. 14. ორი წყვილი ბრილიანტის საყურე, თითო ღირებული 500 აშშ დოლარად, სულ ღირებულ 1000 აშშ დოლარად. 15. ოქროს საყურე ყურძნისებური, მარგალიტის თვლებით, ღირებული 50 აშშ დოლარად. 16. ოქროს საბჭოთა მონეტა, ღირებული 120 აშშ დოლარად. 17. ოქროს კბილის შალითა, ღირებული 40 აშშ დოლარად. 18. ვერცხლისფერი ყელსაბამი თავისი სამაჯურით ძოწის თვლებით, ღირებული 300 აშშ დოლარად. 19. ვერცხლისფერი ყელსაბამი თავისი კულონით, ღირებული 300 აშშ დოლარად. 20. ვერცხლისფერი საყურე ძოწის თვლებით, თავისი ბეჭდით, ღირებული 60 აშშ დოლარად. 21. ვერცხლისფერი საყურე მალახის თვლით, ღირებული 20 აშშ დოლარად. 22. ბიჟუტერია ყავისფერი თვლებით, ღირებული 20 აშშ დოლარად. 23. გულსაბნევი გედის გამოსახულებით, ღირებული 50 აშშ დოლარად. 24. ვერცხლის ბეჭედი თეთრი თვლით, ღირებული 15 აშშ დოლარად. 25. ზარდახშა, ღირებული 100 აშშ დოლარად. 26. მარმარილოს ზარდახშა, ღირებული 20 აშშ დოლარად. 27. სამი მძივი მარგალიტის თვლებით, სულ ღირებული 100 აშშ დოლარად. 28. ფული - 13500 რუსული რუბლი. 29. 270000 რუსული რუბლის ღირებულების სერტიფიკატები. 30. ავტომანქანა ვოლგა-გაზ-24 ღირებული 4500 აშშ დოლარად. სულ - 10375 ამერიკული დოლარისა და 405000 რუსული რუბლის ქონება. მანვერ. ს-ს საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის დროს თანმხლებ ბანდიტური ჯგუფის წევრებთან ერთად, რ.ს-ის ოჯახიდან გაიტაცა თურქული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით მ. ფ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრააჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ და ითხოვა განაჩენის გაუქმება და საუარესოდ შებრუნების პრინციპის გათვალისწინებით, საქმის გადაგზავნა ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
6. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენზეარ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე