Facebook Twitter

ა-ა-372-შ-18-09 21 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ბ-ოვას წარმომადგენლის დ. ჩ-ოვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადის ცენტრალური რაიონის სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ბ-ოვამ და მოითხოვა ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენა.

მ. ბ-ოვასა და მის დედას – თ. ბ-ოვას, აგრეთვე მამას მ. ბ-ოვს შორის ნათესაური ურთიერთობის ფაქტის დადგენას, იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლის დაბადების მოწმობასა და სხვა დოკუმენტებში მშობლების გვარის, სახელის, მამის სახელის დაწერილობაში დაშვებულია შეცდომები. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია განმცხადებლისათვის მოსკოვში საბერძნეთის რესპუბლიკის საკონსულოში მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მიმართვისათვის.

რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ოვას განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილია, რომ მ. ბ-ოვას, დაბადებული 04.07.1964 წელს, დედა არის თ. ბ-ოვა, დაბადებული 1936 წელს, აგრეთვე დადგენილია, რომ მ. ბ-ოვას, დაბადებული 04.07.1964 წელს, მამა არის მ. ბ-ოვი, დაბადებული 1937 წელს.

მ. ბ-ოვას წარმომადგენელმა დ. ჩ-ოვიმ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით მ. ბ-ოვას წარმომადგენლის დ. ჩ-ოვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, მ. ბ-ოვას წარმომადგენლის დ. ჩ-ოვის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.

ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

ზემოთმითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ოვას წარმომადგენლის დ. ჩ-ოვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.