საქმე # 330802218002575554
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
22I-18 ქ. თბილისი
ქ. ა., 22I-18 6 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატების - გ. ნ-ის, ე. ბ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ქ-ს
თარჯიმან - ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ-ის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2009 წლის 18 აგვისტოს ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს განაჩენით ა. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ -ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 27-ე მუხლებთან ერთობლივად 249-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. ამასთან, ა. ქ-ს მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაითვალა პირობით, 3 - წლიანი გამოსაცდელი ვადით. ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების და ქ. ჰ-ს საჯარო პროკურატურის 2018 წლის 3 იანვრის ცნობის თანახმად, ვინაიდან ა. ქ-მ პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 718 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა - მან უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2011 წლის 29 ივნისს, მ-ს ფ-ის სამხარეო სასამართლოს განაჩენით, ა. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ფარმაცევტული აქტის 6 (a) მუხლთან ერთობლივად 95-ე მუხლის პირველი ნაწილის 2 (a) ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის 2 (b) ქვეპუნქტით (დოპინგის მიზნით სამედიცინო პრეპარატების გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის 304 ეპიზოდის ჩადენაში. ამასთან, იმავე განაჩენით ა. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 2 თვით. 2012 წლის 2 იანვარს მ-ს ფ-ის საჯარო პროკურატურამ გამოსცა ა. ქ-ს დაკავების ბრძანება. 2012 წლის 12 აპრილიდან ა. ქ. იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განაჩენის მიხედვით, 2005 წლის 4 ოქტომბერს გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერლენსეს მუნიციპალიტეტში მდებარე ვალდშტრასე N37-ის მახლობლად, ა. ქ-ს მიერ გაწეული დახმარებისა და ამ უკანასკნელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დიდი ოდენობით ფულის დაუფლების მიზნით, ელექტროშოკური იარაღითა და რეზინის ხელკეტით შეიარაღებული თომას ფრიშკორნი და დიტმარ აიზენშმიტი თავს დაესხნენ დ. შ-ს. თავდასხმისას ელექტროშოკური იარაღის გამოყენების შედეგად დ. შ-ს დაუზიანდა ხელები, თუმცა მის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს დ. შ-ს მფლობელობაში არსებული თანხის დაუფლება და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. ამასთან, ზემოაღნიშნული თავდასხმის განხორციელებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ა. ქ-ს უნდა მიეღო უკანონოდ დაუფლებული თანხის 20-30 %. კერძოდ, ა. ქ-მ თ. ფ-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის მეგობარ დ. შ-ს ხშირ შემთხვევაში თან დაჰქონდა ავტომობილების ვაჭრობასთან დაკავშირებული თანხა - 50 000 – 100 000 ევრომდე. აგრეთვე, მიაწოდა ინფორმაცია დ. შ-ის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, აღუწერა მისი ფიზიკური მახასიათებლები და მისი გადაადგილების სტანდარტული მარშრუტი.
მ-ს ფ-ის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენის მიხედვით, 2008 წლის ბოლოდან 2010 წლამდე პერიოდში გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ა. ქ. თანამზრახველთან - მ. რ. შ-თან ერთად ამუშავებდა უკანონო ლაბორატორიას ანაბოლური სტეროიდების წარმოებისა და შემდგომი გასაღების მიზნით. ა. ქ. და მ.რ. შ-ი აწარმოებდნენ და ყიდდნენ აღნიშნულ პროდუქციას გ. კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკანონოდ, დოპინგური მიზნით გამოყენებისათვის. ა. ქ. მონაწილეობდა წარმოებული პროდუქციის ინტერნეტის ან/და ფოსტის მეშვეობით გასაღების 304 შემთხვევაში. ამასთან, ზემოაღნიშნული უკანონო წარმოებისა და ვაჭრობის შედეგად თანამზრახველებმა მიიღეს დაახლოებით 103 353 ევრომდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავალი.
3. 2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ქ.;
4. 2017 წლის 27 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ქ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით;
5. 2018 წლის 12 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა. ქ-ს ექსტრადაციის თაობაზე გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. აღნიშნული დოკუმენტების დედანი პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 26 იანვარს.
6. 2018 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 25 ივნისამდე.
7. 2018 წლის 17 აპრილს და 2018 წლის 28 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. ქ-ს გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
8. 2018 წლის 8 მაისსა და 2018 წლის 16 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია ა. ქ-ს გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
9. 2018 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 25 სექტემბრამდე.
10. 2018 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ქ-ს გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 27-ე მუხლებთან ერთობლივად 249-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით და ასევე, გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ფარმაცევტული აქტის 6 (a) მუხლთან ერთობლივად 95-ე მუხლის პირველი ნაწილის 2 (a) ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის 2 (b) ქვეპუნქტით (დოპინგის მიზნით სამედიცინო პრეპარატების გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, აღნიშნული პირის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის მ-ს ფ-ის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო ა. ქ-ს გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 27-ე მუხლებთან ერთობლივად 249-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილისა და გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ფარმაცევტული აქტის 6 (a) მუხლთან ერთობლიობაში 95-ე მუხლის პირველი ნაწილის 2 (a) ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის 2 (b) ქვეპუნქტით (დოპინგის მიზნით სამედიცინო პრეპარატების გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, აღნიშნული პირის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის მ-ს ფ-ის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში მას დევნიან მისი ეროვნებისა და რელიგიური შეხედულებების გამო, რაც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამორიცხავს მისი ექსტრადიციის შესაძლებლობას. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა დამატებით განმარტეს, რომ განაჩენი, რომლითაც ა. ქ. მსჯავრდებულია ძარცვაში დახმარებისათვის, არის უკანონო და მას აღნიშნული დანაშული არ ჩაუდენია; რაც შეეხება მეორე განაჩენს, რომლითაც იგი დოპინგის მიზნით სამედიცინო პრეპარატების გასაღებაშია მსჯავრდებული, პროკურატურამ არ გამოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც დასჯადია თუ არა ასეთი ქმედება გ. კანონმდებლობით; დაცვის მხარემ მიუთითა ასევე, რომ ა. ქ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა, დაემუქროს საფრთხე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ქ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 25 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ა. ქ-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რაც მის მიმართ გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. მხოლოდ განცხადებას შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რომ ა. ქ-ს დევნიან მისი ეროვნებისა და რელიგიური შეხედულებების გამო, პალატა ვერ გაიზიარებს.
5. უსაფუძვლოა ასევე კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ა. ქ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გ-ში საფრთხე ემუქრება, რადგანაც იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით.
6. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა. ქ-ს არ ჩაუდენია ძარცვაში დახმარება, პალატა მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ იხილება ა. ქ-ს ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
7. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება, რომ პროკურატურას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც დასჯადია თუ არა დოპინგის მიზნით სამედიცინო პრეპარატების გასაღება გ. კანონმდებლობით, ვინაიდან საქმის მასალებში მოთავსებულია შესაბამისი ნორმატიული მასალა, რომლის საფუძველზეც ა. ქ. არის მსჯავრდებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს გააჩნდა რაიმე ინფორმაცია შესაბამისი ქმედების დეკრიმინალიზაციის შესახებ, შეეძლო, თვითონ მოეპოვებინა და წარმოედგინა სასამართლოსთვის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ქ-ს გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 27-ე მუხლებთან ერთობლივად 249-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ჰ-ს სამხარეო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილისა და გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ფარმაცევტული აქტის 6 (a) მუხლთან ერთობლივად 95-ე მუხლის პირველი ნაწილის 2 (a) ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის 2 (b) ქვეპუნქტით (დოპინგის მიზნით სამედიცინო პრეპარატების გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, აღნიშნული პირის მიმართ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის მ-ს ფ-ის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე