საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ა-396-შ-21-08 6 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი)
თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ა-ოვას შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის ქ. კ. როგის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე უ. ა-ოვის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-ოვამ სარჩელი აღძრა უ. ა-ოვის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება შვილების 1981 წლის 12 აპრილს დაბადებულ ლეონარდ და 1988 წლის 14 მაისს დაბადებულ თ. ა-ოვების სასარგებლოდ.
მისი განმარტებით, 1984 წლის 31 აგვისტოს იქორწინა მოპასუხეზე, ქორწონების პერიოდში შეეძინათ შვილები ლ. და თ. ა-ოვები.
უკრაინის რესპუბლიკის ქ. კ. როგის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ა-ოვს დ-ის ლ. ა-ოვას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მისი ყველა სახის შემოსავლიდან 1/3 ნაწილის ოდენობით, შვილების 1981 წლის 12 აპრილს დაბადებულ ლ. და 1988 წლის 14 მაისს დაბადებულ თ. ა-ოვების რჩენისათვის, ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
ლ. ა-ოვამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის რესპუბლიკის ქ. კ. როგის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უკრაინის რესპუბლიკის ქ. კ. როგის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ა-ოვს დაეკისრა ლ. ა-ოვას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მისი ყველა სახის შემოსავლიდან 1/3 ნაწილის ოდენობით, შვილების 1981 წლის 12 აპრილს დაბადებულ ლ. და 1988 წლის 14 მაისს დაბადებულ თ. ა-ოვების რჩენისათვის, ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1992 წლის 27 ივნისს, ხოლო აღსრულდა 1993 წლის იანვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ გაშვებულია კანონით დადგენილი საპროცესო ვადა, რის გამოც მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა-ოვას შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის ქ. კ. როგის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.