¹ ბს-1103-682(კ-05) 12 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 16 დეკემბერს ნ. ა-მა სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის 2004წ. 17 ნოემბრის ¹99 განკარგულებით რწმუნებულის ... ნ. ა-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის განმარტებით, იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ იყო დასაბუთებული იმავე კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, აქტში არ იყო მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა მისი გასაჩივრება და გასაჩივრების წესი. ამასთან, დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, რადგანაც ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია მისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნ. ა-მა ითხოვა საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის 2004წ. 17 ნოემბრის ¹99 განკარგულების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა.
მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” მოთხოვნათა სრული დაცვით. ახალი სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნა დაკავშირებული იყო სამსახურში საშტატო ცვლილებებთან და ეს პროცესი იყო სავსებით ბუნებრივი, რადგან ახალი რწმუნებული ვერ შეასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის დავალებებს, თუ არ ეყოლებოდა საკუთარი კადრი. ამის შესაძლებლობა კი რწმუნებულს მინიჭებული ჰქონდა ხსენებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, რწმუნებული უფლებამოსილია, თავისი მოადგილეები თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, როგორც ეს ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოხდა. მოპასუხის განმარტებით, არამართლზომიერი იყო მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან კანონის ხსენებული ნორმა არეგულირებს სულ სხვა შემთხვევებს და საერთოდ არ უკავშირდებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევას. იგივე შეიძლება ითქვას მოსარჩელის მითითებაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებზე, რადგან აღნიშნული ნორმებიც არეგულირებს სულ სხვა შემთხვევებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 იანვრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული საქმე არ იყო საოლქო სასამართლოს განსჯადი და იგი უნდა განეხილა რაიონულ სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 24 იანვრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 17 მარტის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის 2004წ. 17 ნოემბრის ¹99 განკარგულების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოცემული საქმე გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის 2004წ. 17 ნოემბრის ¹99 განკარგულება; ნ. ა-ი აღდგენილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ...ედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელმა შ. ი-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიას სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის _ განკარგულების საფუძველზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეზე ვერ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული წესი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობოდან გათავისუფლების შესახებ, რადგანაც აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ იყო წარდგენილი და არც მოცემულ საქმეში მოიპოვებოდა ნ. ა-ის გათავისუფლებაზე სახელმწიფო რწმუნებულის მიერ განკარგულების მიღებისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” შესაბამის მუხლში არ არის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების შესახებ წერილობითი დოკუმენტის შექმნის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებზე ვერ გავრცელდება თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ამავე კანონით გათვალისწინებული წესი, რადგანაც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა იმის გამო, რომ რწმუნებულის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის 2004წ. 17 ნოემბრის ¹99 განკარგულების გამოსაცემად აუცილებელი საქართველოს პრეზიდენტის წერილობითი თანხმობა, მაგრამ აღნიშნულით არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად არ ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობას წერილობითი ფორმით. ამასთან, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არ არსებობს პრეტენზია მისი თანხმობის არარსებობასთან დაკავშირებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მიერ ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ნ. ა-ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 11 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების” მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კასაციის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგანაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ საქმის გარემოებები დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელ შ. ი-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.