Facebook Twitter

ა-539-შ-25-09 9 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლის - ი. ჟ-ოვის შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე – ი. ლ-ოვას სარჩელის გამო მოპასუხე ა. ჯ-ავას მიმართ, რესპუბლიკიდან გასვლის მიზნით, პასპორტის გაფორმებისა და მათი არასრულწლოვანი შვილის გასვლისათვის ნებართვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ლ-ოვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ჯ-ავას მიმართ და მიუთითა, რომ მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში, 1999 წლის 29 იანვარს, შეეძინათ შვილი – ლ. ამჟამად მათ შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. ამის გამო მისთვის საკმაოდ რთულია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. მან მოითხოვა, სასამართლოს ნება დაერთო, გაეფორმებინა ბავშვის პასპორტი და ბელორუსის რესპუბლიკიდან მამის თანხმობის გარეშე გაეყვანა არასრულწლოვანი შვილი.

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლის – ი. ჟ-ოვის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ ა. ჯ-ავას სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას პირადად ჩაჰბარდა.

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ლ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მას ნება დაერთო 1999 წლის 29 იანვარს დაბადებულ არასრულწლოვან ლ. ლ-ოვას მამის ა. ჯ-ავას წერილობითი თანხმობის გარეშე ბელორუსის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არაერთხელ, დროებით გასვლაზე.

ამავე გადაწყვეტილებით ა. ჯ-ავას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 2 120 რუბლის, სულ 107 120 რუბლის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 18 ივლისს და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის მოსამართლე ი. ჟ-ოვმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის მოსამართლე ი. ჟ-ოვის შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის მოსამართლე ი. ჟ-ოვის შუამდგომლობა ა. ჯ-ავასათვის საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის - 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 2 120 რუბლის, სულ 107 120 რუბლის დაკისრების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ლ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მას ნება დაერთო 1999 წლის 29 იანვარს დაბადებულ არასრულწლოვან ლ. ლ-ოვას მამის - ა. ჯ-ავას წერილობითი თანხმობის გარეშე ბელორუსის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არაერთხელ, დროებით გასვლაზე.

ამავე გადაწყვეტილებით ა. ჯ-ავას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 2 120 რუბლის, სულ 107 120 რუბლის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 18 ივლისს და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მიმართა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის მოსამართლე ი. ჟ-ოვმა.

“საერთაშორისო კერძო სამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის მოსამართლე ი. ჟ-ოვის შუამდგომლობა ა. ჯ-ავასათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 2 120 რუბლის, სულ 107 120 რუბლის დაკისრების ნაწილში ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის მოსამართლე ი. ჟ-ოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ჯ-ავას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 2 120 რუბლის, სულ 107 120 რუბლის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.