ა-562-შ-26-09 3 აპრილი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ბ.» წარმომადგენელ გ. გ-შვილის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის თანხმობის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის თანხმობის ბრძანებით განისაზღვრა, რომ შპს «ბ.» (მოპასუხე»), მის მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე, 2009 წლის 27 მარტის 16.30 საათამდე არ განკარგავს, არ დატვირთავს და ასევე არ შეამცირებს იმ ქონების ღირებულებას, რომელიც ჩამოთვლილია შპს «ბ.» და შპს «ბ.» შორის 2007 წლის 22 ივნისს დადებული «წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების» მე-3 მუხლში (შემდგომში: «ქონება»). აღნიშნული ბრძანებით ასევე მხარეებს განესაზღვრათ ვადა _ 19 მარტის 16.30 საათამდე მტკიცებულებებისა და შესაგებლის წარმოსადგენად.
შპს «ბ.» წარმომადგენელმა გ. გ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის თანხმობის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შემდგომ შუამდგომლობის ავტორმა იმ მოტივით, რომ ბრძანების აღსრულება შეუძლებელი იყო, მოხსნა თავისი მოთხოვნა აღსრულების ნაწილში და მოითხოვა ზემომითითებული ბრძანების მხოლოდ ცნობა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა შპს «ბ.» წარმომადგენელ გ. გ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი და თვლის იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესაულ გადაწყვეტილებებს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, დასაშვებია უცხო ქვეყნის მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილების ცნობა, რომლითაც დამთავრებულია საქმის წარმოება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ისეთი ბრძანების ცნობას, რომლითაც არ არის დამთავრებული საქმის წარმოება. აღნიშნული ბრძანებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავარაუდო მოპასუხე შპს «ბ.» 2009 წლის 19 მარტის 16.30 საათამდე არ განკარგავდა, არ დატვირთავდა და არ შეამცირებდა იმ ქონების ღირებულებას, რომელიც ჩამოთვლილია შპს «ბ.» და შპს «ბ.» შორის 2007 წლის 22 ივნისს დადებული «წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების» მე-3 მუხლში (შემდგომში: «ქონება»). აღნიშნული ბრძანებით ასევე მხარეებს განესაზღვრათ ვადა _ 19 მარტის 16.30 საათამდე მტკიცებულებებისა და შესაგებლის წარმოსადგენად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ბრძანებით შესრულდა გარკვეული საპროცესო მოქმედება, ხოლო ასეთი თანხმობის ბრძანების ცნობას კი კანონი არ ითვალიწინებს. შესაბამისად, შპს «ბ.» წარმომადგენელ გ. გ-შვილის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის თანხმობის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ბ.» წარმომადგენელ გ. გ-შვილის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის თანხმობის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.