საქმე # 010141318700052535
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №44აგ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი
ჭ. თ., 44აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განაჩენით თ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. იმავე განაჩენით თ. ჭ-ს, საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით თ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. იმავე განაჩენით თ. ჭ-ს, საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ჭ-ს მიმართ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჭ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით თ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1100 (ათას ასი) ლარი.
7. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაკავებაში ყოფნის დროის (2017 წლის 4 მარტის) გათვალისწინებით, თ. ჭ-ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით თ. ჭ-ს მიმართ დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჭ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი, ხოლო დამატებით სასჯელად - ასევე ჯარიმა - 700 (შვიდასი) ლარი.
9. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თ. ჭ-ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათით.
11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით თ. ჭ-ს მიმართ დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჭ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.
12. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თ. ჭ-ს 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
13. 2018 წლის 2 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ჭ-მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ჭ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ჭ-ს მიმართ და იგი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
15. განაჩენი ასევე გაუქმდა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, რომლითაც თ. ჭ-ს 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
16. ამავე განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა თ. ჭ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენის იმ ნაწილში გადასინჯვა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად, შესაბამისად - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმება და თ. ჭ-ს გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ თ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებული თ. ჭ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმებას და თ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას.
4. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმების საკითხზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ეს მოთხოვნა.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
პ. სილაგაძე