საქმე #020141318700052817
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №61აგ-18 თბილისი
ა. გ. 61აგ-18 19 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-სსაკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ. ა.,- დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ა. შეეფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
4. 2018 წლის 6 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-მ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის განაჩენების გადასინჯვა და სასჯელისაგან გათავისუფლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. ა. გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული - 2000 ლარისგან.
მასვე აღუდგა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ა-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. შესაბამისად, ,,მარიხუანის“ მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.
3. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საფუძვლად ვერ დაედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის განაჩენის გადასინჯვას, ვინაიდან გ. ა-მ მითითებული განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელები მოიხადა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით გ. ა-ს მოხდილი აქვს განაჩენით დანიშნული სასჯელები, აღარ არსებობს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი