ა-760-შ-33-09 28 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ს-ს ასული ს-ს და ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. ნ. ვ-ს შუამდგომლობები უკრაინის, ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ლ. ი-ს ძე ჯ-ის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის, მეურვეობის დაწესების, ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის მაისში მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ქალიშვილის -- ა. ლ-ის ასული ჯ-ის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხე ბავშვის მამაა, მაგრამ არ იღებს მონაწილეობას მის რჩენასა და აღზრდაში.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს, მოითხოვა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ქალიშვილის -- ა. ლ-ის ასული ჯ-ის მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება ნებისმიერი შემოსავლის წყაროდან 1/4 ოდენობით სასარჩელო განცხადების შეტანის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
უკრაინის, ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ... წლის ... ივნისს დაბადებულ ლ. ი-ს ძე ჯ-ს ჩამოერთვა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ქალიშვილის - ა. ლ-ის ასული ჯ-ის მშობლის უფლება;
... წლის ... აგვისტოს დაბადებულ ა. ლ-ის ასული ჯ-ისათვის დაუწესდა მეურვეობა;
დაენიშნა ... წლის ... აგვისტოს დაბადებულ ა. ლ-ის ასულ ჯ-ს მეურვე – ვ. ს-ს ასული ს-ა.
... წლის ... ივნისს დაბადებულ, საქართველოში, ქ. ბათუმში მცხოვრებ ლ. ი-ს ძე ჯ-ს დაეკისრა ალიმენტი ვ. ს-ს ასულ ს-ს სასარგებლოდ, ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ქალიშვილის - ა. ლ-ის ასული ჯ-ის სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის (ხელფასის) 1/4 ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ განსაზღვრული ასაკის ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30%-ისა, დაწყებული 2007 წლის 23 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ლ. ი-ს ძე ჯ-ს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 59.50 გრივნის და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საინფორმაციო—ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯი – 30 გრივნის ოდენობით პოლტავის ოლქის სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს სასარგებლოდ.¼ ¼
ვ. ს-ს ასული ს-მ და ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ.ნ. ვ-მ შუამდგომლობებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის, ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ Gგარემოებათა გამო:
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის თანახმად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევა. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მხარეს უწყება უნდა ჰქონდეს ჩაბარებული გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის საპროცესო ნორმების შესაბამისად. უკრაინის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს სასამართლო უწყებები გადაეცემათ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, რომელთა ვალდებულებებზე თანხმობა მოცემულია უკრაინის უზენაესი რადის მიერ, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობებით და საკონსულო დაწესებულებებით ამ პირების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში ლ. ჯ-ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ.ბათუმი, ... ქ.36. როგორც შუამდგომლობის ტექსტიდან ირკვევა მოსარჩელისათვის ცნობილი იყო აღნიშნული მისამართი, მაგრამ დავის განხილვისას მოპასუხეს მითითებულ მისამართზე უწყება არ ჩაბარებია. უფრო მეტიც, როგორც ლ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილიდან ირკვევა ლ. ჯ-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2006 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 10 ივლისამდე არ გადაუკვეთია, რაც გამორიცხავს უკრაინაში საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე მისი ცხოვრებისა და უწყების ჩაბარების ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობის საფუძველი და იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ს-ს ასული ს-ს და ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ.ნ. ვ-ს შუამდგომლობები უკრაინის, ქ. პოლტავის კიევის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.