¹ა-804-შ-33-07 2 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი.ბ-ს წარმომადგენლის თ.ბ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი საბერძნეთის გრევენას სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი.ბ-ს წარმომადგენლის თ.ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის გრევენას სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით ი.ბუკშინას წარმომადგენელს თ. ბ-ს მიეცა 20 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო:
1) საბერძნეთის გრევენას სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი;
2) ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
3) ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულება არ მომხდარა;
4) საქართველოს ადვოკატის ტესტირების გავლის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2007 წლის 31 მაისს თ. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა საქართველოს ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი და მისი წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო საკასაციო პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებაში მითითებული დოკუმენტების წარმოსადგენად მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით თეა ბ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 10 დღით. ხარვეზის განჩინება გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 11 ივნისს, შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 21 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი.ბ-ს წარმომადგენლის თ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის გრევენას სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები 22 ფურცლად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.