Facebook Twitter

ა-842-შ-34-09 6 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ა. ე-იანი

განხილვის საგანი _ სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სომხეთის რესპუბლიკის არაგაცის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ე-იანის წარმომადგენელ ხ. ე-იანის განცხადება დაკმაყოფილდა: დამტკიცებულად იქნა ცნობილი, რომ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის მიერ 2007 წლის 10 მაისს გაცემული ნომერი ნ-21 საარქივო ცნობა _ აპარანის რაიონის სოფელ გულუჯას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნში 1923 წლის 20 ივლისს ლ.ის დაბადების რეგისტრაციის შესახებ, სადაც, როგორც მამა, რეგისტრირებულია “ბ. ე-იანი”, ეკუთვნის ა. ე-იანს; დამტკიცდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამისამართო-საინფორმაციო ბიუროს მიერ 2007 წლის 19 ნოემბერს ბ. ე-ოვის სახელზე გაცემული ცნობა ეკუთვნის ა. ე-იანის ქმრის _ ლ. ე-იანის მამას _ ბ. ე-იანს.

ა. ე-იანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქათველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებით ა. ე-იანის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ე-იანის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და მათი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში _ იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

“სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებასა და ცვლილებების შეტანაზე კომპეტენტურ ორგანოს, კერძოდ, დასახელებული კანონის 110-ე მუხლი სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილების Aშეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაცვლელი ჩანაწერის ადგილის მიხედვით. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას, აღნიშნული კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს.

ამდენად, კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება და სხვა სახელმწიფოს ორგანოებს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნიათ და პირიქით, უცხო სახელმწიფოს კომტენეტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები არ ახდენენ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის ზემომითითებული ნორმებით დადგენილი დანაწესები ასევე ვრცელდება იურიდიული ფაქტების დადგენასთან მიმართებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, რამდენადაც უცხო სახელმწიფოს, ისევე როგორც საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადასტურებული იურიდიული ფაქტები აუცილებელ შედეგობრივ კავშირშია სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სააქტო ჩანაწერებში შესწორებასა თუ ცვლილების შეტანასთან. აღნიშნული, თავის მხრივ, უკავშირდება “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის ზემომითითებულ მოთხოვნას.

ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანი უნდა იყოს გამოკვეთილი და დასაბუთებული, იმავდროულად, აღნიშნული მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური. სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, ხომ არ არსებობს დავა და საკითხი გადაწყვეტას სასარჩელო წარმოების წესით ხომ არ ექვემდებარება.

მოცემულ შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკის არაგაცის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, დადგინდა, ერთი მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის არქივის 10.05.2007წ. ¹ნ-21 საარქივო ცნობის, მეორე მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს 19.11.2007წ. ცნობის კონკრეტული პირისადმი კუთვნილების ფაქტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განმცხადებლის განმარტებით, მას ამ ფაქტის დადგენა სჭირდება მემკვიდრეობის მისაღებად. გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ არის, რომ აღნიშნული საკითხი (მემკვიდრეობის საკითხი) სადავო არ არის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ვერ დაექვემდებარება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს არ გააჩნდა კომპეტენცია, გადაეწყვიტა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) მიერ გაცემული დოკუმენტის კონკრეტული პირისადმი კუთვნილება. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის საარქივო ცნობის (დაბადების რეგისტრაციის ჩანაწერში რეგისტრირებული პირის შესახებ) კონკრეტული პირისადმი კუთვნილების დადგენას, ამ ნაწილში გადაწყვეტილება ასევე არ არის აღსრულებადი საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენადაც მის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელი ორგანოს სააქტო ჩანაწერში ცვლილება ვერ განხორციელდება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში არც ის საკითხია გარკვეული, იურიდიული ფაქტის დადგენის მიზნიდან გამომდინარე (სამკვიდროს მიღება), მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა არის თუ არა სადავო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, 64-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ე-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.