საქმე # 010141318700056720
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№194აპ-18 ქ. თბილისი
ს-ი ხ., 194აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ხ. ს-ი, - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; ხ. ს-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით - გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, გ. ს-ის (პ/ნ --), კ. ს-ისა (პ/ნ --) და ხ. ს-ის (პ/ნ --) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: გ-ი, სოფელ ქ-ი, --); გირაოს შემტანებს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში სრულად უნდა დაუბრუნდეთ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.
გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღურება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-მოყვანისათვის ნასამართლევმა ხ. ს-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას,“ რომელიც 2015 წლის 10 იანვარს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანა,“ საერთო წონით 24.85 გრამი, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკურებით დიდი ოდენობის ნუსხის თანახმად, წარმოადგენს დასჯად ოდენობას.
ხ. ს-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალებს - 49 ცალ, 1943 წლის ნიმუშის, 7.62 მმ კალიბრიან ვაზნას, რომლებიც 2015 წლის 10 იანვარს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ხ. ს-ის გამტყუნებას წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, გ. პ-ის პატაკითა და ჩვენებით დასტურდება, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ხ. ს-ის მიერ თავის საცხოვრებელ სახლსა და სათავსში ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის თაობაზე; ჩხრეკის ოქმის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა; ა. ჯ-მა, ლ. ო-მა და ა. თ-მა განაცხადეს, რომ როგორც ხ. ს-მა განმარტა, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები იყო მისი; საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირები არიან დანაშაულის ჩადენის თვითმხილველნი; ხ. ს-ის ვერსიის გაზიარება (მასზე ძალადობის განხორცილების თობაზე) საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მას დაზიანების კვალი არ ეტყობოდა; სასამართლომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები გაიზიარა მაშინ, როდესაც ისინი სხდომაზე არ გამოკვლეულა (დაცვის მხარის მიერ აღნიშნულ მტკიცებულებათა მოხსნის გამო).
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №262აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. ს-ის ბრალდების არცერთ ეპიზოდში (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი) არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
10. მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ა. ჯ-ის, ლ. ო-ისა და ა. თ-ის ჩვენებები), ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც დაადასტურებდა ხ. ს-ის უშუალო კავშირს ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და საბრძოლო მასალასთან, მითუმეტეს, რომ მის სახლში ცხოვრობენ ოჯახის სხვა, სრულწლოვანი წევრებიც.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე