Facebook Twitter

საქმე # 010100116001434491

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№201აპ-18 ქ. თბილისი

ბ. მ., 201აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ბ-ს, - ბრალად წარედგინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 12 ივნისს შპს ,,ა-ა“ და ა. ბ-ს შორის გაფორმებული მიწათსარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის ოფციის ხელშეკრულების თანახმად, ა. ბ. შპს ,,ა.“ გადასცემდა მის სარგებლობაში არსებულ, ხ-ს რაიონის სოფელ დ-ში მდებარე 1628,79 მ2 მიწის ნაკვეთს, სანაცვლოდ კი კომპენსაციის სახით მიიღებდა 12500 ლარს.

2013 წლის 3 სექტემბერს ა. ბ. გარდაიცვალა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შპს ,,ა-ამ“ 2013 წლის 18 ნოემბერს, N---- საგადასახადო დავალებით, სს ,,ს-ში“ არსებულ ა. ბ-ის ანგარიშზე ჩარიცხა 12500 ლარი.

2013 წლის დეკემბრის დასაწყისში ა. ბ-ის შვილს - მ. ბ-ს გაუჩნდა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად შპს ,,ა.“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 12500 ლარის დაუფლების სურვილი. მ. ბ-მ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ხსენებული ფირმის წარმომადგენელს მიმართა. აცნობა, რომ ა. ბ-ის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა, მამის სამკვიდრო მოწმობის მიღებას გარკვეული დრო სჭირდებოდა და ა. ბ-ის ანგარიშზე ჩარიცხული 12500 ლარის მიღებას ვერ ახერხებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესთავაზა, რომ შპს ,,ა.“ მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხა 12500 ლარი, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ იღებდა პერსონალურ ვალდებულებას, რომ 2014 წლის 15 მარტამდე შპს -თვის“ დაებრუნებინა ა. ბ-ის ანგარიშზე ჩარიცხული 12500 ლარი. შპს ,,ა-ამ“ გაითვალისწინა მ. ბ-ის თხოვნა და 2013 წლის 4 დეკემბერს, საგადასახადო N---- დავალებით, სს ,,თ-ში“ ამ უკანასკნელის ანგარიშზე ჩარიცხა 12500 ლარი. შპს ,,ა.“ წარმომადგენლების მოტყუებისა და ნდობის მოსაპოვებლად, ასევე თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2013 წლის 17 დეკემბერს მ. ბ-მ სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი განცხადებით დაადასტურა შპს ,,ა.“ მიმართ არსებული ზემოხსენებული ვალდებულების შესახებ.

2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 28 ივნისამდე, სს ,,თ-იდან“ მ. ბ-მ სრულად მიიღო ამ უკანასკნელის ანგარიშზე შპს ,,ა-ას“ მიერ ჩარიცხული 12500 ლარი.

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისთვის ნასამართლევმა, პირობით მსჯავრდებულმა მ. ბ-მ სამკვიდროს მოწმობის მიღების შემდეგ, არაერთგზის, მოტყუებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2014 წლის 25 მარტს სს ,,ს-იდან“ გამოიტანა ა. ბ-ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - 12500 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური ვალდებულება გააჩნდა შპს ,,ა.“ მიმართ გადაეხადა მამის - ა. ბ-ის ანგარიშზე შპს ,,ა.“ მიერ 2013 წლის 18 ნოემბერს ჩარიცხული 12500 ლარი. ამდენად, მ. ბ. თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 12500 ლარს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით მ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რამაზ შავაძემ და ითხოვა გამართლებულ მ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მ. ბ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა . ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც მ. ბ-ის ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმე თ. რ-ს ჩვენება, შპს ,,ა-ა“ და ა. ბ-ს შორის გაფორმებული მიწათსარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის ოფციის ხელშეკრულება, მ. ბ-ის 2013 წლის 17 დეკემბრის განცხადება, დათვალიერების ოქმები, საგადასახადო დავალებები, ა. ბ-ის გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობა და ამონაწერები სს ,,ს-სა“ და სს ,,თ-ში“ არსებული ა. და მ. ბ-ის ანგარიშებიდან), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც დაადასტურებდა მ. ბ-ის მიერ მოტყუებით, შპს ,,ა.“ ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს, რაც გამორიცხავს მისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე