ბს-1105-684(5კ-05) 11 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: რეორგანიზებული სააქციო საზოგადოების საგადასახადო დავალიანების ახლადწარმოქმნილ სუბიექტებზე სოლიდარულად დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს «კ-ის» საგადასახადო ვალდებულების _ 505 194, 96 ლარის სოლიდარულად დაკისრებაზე სს «ხ-ის”, სს «ს-ას», სს «ლ-ას» და თვით სს «კ-ის» მიმართ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 12.03.03წ. განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეთა უძრავ-მოძრავ ქონებას. 12.03.03წ. განჩინება ყადაღის დადების ნაწილში გასაჩივრდა მოპასუხეთა მიერ კერძო საჩივრით, რომელიც იმავე სასამართლოს 14.04.03წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.09.03წ. განჩინებით დარჩა უცვლელი.
საოლქო სასამართლო კოლეგიას წერილობითი შუამდგომლობით მიმართა საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოპასუხე საზოგადოებათა მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.02.03წ. ¹3კ/117402 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე სს «ი-ის» სასარგებლოდ 240 945 ლარის ანაზღაურებაზე. საგადასახადო ინსპექცია არის ზემოაღნიშნული საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების პირველი რიგის იპოთეკარი, რის გამო განმცხადებლის ავტორმა მოითხოვა სს «ი-ის» საქმეზე აღსრულების შეჩერება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 09.10.03წ. განჩინებით შუამდომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მოქმედება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.01.03წ. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომლითაც დაკმაყოფილდა სს «ი-ის» სარჩელი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 29.12.03წ. განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.03.04წ. განჩინებითსს «ი-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ სს «კ-ი» 1996წ. 30 დეკემბრიდან 2000წ. 25 ოქტომბრამდე აღრიცხვაზე იდგა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. ამ პერიოდში, კერძოდ 27.11.97წ. და 27.01.98წ. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით განხორციელდა სს «კ-ის» ნატურით გაყოფა და დაარსდა მოპასუხე საზოგადოებები. გაყოფის შედეგად საბიუჯეტო დავალიანება გადასახდელად დაეკისრა სს «კ-ს». ასეთი ფორმით წარმოების გაყოფა 1998წ. იანვრისათვის წარმოადგენდა საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლისა და სკ-ის 204-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევას, რითაც ზარალი განიცადა სახელმწიფო ბიუჯეტმა. მოსარჩელემ მოითხოვა ახლად წარმოქმნილ საწარმოებისათვის რეორგანიზებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულების სოლიდარულად დაკისრება.
მოპასუხეებმა სასარჩელო განცხადების მოტივები არ ცნეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დროისათთვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.6 მუხლში ცვლილება 04.09.99წ. კანონით იქნა შეტანილი და ამჟამად ამ ნორმისათვის უკუძალის მინიჭება ზიანის მომტანია უფლებამონაცვლე იმ საწარმოებისათვის, რომელთაც არ აუღიათ პასუხისმგებლობა გაყოფამდელი საწარმოს ვალებზე. სკ-ის 204-ე და საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის კოლიზიის შემთხვევაში სკ-ის მე-2 მუხლის თანახმად გამოიყენება სპეციალური ნორმები. სკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით გასულია ხანდაზმულობის ვადა, გაცდენილია სს «კ-ის» კრების ოქმის გასაჩივრების ორთვიანი ვადა.
მესამე პირის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა საგადასახადო დავალიანების დაკისრება მხოლოდ სს «კ-ზე».
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 30.06.04წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისსარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესისასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.02.05წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 30.06.04წ. გადაწყვეტილება, და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.04.05წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: სს «კ-ს», სს «ხ-ას», სს «ს-ას» და სს «ლ-ას» ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა სს «კ-ის» ვადაგადაცილებული საბიუჯეტო დავალიანება _ 505194,96 ლარი. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «კ-ი» 1996წ. 30 დეკემბრიდან 2000წ. 25 ოქტომბრამდე აღრიცხვაზე იდგა საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. 27.11.97წ. და 27.01.98წ. შედგა სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სს «კ-ის» ნატურით გაყოფის შესახებ. სს «კ-ის” გაყოფის შედეგად დაარსდა შემდეგი საწარმოო სუბიექტები: სს «კ-ი», სს «ხ-ა» და სს «ს-ა», ხოლო შემდეგ სს «ს-ას» გამოეყო და დაფუძნდა სს «ლ-ა». აღნიშნული სააქციო საზოგადოებები სასამართლოში გატარებული იქნენ სამეწარმეო რეესტრში. სს «კ-ის» აქციონერთა საერთო კრების 27.01.98წ. ¹3 ოქმის მიხედვით ამ სააქციო საზოგადოების ნატურით გაყოფის შედეგად წარმოქმნილ სს «კ-ის» საწესდებო კაპიტალი 1014822 ლარით განისაზღვრა, სს «ს-ას” საწესდებო კაპიტალი – 1512 511 ლარით, ხოლო სს «ხ-ის» საწესდებო კაპიტალი 264 960 ლარით განისაზღვრა. სს «კ-ის» აქციონერთა საერთო კრების 27.11.97წ. ¹2 ოქმის საფუძველზე კოლეგიამ დაადგინა, რომ სს «კ-ის» რესტრუქტურიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მესამე პირთა მიმართ არსებული ყოველგვარი ვალდებულებები, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებები, გადასახდელად დაეკისრა სს «კ-ს». კოლეგიამ მიუთითა, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლში 01.09.99წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად საწარმოთა ნატურით გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე. 1997წ. საგადასახადო კოდექსის 32.6 მუხლის მიხედვით გაყოფისას თავდაპირველი საწარმოთა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მემკვიდრეებად ითვლებიან ასეთი გაყოფის შედეგად შექმნილი საწარმოები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რამოდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, რეორგანიზებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში, თითოეული მათგანის წილი უნდა განისაზღვროს გამყოფი ბალანსით და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციით. მიუხედავად ამისა, სს «კ-ის» ნატურით გაყოფის შესახებ 27.11.97წ. და 27.01.98წ. აქციონერთა სააქციო კრებების გადაწყვეტილებით, გაყოფის შედეგად სხვა ვალდებულებებთან ერთად საგადასახადო ვალდებულებები მხოლოდ სს «კ-ს» დაეკისრა.
შედარების აქტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «კ-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის და სპეციალური სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ ერიცხებოდა 505 197,96 ლარი. 1997წ საგადასახადო კოდექსის 375-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების პროცესში საგადასახადო დარიცხვის მცდარობის ტვირთი გადასახადის გადამხდელს ეკისრება. სს «კ-ის» მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და დამტკიცებული, რომ ნატურით გაყოფის დროს არ არსებობდა საგადასახადო დავალიანება და რომ სახელმწიფო ბიუჯეტის და სხვა სახელმწიფო ფონდების მიმართ დარიცხული გადასახადების წარმომავლობა მიმდინარეობს სს «კ-ის» გაყოფის შემდგომი პერიოდიდან. სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ «მეწარმეთა შესახებ» კანონში ცვლილების 01.09.99წ. კანონით შეტანა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ ნიშნავს იმას, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად პასუხს აგებენ მხოლოდ 1999წ. 1 სექტემბრიდან. პალატამ მიუთითა, რომ 1964წ. სკ-ის 37-ე მუხლის შესაბამისად იურიდიული პირის გაერთიანების ან გაყოფისას მათი ქონება (უფლებები და მოვალეობები) გადადის ახლად წარმოშობილ იურიდიულ პირებზე. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა აგრეთვე მოპასუხე ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნებზე გათვალისწინებულია ექვსწლიანი ვადა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 13.06.05წ. განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს 26.04.05წ. გადაწყვეტილებაში, სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნა ცვლილებები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს-ამ», სს «ი-მა», სს «კ-მა», სს «ხ-ამ», სს «ლ-ამ». სს «ლ-ას» საკასაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო საკასაციო სასამართლოს 12.10.05წ. განჩინებით დარჩა განუხილველად.
კასატორმა «ს-ამ» აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კასატორის აზრით, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის უფლება 505194,96 ლარზე. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ე.წ. შედარების აქტს, რომელიც მოიცავს პერიოდს 2003წ. 2 იანვრიდან 8 მარტამდე და რომლითაც შეუძლებელია იმის გარკვევა, როდის დაერიცხა სს «კ-ს» საბიუჯეტო დავალიანება, რა თანხა იყო ძირითადი და რამდენს შეადგენს საურავი, სასამართლომ არ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელთაც შეუძლიათ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.
კასატორი აღნიშნავს რომ, ნატურით გაყოფამდე სს «კ-ის» საბიუჯეტო დავალიანება მათთვის ცნობილი არ ყოფილა. დავალიანება წარმოიშვა მხოლოდ საწარმოს შემდგომი სამეურნეო საქმიანობის შედეგად და თუ ამჟამად რაიმე აქვს გადასახდელი, თავადვე უნდა აგოს პასუხი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს გაყოფამდე რაიმე დავალიანების არსებობა დადასტურდება, მასზე უნდა გავრცელდეს ამნისტია და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
კასატორი თვლის, რომ საწარმოს გაყოფა მოხდა იმჟამად მოქმედი სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით, რადგან იმ დროისათვის სოლიდარულ პასუხისმგებლობას კანონი არ ითვალისწინებდა. საგადასახადო ორგანოს ყოველდღიური შეხება აქვს მეწარმე სუბიექტებთან, მიუხედავად ამისა, დავა აღნიშნულ საკითხზე არ დაიწყო დადგენილ ვადაში. კასატორის აზრით, სასამართლომ სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის დაღვევით გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 15.2 მუხლი, რომელიც ორთვიან ხანდაზმულობის ვადას ადგენს.
კასატორმა სს «კ-მა» აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლები, ვინაიდან გადაწყვეტილება იურიდიულად არ დაასაბუთა. საქმეზე არ არის გამოკვლეული და შესწავლილი, აგრეთვე, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები; საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების მიზნით, გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილ შედარების აქტს, რომლითაც შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ როდის წარმოიშვა დავალიანება, რის საფუძველზე და ზუსტია თუ არა მხარის მიერ მითითებული თანხა.
კასატორი თვლის, რომ სადავო თანხის ოდენობით დავალიანება ვერ ექნებოდა სს «კ-ს», ვინაიდან მათ მიმართ გაკოტრების საქმისწარმოება ჯერ კიდევ 2002წ. 4 ოქტომბერს გაიხსნა და იმ დროისათვის საბიუჯეტო დავალიანება მიახლოებით 100-დან 150 000 ლარამდე მერყეობდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» კანონი და შეეწყვიტა საქმისწარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა «ხ-ამ” აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა «ამინისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მის საფუძველზე შეეწყვიტა საქმისწარმოება. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი გარემოება, შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის უფლება 505 194,96 ლარზე. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენის მიზნით არ დანიშნა საბუღალტრო ექსპერტიზა. კასატორს მიაჩნია, რომ საწარმოს გაყოფა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გაყოფის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტების სოლიდარულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა.აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა «ი-ის» სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგანაცმოსარჩელემ ვერ დაადასტურა თავისი მოთხოვნის კანონიერება და ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სს «კ-ის» ნატურით გაყოფის დროისათვის სს-ის საგადასახადო დავალიანების არსებობა.
კასატორის განცხადებით, გადაწყვეტილება შეიცავს არა ერთ უზუსტობას. კასატორი თვლის, რომ კოლეგიამ არასწორად განმარტა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.6 მუხლი და არასწორად გამოიყენა 1997წ. საგადასახადო კოდექსის მუხლი მოპასუხეებთან მიმართებაში, საქმეში წარმოდგენილი მკტიცებულებები ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს მოსარჩელე ედავება არარსებულ საგადასახადო დავალიანებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სს «ი-ის» სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა ასევე ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომელიც მიღებულ იქნა უზენაესი სასამართლოს 31.01.03წ. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წამოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 26.04.05წ. გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევის გარეშე. განსახილველი დავის საგანს505197,96 ლარის ოდენობით სს «კ-ის” საგადასახადო დავალიანების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთისაგან გაათავისუფლა მოსარჩელე საგადასახადო ორგანო და სს «კ-ის” საგადასახადო დავალიანების არსებობა დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 08.08.03წ. და 19.04.05წ. შედარების აქტების საფუძველზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა აღნიშნული აქტებისა, ფაქტობრივად საქმეზე არ არსებობს სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა სადავო გადასახადის წარმომავლობის, მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავების დადგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეები უთითებდნენ მტკიცებულებებზე, რომელიც, მათი განცხადებით, თან ერთვის სს «კ-ის” ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. სსკ-ის 103-ე, ასკ-ის მე-4 და მე-17 მუხლების თანახმად, სასამართლო ვალდებულია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს უნდა მოეპოვებია დამატებითი მტკიცებულებები და მათ საფუძველზე უტყუარად დაედგინა, გადასახადით დასაბეგრი რომელი კონკრეტული ოპერაციის საფუძველზე და რა ოდენობის გადასახადი და სანქცია-საურავები დაერიცხა სს «კ-ს”.
იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 32-ემუხლის თანახმად, გაყოფის შემდეგ წარმოქმნილ საწარმოებს სოლიდარული პასუხისმგელობა ეკისრებათ მხოლოდ თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულების დაკისრების დროს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს მითითებული დავალიანების წარმოშობის დრო. სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი არ არის სადავო გადასახადი წარმოშობილია სს «კ-ის” გაყოფამდე, თუ მის შემდგომ პერიოდში. საქმეში დაცული 08.08.03წ. შედგენილი აქტი მოიცავს საწარმოს გაყოფის შემდგომ (კერძოდ, 2003წ. 2 იანვრიდან 9 მარტამდე) პერიოდს. სააპელაციო პალატის მიერ უარყოფილი არ არის მოპასუხეთა მოსაზრებანი იმის შესახებ, რომ დავალიანება სს «კ-ს” წარმოეშვა ნატურით გაყოფის შემდგომ და არ არის დასაბუთებული, რომ შედარების აქტებში მითითებული თანხები საგადასახადო დავალიანებად ერიცხებოდა სს «კ-ს” გაყოფამდე. ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომსადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდქსის ნორმები.ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია, აგრეთვე, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლითგანსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადის დაცვის გარკვევა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მტკიცების ტვირთისაგან საგადასახადო ორგანოს განთავისუფლების შესახებ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამიხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 257-ე მუხლით და მიუთითა, რომ გასაჩივრების პროცესში საგადასახადო დარიცხვის მცდარობის ტვირთი ეკისრება გადასახადის გადამხდელს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს საგადასახადო ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს წარმოქმნილ ურთიერთობებს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობის რეგულირების სფეროს. ასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას ყოველი მოსარჩელე, მათ შორის, საგადასახადო ორგანო, ვალდებულია დაამტკიცოს აქტის მართლზომიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სს «კ-თვის” სადავო თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტი საქმეზე წარმოდგენილი არ არის და მოსარჩელე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ძირითად სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებისათვის ვადაგადაცილებული საბიუჯეტო დავალიანების სოლიდარულად დაკისრება წარმოადგენს. საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს‚ თითოთეულ გადამხდელს კუთვნილი გადასახადი დაარიცხოს. ამავე კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელის მიერ დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით ზემდგომ საგადასახადო ორგანოში გასაჩივრება ან სასამართლოში აპელაცია არ აჩერებს დარიცხული გადასახადების გადახდას და მისი გადახდევინება დასაშვებია გასაჩივრების ან აპელაციის მიუხედავად, თუ ზემდგომი ორგანო დავის განხილვის პერიოდში არ აჩერებს დარიცხული გადასახადის გადახდას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოყენებულ იქნა დარიცხული გადასახადების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტში იძულებით გადახდევინების უფლებამოსილება. სსკ-ის მე-11 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები მათდამი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს განიხილავენ, თუ მათი განხილვა კანონის თანახმად სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. ხოლო ასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებებს განეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომსაქმის განხილვისას უნდა იქონიოს მსჯელობა, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის უწყებრივ ქვემდებარეობაზე, მით უფრო, რომ მოცემული საქმის წარმოების გამო საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერებულია იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული საქმე სს «ი-ის” სასარგებლოდ მოპასუხე საზოგადოებების მიერ 240 945 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხოლოდ მხარეებმა ან ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს «ი-ი” მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულია ასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.
სსკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის 435-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს. ამჟამად მოქმედი ასკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეების გარდა, ადმინისტრაციულ საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ მხოლოდ საქალაქო(რაიონული) სასამართლოები. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.04.05წ. გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს-ას”, სს «ხ-ის» და სს «კ-ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.04.05წ. გადაწყვეტილება, საქმეგანხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
2. სს «ი-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.