Facebook Twitter

საქმე # 010141318700057618

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№218აპ-18 ქ. თბილისი

ჩ. გ., 218აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით გ. ჩ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ქ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კ. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N------------ გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 1 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი); ასევე - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის ოქტომბერში მ. ქ-ს სოციალური ქსელის - „-”-ის საშუალებით დაუკავშირდა გ. ჩ., რომელმაც შესთავაზა იჯარის ხელშეკრულების დადება, რის საფუძველზეც მ. ქ. გ. ჩ-ს კონკრეტული ვადითა და ანაზღაურების პირობით გადასცემდა კუთვნილ „NIKON D3200”-ის ფირმის ფოტოაპარატს. 2016 წლის 29 ოქტომბრიდან მ. ქ-მ რამდენჯერმე გადასცა კუთვნილი ფოტოაპარატი გ. ჩ-ს, რომელიც ნივთს აბრუნებდა, მაგრამ არ იხდიდა შეთანხმებულ თანხას. გ. ჩ. მ. ქ-ს ჰპირდებოდა, რომ ფულს ერთად მას შემდეგ გადაუხდიდა, რაც გადაღებების ანაზღაურებას მიიღებდა. მ. ქ-ს ნდობის მოსაპოვებლად გ. ჩ-მ მას დაუტოვა თავისი პასპორტი, ასევე შეადგინა იჯარის წერილობითი ხელშეკრულება. 2016 წლის 22 დეკემბერს ა. წ-ის გამზირ N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ქ-მ ერთი დღით გადასცა გ. ჩ-ს კუთვნილი „NIKON D3200”-ის მოდელის ფოტოაპარატი, რაც გ. ჩ-მ იმავე დღეს ჩააბარა თ-ი, პ-ის გამზირის N-ში მდებარე ლომბარდში, რის შემდეგაც გამორთო საკონტაქტო ტელეფონი და მიიმალა. გ. ჩ-ის ქმედებით მ. ქ-ს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 18 ნოემბერს კ. გ-ს დაუკავშირდა მეგობარი მ. ქ., რომელმაც უთხრა, რომ ის ნაცნობ ფოტოგრაფ გ. ჩ-ს იჯარის ხელშეკრულებით აძლევდა ფოტოაპარატს და შეეძლო, თვითონაც მიექირავებინა გ. ჩ-ისთვის საკუთარი ფოტოაპარატი. 2016 წლის 18 ნოემბერს გ. ჩ. დაუკავშირდა კ. გ-ს და მას შემდეგ, რაც იგი დაარწმუნა, რომ იყო სანდო პიროვნება, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, თანხის გადახდის პირობით, 2016 წლის 19 დეკემბერს თ-ი, ა. წ-ის გამზირზე მდებარე პ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. გ-მ გ. ჩ-ს 5 დღით გადასცა „CANON D 600”-ის მოდელის ფოტოაპარატი, რაც გ. ჩ-მ იმავე დღეს ჩააბარა თ-ი, პ-ის გამზირის N---ში მდებარე ლომბარდში, რის შემდეგაც გამორთო საკონტაქტო ტელეფონი და მიიმალა. გ. ჩ-ის ქმედებით კ. გ-ს მიადგა 1400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

გ. ჩ-მ 2016 წლის დეკემბერში განიზრახა, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა შპს ,,მ-ის“ კუთვნილ ვიდეოკამერებს. ამ მიზნით, იგი 2016 წლის 19 დეკემბერს დაუკავშირდა ზემოხსენებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების თანამშრომელ დ. ტ-ს, რომელიც მოატყუა, რომ თითქოსდა ფილმის გადასაღებად ესაჭიროებოდა ვიდეოკამერები და დ. ტ-ის ნაცნობის - შპს „ვ-ის“ თანამშრომელ ვ. ო-ის სახელით სთხოვა ეთხოვებინა ვიდეოკამერები, რაზეც დ. ტ-ი დასთანხმდა. იმავე დღეს, საღამოს საათებში, გ. ჩ. შეხვდა დ. ტ-ს თ-ი, მ. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განზრახვა მოიყვანა სისრულეში და თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „მ-ის“ კუთვნილ, 10562 ლარად ღირებულ „CANON C100”-ის მოდელის ვიდეოკამერას, ორი ლინზით, 161 ლარად ღირებული დამტენითა და ჩანთით, რის შემდგომაც მოახდინა მისი რეალიზაცია, კერძოდ, ჩააბარა ლომბარდში 2500 ლარად. აღნიშნულის შემდგომ, 2016 წლის 20 დეკემბერს, გ. ჩ-მ კვლავ თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განიზრახა, დაუფლებოდა შპს „მ-ის“ კუთვნილ ვიდეოკამერას. ამ მიზნით, ისევ დაუკავშირდა დ. ტ-ს და იმავე მოტივით სთხოვა ეთხოვებინა მეორე კამერა, რაზეც იგი დასთანხმდა და 2016 წლის 20 დეკემბერს, დღის საათებში, შეხვდა თ-ი, ქ-ის ქუჩის N---ში, შპს „მ-ის“ ეზოში, სადაც განზრახვა მოიყვანა სისრულეში და თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „მ-ის“ კუთვნილ, 10562 ლარად ღირებულ „CANON C100”-ის მოდელის ვიდეოკამერას, 161 ლარად ღირებული დამტენითა და ჩანთით, რის შემდგომაც მოახდინა მისი რეალიზაცია, კერძოდ, კვლავ ჩააბარა ისინი ლომბარდში 2500 ლარად. აღნიშნული ქმედებით შპს „მ-ს“ გ. ჩ-მ მიაყენა 21446 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული გ. ჩ. განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულ გ. ჩ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი (ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე