Facebook Twitter

საქმე # 030100117002081462

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№222აპ-18 ქ. თბილისი

კ-ი ვ., 222აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ვ. კ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ვ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ყველა ვალდებულება გაუქმდა; ვ. კ-ს დაუბრუნდა საქმის გამომძიებლისათვის ჩაბარებული საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ვ. კ-ი 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ვ. კ-მა ფ-ი, გ-ს ქუჩის N-, ბინა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - მ. კ-ს მარცხენა მკლავზე ერთხელ დაარტყა ჩაქუჩი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენის გაუქმებას, ვ. კ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში და შესაბამისი სასჯელის მისჯას. პროკურორის მითითებით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სააპელაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ასეთი კატეგორიის დანაშაულისთვის ერთზე მეტი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენას ითხოვს; სამართლიანი სასამართლოს სულისკვეთება უნდა გამოიხატებოდეს არა იმაში, თუ რამდენი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებაა საქმეში, არამედ - როგორია მტკიცებულებების ხარისხი და მათი უტყუარობა; მ. კ-ის ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი სხვა მტკიცებულებებთან; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და სასამართლო სახელმძღვანელო წინადადებების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმეში მხოლოდ ერთი (ფაქტის შემსწრე) მტკიცებულების არსებობა აპრიორი არ ნიშნავს, იმას რომ საქმეზე არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ვ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, დაზარალებულ მ. კ-ის ჩვენებას უპირისპირდება ბრალდებულ ვ. კ-ის ჩვენება, რომელიც უარყოფს ძალადობის ფაქტს, ხოლო ბრალდებულის მეუღლემ, სულიკო კ-მა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღსანიშნავია, რომ მასში დაზიანებების ხანდაზმულობა განსაზღვრული არ არის და უტყუარად ვერ ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მ. კ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები უშუალოდ მამამ, ვ. კ-მა მიაყენა.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე