Facebook Twitter

საქმე # 010141318700057471

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№227აპ-18 ქ. თბილისი

რ-ი გ-ი, 227აპ-18 17 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ-ი რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით გ-ი რ-ი, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-ი რ-ს მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 აპრილიდან. გ-ი რ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, გ-ი რ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ნ. ზ-ს დანით კისერში რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემდეგ წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, რის შემდეგაც ნ. ზ-ი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ გ-ი რ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. ზ-ის ბეჭედს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და დატოვა შემთხვევის ადგილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მსჯავრდების ორივე ეპიზოდში. კასატორის პოზიციით, საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა გ. რ-ის ბრალეულობას; თავად ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და გამოძიებაში მიცემულ აღიარებით ჩვენებას განმარტავს, როგორც პოლიციის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის შედეგს; შესაძლებელია, ნ. ზ-ს პლასტიკური ბარათი დარჩა მათთან სახლში ყოფნის დროს.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №424აპ-16, №527აპ-17, №71აპ-18 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ-ი რ-ის მიერ როგორც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ისე 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ-ი რ-ის მსჯავრდება გამოიწვია; მოწმე ნ. რ-მა დაადასტურა მკვლელობის დღეს ნ. ზ-ის სახლში ბოლოს თავისი შვილის ყოფნა; ბიოლოგიური (სერეოლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, გ-ი რ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ჯინსის შარვალსა და ფეხსაცმელზე არსებული სისხლის ერთი წილი ეკუთვნის ნ. ზ-ს; ნ. ზ-ის ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალიდან ერთი წილი ეკუთვნის მსჯავრდებულს; გ-ი რ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მისივე მითითებით ამოღებულ ნ. ზ-ის ბინის გასაღებზე არსებული ბიომასალის პროფილი ეკუთვნის აგრეთვე მსჯავრდებულს; საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც დადასტურებულია ნ. ზ-ისა და გ. რ-ის ტანსაცმელზე ანალოგიური ქსოვილების ბოჭკოების აღმოჩენის ფაქტი.

10. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გ-ი რ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის: ბინის ჩხრეკის ოქმი, ბიოლოგიური (სერეოლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა) სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ-ი რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე