¹ვ-810-შ-50-05 15 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. შ-ს შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის კიევის ოლქის მაკაროვის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ს. შ-ს განცხადების გამო, შვილად აყვანის თაობაზე - დაინტერესებული მხარე ქ. მაკაროვის რაიონული განათლების განყოფილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. შ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 2003 წლის 14 აგვისტოს მან იქორწინა ტ. შ-ზე, რომელსაც თავის კმაყოფაზე პირველი ქორწინებიდან დარჩა შვილი – ნ. გ-ს ასული ო-ი, დაბადებული 1997 წლის 10 სექტემბერს. განმცხადებელს სურს შვილად აიყვანოს ნ. ო-ი, რაზედაც წერილობითი თანხმობა გამოთქვა ტ.შ-მ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ბავშვის მამას ექვს თვეზე მეტია, რაც მონაწილეობა არ მიუღია მის აღზრდაში. ს. შ-მ მიმართა სასამართლოს თხოვნით, გამოეტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა ნ. ო-ს შვილად აყვანის თაობაზე და დაბადების მოწმობაში აღენიშნებოდა, როგორც მისი მამა, ასევე განმცხადებელმა მოითხოვა ბავშვისათვის გვარის „შ-თი“ - სახელის „ნ-ათი“ და მამის სახელის - „ს-ს ასულით“ შეცვლა.
უკრაინის რესპუბლიკის კიევის ოლქის მაკაროვის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ს განცხადება დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ს. შ-ს მიეცა უფლება იშვილოს ნ. ო-ი, დაბადებული 19... წლის 10 ..... ქ.თბილისში; ბავშვის დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად მიეთითოს ს. შ-ო; ახალი დაბადების მოწმობის გაცემისას ბავშვს გამოეცვალოს გვარი ო-დან შ-თი, სახელი – ნ.- ნ-ათი, მამის სახელი გ-ს ასული – ს-ს ასულით, დაბადების თარიღი და ადგილი დარჩეს უცვლელი. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა შესაბამისი ცვლილებების შეტანა თბილისის დიდუბის რაიონის მმაჩის სააქტო ჩანაწერებში.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 11 იანვარს.
ს. შ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. შ-ს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის რესპუბლიკის კიევის ოლქის მაკაროვის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ს ძე შ-ს განცხადება დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ს. შ-ს მიეცა უფლება იშვილოს ნ. ო-ი, დაბადებული 19... წლის 10 ...... ქ.თბილისში; ბავშვის დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად მიეთითოს ს. შ-ო; ახალი დაბადების მოწმობის გაცემისას ბავშვს გამოეცვალოს გვარი ო-დან შ-თი, სახელი – ნ.- ნ-ათი, მამის სახელი გ-ს ასული – ს-ს ასულით, დაბადების თარიღი და ადგილი დარჩეს უცვლელი. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა შესაბამისი ცვლილებების შეტანა თბილისის დიდუბის რაიონის მმაჩის განყოფილების 1997 წლის 12 სექტემბრის ¹1084 სააქტო ჩანაწერის წიგნში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება. საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს აუცილებელია მათი თანხმობა. მშობლის თანხმობა გაშვილებაზე უნდა გამოითქვას წერილობით.
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ბავშვი მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, შვილად აყვანის ან მისი გაუქმების დროს საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს თანხმობის, აგრეთვე ბავშვის თანხმობის მიღება, თუ ამას მოითხოვს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც იგი არის. ამავე კონვენციის 55-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, ბავშვის მამა არ იქნა გაფრთხილებული უკრაინის რესპუბლიკის კიევის ოლქის მაკაროვის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის სხდომის შესახებ და მას (ბავშვის მამას) ბავშვის გაშვილებაზე წერილობითი თანხმობა არ გამოუთქვამს. ბავშვის გაშვილებაზე მხოლოდ ბავშვის დედამ გამოთქვა წერილობითი თანხმობა.
ზემოთმითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს. შ-ს შუამდგომლობის, უკრაინის რესპუბლიკის კიევის ოლქის მაკაროვის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 37-ე, 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს ს. შ-ს შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის კიევის ოლქის მაკაროვის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.