საქმე # 010100115791987
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №246აპ-18 ქ. თბილისი
ც. ს. 246აპ-18 12 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ს.ც-ს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს. გ-ს ძე ც. მუშაობდა შპს ,,ქ.ბ. თ.” კომერციული განყოფილების გამგის თანამდებობაზე და იყო სახელმწიფო მოხელე. მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და გამორჩენის მიღების მიზნით, 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის, მიითვისა შპს ,,ქ. ბ. თ-ს” კუთვნილი დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, კერძოდ:
მან 1999 წლის 29 სექტემბერს ქ. ქ., დ. ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ. კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023096 წაიღო შპს ,,ქ. ბ. თ-ს” კუთვნილი 24000 კოლოფი, 7200 ლარად ღირებული სიგარეტი ,,გონიო’’ და 16000 კოლოფი, 30400 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’, სულ 37600 ლარად ღირებული.
მანვე 1999 წლის 9 ოქტომბერს ქ. ქ., დ. ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ. კ--ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებით №023202 წაიღო 192 400 კოლოფი, 32900,4 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’ და 39600 კოლოფი, 6771,6 ლარად ღირებული სიგარეტი ,,პრიმა’’, ასევე 2000 კოლოფი, 460 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ხიხანი’’, სულ 40132 ლარად ღირებული.
მანვე 1999 წლის 9 ოქტომბერს ქ.ქ., დ.ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ. კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023205 წაიღო 200 000 კოლოფი, 38000 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’.
მანვე 1999 წლის 15 ოქტომბერს ქ. ქ., დ. ა-.ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ. კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023206 წაიღო 200 000 კოლოფი, 38000 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’.
მანვე 1999 წლის 16 ოქტომბერს ქ. ქ., დ. ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ. კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023207 წაიღო 200 000 კოლოფი, 38000 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’.
მანვე 1999 წლის 21 ოქტომბერს ქ. ქ., დ. ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ. კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023141 წაიღო 200 000 კოლოფი, 38000 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’.
მანვე 1999 წლის 26 ოქტომბერს ქ.ქ., დ. ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ.კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023141 წაიღო 224 000 კოლოფი, 42560 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’.
მანვე 1999 წლის 30 ოქტომბერს ქ.ქ., დ. ა-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მცხოვრებ ჭ.კ-ს სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №023141 წაიღო 180 800 კოლოფი, 34352 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ასტრა’’, ხოლო სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებით №023145 წაიღო 8 500 კოლოფი, 1955 ლარად ღირებული სიგარეტი ,,ხიხანი’’.
ს. ც-მ ამგვარი ქმედებებით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ჭ. კ-ს სახელზე ფიქტიურად გაწერა ზემოაღნიშნული სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები და შპს ,,ბ. თ-დან’’ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 274 399 ლარად ღირებული, 1 451 300 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ს.ც., - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1999 წელს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გამართლებულ ს. ც-ს განემარტა უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219_228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენის გაუქმებასა და საქმის ახალი განხილვისათვის გადაგზავნას შესაბამის სასამართლოში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
10. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე