Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-1026-281-08 4 თებერვალი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ თ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. მ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა 1996 წლის გაყრილობის აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ს. მ-შვილის საცხოვრებელი სახლიდან სავალდებულო წილის გამოყოფა და ნ. მ-შვილის მემკვიდრეობიდან ტრანსმისიის საფუძველზე შესაბამისი წილის მიკუთვნება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავო საცხოვრებელი ბინიდან ნამდვილად ეკუთვნის 20 კვ.მ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. მ-შვილს თ. მ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინიდან გამოეყო 20 კვ.მ, რაც აღირიცხა მის სახელზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ბ. მ-შვილის წარმომადგენელმა ე. ო-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონებას ფლობს და განკარგავს თ. მ-შვილი, რომელმაც შესაძლოა აღნიშნული ქონება გაასხვისოს ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთოს, რაც შემდგომ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას გაართულებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით ბ. მ-შვილის წარმომადგენელ ე. ო-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე თ. მ-შვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს დაედო ყადაღა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი თ. მ-შვილის საკუთრებაა. პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გაართულებს და შეუძლებელს გახდის მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა სახლიდან სავალდებულო წილის გამოყოფა და მემკვიდრეობითი ტრანსმისიის საფუძველზე შესაბამისი წილის მიკუთვნება. მოსარჩელე კი სარჩელის უზრუნველსაყოფად ითხოვს მოპასუხის კუთვნილ სადავო საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება _ სადავო სახლზე ყადაღის დადება, ემსახურება მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-შვილმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა როგორც მითითებული განჩინების, ისე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე დადებული ყადაღის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე მომავალში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. განჩინების მიღებისას პალატა დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილს და უგულებელყო 192-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები, ასევე 285-ე მუხლის “დ” და “ე” ქვეპუნქტები. სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 199-ე მუხლი და მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება არ უზრუნველყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით თ. მ-შვილის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საკასაციო სასამართლოს. მითითებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ თ. მ-შვილის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესსა და პირობებს, კერძოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად მხარემ უნდა მიუთითოს, სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტულად რომელი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა.

მოცემულ შემთხვევაში ბ.მ-შვილის განცხადება ზემოხსენებული მუხლების მოთხოვნებს შეესაბამება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარემ სასამართლოს წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 21 ივნისის ¹142 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლი აღრიცხულია თ. მ-შვილის სახელზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად დააკმაყოფილა ბ.მ-შვილის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველსაყოფად სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას თ. მ-შვილის მიმართ წარმოადგენს 1966 წლის გაყრილობის აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, საცხოვრებელი სახლიდან სავალდებულო წილისა და მემკვიდრეობითი ტრანსმისიის შესაბამისად წილის მიკუთვნება. რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოსარჩელეს 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გამოუყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ბ. მ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში თ. მ-შვილის მიერ მისი კუთვილი სადავო ქონების გასხვისებამ ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვამ შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის წესს. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმის შემდეგ, რაც მხარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, კერძოდ, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, რის გამოც ზემოხსენებული მუხლი გამოყენებული ვერ იქნება.

ასევე დაუსაბუთებელია თ.მ-შვილის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით და მოპასუხის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება არ უზრუნველყო. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა სარჩელის უზრუნველყოფისას ავტომატურად არ გამოიყენება, არამედ აღნიშნულის საჭიროებას განსაზღვრავს სასამართლო სათანადო გარემოებების არსებობისას, შესაძლოა მხარის შუამდგომლობის საფუძველზეც, რომლითაც იგი მითითებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას სათანადოდ დაასაბუთებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისისა და 12 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.