საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-106-386-08 25 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ვ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ვა. გ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების და თანამდებობის პირთა მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 11 აპრილს ვ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართალწარმოების ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხეების ვა. გ-შვილის და ნ. მ-აძის მიმართ და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხეების საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადება.
გარდაბნის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა და მოითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება.
ამავე სასამართლოს 2005 წლის 25 ივნისის განჩინებით ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით ვ. გ-შვილის მოთხოვნა მოპასუხეების ქონების ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა და მოთხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განჩინებით ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება და ვ. გ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო გარდაბნის რაიონის, ტ-ლის საკრებულოს, სოფელ წ-სში მდებარე ¹348, ვა. გ-შვილის საკუთრებაში არსებულ 0,10 ჰა მიწის ნაკვეთს.
2007 წლის 11 ოქტომბერს ვა. გ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფოს ღონისძიების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ვა. გ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფოს ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსან გარდაბნის რაიონის, ტ-ლის საკრებულოს, სოფელ წ-სში მდებარე ¹348, ვა. გ-შვილის საკუთრებაში არსებულ 0,10 ჰა მიწის ნაკვეთს.
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმება, ყადაღის დადება ვა. გ-შვილის ქონებაზე მდებარე გარდაბნის რაიონის, ტ-ლის საკრებულოს, სოფელ წ-სში ¹348, 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატას არ უნდა გაეუქმებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან მხარეებს შორის დავა ჯერ არ დამთავრებულა და მას ამჟამად გარდაბნის რაიონულ სასამართლოში შეტანილი აქვს ახალი საჩივარი, რომლითაც თავიდან ითხოვს რეაბილიტაციას და მორალური, მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ვ. გ-შვილის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული იყო ვ. გ-შვილის მიერ, მოპასუხეების _ ვა. გ-შვილის და ნ. მ-აძის მიმართ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების და თანამდებობის პირთა მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე გარდაბნის რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 11 აპრილს აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დავა დამთავრდა სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. გ-შვილის მოთხოვნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს ზემოთ მითითებული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების დატოვების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას აღძრული აქვს ახალი საჩივარი, შესაძლებელია გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ახალი განცხადების შეტანის და არა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. გ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.