ას-16-354-09 5 თებერვალი, 2009 წ.
თბილისი ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს «ი. უ. ქ.»
წარმომადგენელი _ ვ. თ-ელი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ მოთხოვნის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. თ-შვილმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ სასამართლოს წარმოებაშია სს «ი. უ. ქ.» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე სს «ი. უ. ქ.» მის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან ბოლო მისთვის ცნობილი გახდა, რომ სს «ი. უ. ქ.» ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის შედეგადაც აღებულ ვალდებულებას ვეღარ ასრულებს, რის გამოც აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დავის დასრულების დროისათვის გაჭირდება ან საერთოდ შეუძლებელი გახდება საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, ნ. თ-შვილმა მოითხოვა დაყადაღებულიყო ქ. თბილისში, . . . ქ.¹25-ში მდებარე უძრავი ქონების ის ნაწილი _ ფართით 112.4მ2, რომელიც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო სს «ი. უ. ქ.» სახელზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ნ. თ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს «ი. უ. ქ.» აეკრძალა ქ. თბილისში, . . . ქ.¹25-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ ფართის 90.00მ2 გაყიდვა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა სს «ი. უ. ქ.» წარმომადგენელმა _ ვ. თ-ელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საზოგადოების კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის გაუქმება და განჩინების გაუქმებამდე მისი აღსრულების შეჩერება.
საჩივრის ავტორის განმარტებით უსაფუძვლოა როგორც ნ. თ-შვილის, ისე სასამართლოს ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ვერ შეძლებს მოსარჩელისათვის თანხის გადახდას ფინანსური კრიზისის გამო, ვინაიდან სს «ი. უ. ქ.» წარმოადგენს ცნობილ და ერთ-ერთ სერიოზულ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც გააჩნია მსხვილი საწესდებო კაპიტალი, აგრეთვე მრავალრიცხოვანი და ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, ანგარიშები ბანკებში და ა.შ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სს «ი. უ. ქ.» წარმომადგენელ ვ. თ-ელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო გადმოეგზავნა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა შპს «ი. უ. ქ.» წარმომადგენელ ვ. თ-ელის საჩივარი და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიბის გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, საჩივრის ავტორის მითითება, რომ ჯერ კიდევ არაა ცნობილი თუ ვის სასარგებლოდ დამთავრდება საქმე და საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ზემდგომი ინსტანციების მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს «იბერია უძრავ ქონებას» მის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 27 500 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, შესაბამისად, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება იძულებით აღსრულებაზე.
საჩივრის ავტორის განმარტება, რომ უსაფუძვლოა როგორც ნ. თ-შვილის, ისე სასამართლოს ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია, განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ვერ შეძლებს მოსარჩელისათვის თანხის გადახდას ფინანსური კრიზისის გამო, ვინაიდან სს «ი. უ. ქ.» წარმოადგენს ცნობილ და ერთ-ერთ სერიოზულ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც გააჩნია მსხვილი საწესდებო კაპიტალი, აგრეთვე მრავალრიცხოვანი და ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, ანგარიშები ბანკებში და ა.შ. ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საჩივრის ავტორს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «ი. უ. ქ.»» წარმომადგენელ ვ. თ-ელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ი. უ. ქ.» წარმომადგენელ ვ. თ-ელის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.