Facebook Twitter

ას-181-508-09 22 აპრილი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჭ-ია

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, კ. ჭ-იას მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹3-ის მესამე შესახვევსა და ... ქ.¹40/2-ის ბინა ¹13-ში მდებარე აწ გარდაცვლილი ლ. პ-იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მ.მ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და დასაყადაღებელ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის განჩინებით კი განცხადება დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, რაზეც მ.მ-ძემ შეიტანა საჩივარი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მ.მ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის, ასევე საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა, რამდენი მონაწილეცაა საქმეში, ხოლო ამავე პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებით განმცხადებელს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ.მ-ძეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე განცხადების დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად.

მ.მ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (ს.ფ. 69), რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გამამართლებელი განაჩენი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მ.მ-ძის განცხადება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის განჩინებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კი მ. მ-ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე მ.მ-ძის საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ 2008 წლის 7 ნოემბრის განცხადებით მ.მ-ძემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ 2008 წლის 19 სექტემბრის წინმსწრები განჩინების გაუქმება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, 419-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით გამოტანილი წინმსწრები განჩინების ცალკე გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ასევე დაუშვებელია კერძო საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ.მ-ძის განცხადება კერძო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ სააპელაციო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის წინმსწრები განჩინების გაუქმების შესახებ დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების მიღებისას სასამართლოს მ.მ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კი არ უნდა გადაევადებინა, არამედ საერთოდ არ უნდა დაეკისრებინა, ვინაიდან მოცემული დავა ეხება, მხარის მიმართ უკანონო ბრალდების გამო, ზიანის ანაზღაურებას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის «გ» და «დ» ქვეპუნქტების შესაბამისად, ასეთ დროს მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. უსახსრობის გამო, მ.მ-ძემ მოითხოვა სახაზინო ადვოკატის დანიშვნა, თუმცა მისი მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის წინმსწრები განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დარჩა განუხილველად, რაზეც მ.მ-ძემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით იგი არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ.მ-ძეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ საქმე მ.მ-ძის განცხადების დასაშვებობის სტადიიდან დააბრუნა ხელახლა განსახილველად და რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად.

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. დასახელებული ნორმის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დასაშვებია კანონიერ ძალაში შესულ მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაზე, რომლითაც საქმის წარმოება არსებითად მთავრდება.

მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ძემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც საქმის წარმოება არ დამთავრებულა. აღნიშნული განჩინებით მხარეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და დადგინდა მ.მ-ძის საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მ.მ-ძის ზემოხსენებული განცხადება სავსებით სწორად დატოვა განუხილველად, ვინაიდან სასამართლო ხარჯებისა და საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრის თაობაზე განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.