ას-197-524-09 25 მარტი 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ლ. ს-ავა
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინება.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ს-ავას განცხადება და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო, ქ.ბათუმში, ... ქ.¹110-ში მდებარე სახლს.
სარჩელით, რომელიც მოგვიანებით წარადგინა, ლ. ს-ავამ მოითხოვა სადავო სახლის ნახევრის მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხის ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების, აგრეთვე დაკრძალვის, სასაფლაოს მოწყობისა და ავადმყოფობისას რ. მ-ძეზე გაწეული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრება.
ლ. ს-ავას სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხე თ. მ-ძემ და მოითხოვა ლ. ს-ავასათვის ყოველთვიურად, ბინის სარგებლობისათვის ქირის სახით, 200 ლარის დაისრება, სადაო საცხოვრებელი სახლის სრულ გამოთავისუფლებამდე.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოება ამჟამადაც მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2008 წლის 21 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის თ. მ-ძის წარმომადგენელმა ვ. გ-ძემ და უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2007 წლის 18 აპრილს, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ლ. ს-ავას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. მ-ძეს დაეკისრა ლ. ს-ავას სასარგებლოდ ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების 24 770 ლარისა და რ.ი მ-ძის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების 5 840 ლარის გადახდა. ლ. ს-ავას, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ური ეთქვა.
განმცხადებლის მითითებით, რადგან არ დაკმაყოფილდა ლ. ს-ავას ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც მან მოითხოვა ქ. ბათუმში ... ქ. ¹110-ში მდებარე აწ გარდაცვლილ რ. მ-ძის სახელზე რიცხული სახლის დაყადაღება, კერძოდ, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სადაო საცხოვრებელი სახლის ნახევრის მესაკუთრედ ცნობისა და მიკუთვნების თაობაზე, აღარ არსებობს საჭიროება უზრუნველყოფის ამ სახით არსებობისა. გამომდინარე აქედან მან ითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, კერძოდ ქ. ბათუმში ... ქ.¹110-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა და ნაცვლად ამისა ლ. ს-ავას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თ. მ-ძის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე 75 კვ.მ. ფართის მქონე ¹26ა-ბინაზე ყადაღის დადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, თ. მ-ძის წარმომადგენლის ვ. გ-ძის განცხადება – უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული განჩინება განმცხადებელი მხარის საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გაუქმებულ იქნა და თ.მ-ძის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით თ. მ-ძის წარმომადგენლის ვ. გ-ძის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოეხსნა ყადაღა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹110-ში მდებარე სახლს, ხოლო ლ. ს-ავას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹ 26ა ბინას.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატის განმარტებით, განმცხადებელი ფაქტობრივად ითხოვს უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და არა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლას. აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს არც უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობასაც საამისო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ს-ავას განცხადება და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო, ქ. ბათუმში, ... ქ.¹110-ში მდებარე სახლს.
სარჩელი, რომელიც ლ. ს-ავამ მოგვიანებით წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე თ. მ-ძის მიმართ, შემდეგ სასარჩელო მოთხოვნებს შეიცავდა: სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და გაწეული ხარჯის 24770 ლარის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრება.
პალატის განმარტებით, ვინაიდან განხილვის საგანი იყო მხოლოდ ლ. ს-ავას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე თ. მ-ძის წინააღმდეგ სადაო საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯის 24770 ლარის დაკისრების თაობაზე, ანუ უზრუნველსაყოფ მოთხოვნას წარმოადგენს თანხა – 2477- ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულება არ გახდება შეუძლებელი თუ ეს მოთხოვნა უზრუნველყოფილი იქნება მოპასუხის სახელზე რიცხული 150000 ლარად ღირებული უძრავი ქონებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-ავამ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია მისი თქმით, სასამართლომ სრულიად უმართებულოდ და დაუსაბუთებლად გამოიყენა ანალოგია. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა არ იცნობს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის პირდაპირ ნორმას. კანონი უშვებს ერთი სახის ღონისძიების მეორე სახით შეცვლის შესაძლებლობას. ამასთან, ანალოგიის გამოსაყენებლად უნდა არსებობდეს განსაკუთრებული აუცილებლობა და მისი გამოუყენებლობა ხელს უნდა უშლიდეს განსახილველი საქმის გადაწყვეტას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ანალოგიის გამოყენება აშკარად ცალმხრივი და მიკერძოებულ. და უხეშად არღვევს ლ. ს-ავას კანონიერ ინტერესებს. იგი ემსახურება მოწინაარმდეგე მხარის ინტერესებს, რომლის მიზანია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე პრაქტიკულად ქუჩაში დატოვოს ლ. ს-ავა.
საჩივრის ავტორი მიუთითებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია საქმე ლ. ს-ავას მიმართ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებისა და სახლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების თაობაზე. ამ განჩინებით კი ამ მიმართებითაც ირღვევა ლ. ს-ავას უფლებები.
საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საჩივარი და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ.ს-ავას განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებდა ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, ... ქ. ¹110-ში მდებარე სახლს.
ლ.ს-ავას მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნებს თავდაპირველად წარმოადგენდა: ქ. ბათუმში, ... ქ. ¹110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობა და მის მიერ გაწეული ხარჯების თ. მ-ძისათვის დაკისრება. ამჟამად საქმის წარმოება გრძელდება მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
თ. მ-ძემ განცხადებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველოფის საგნის შეცვლა, კერძოდ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹110-ში მდებარე სახლის ნაცვლად მის საკუთრებაში არსებულ – ქ. თბილისში , ... ქ. ¹26-ში მდებარე 75 კვ.მ ¹26ა ბინაზე ყადაღის დადება.
სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და შეცვალა სარჩელის უზრუნველყოფის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის წესს. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას.
აღნიშნულ შემთხვევაში საპროცესო ანალოგიით შესაძლებელ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის გამოყენება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელ. მხარეთა თხოვნით საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. აქ იგულისხმება არა მარტო უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლაც.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ანალოგიის გამოყენება აშკარად ცალმხრივი და მიკერძოებულ. და უხეშად არღვევს ლ. ს-ავას კანონიერ ინტერესებს. იგი ემსახურება მოწინაარმდეგე მხარის ინტერესებს, რომლის მიზანია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე პრაქტიკულად ქუჩაში დატოვოს ლ. ს-ავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. ასევე გადამწყვეტია, რომ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონება იმყოფებოდეს მოპასუხის საკუთებაში, იყოს ლიკვიდური და იძლეოდეს მისგან აღსრულების რეალურ შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის შეცვლა ხელს ვერ შეუშლის აღსრულების განხორციელებას. ქ. თბილისში , ... ქ. ¹26-ში მდებარე 75 კვ.მ ¹26ა მდებარე ბინა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან იგი ნამდვილად იმყოფება მოპასუხის საკუთრებაში, არის ლიკვიდური და მისი საბაზრო ღირებულებაც გაცილებით მეტია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინების აღსრულების შეჩერება და განჩინება მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 196-ე, 197-ე, 390-ე, 419-ე,420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ავას P საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინების აღსრულების შეჩერება და განჩინება მიექცეს აღსასრულებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.