Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-258-516-08 10 აპრილი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. გ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,შ-ა” (მოპასუხე)

წარმომადგენელი-----ა. ფ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი _ მტკიცებულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ა. გ-შვილის და ვ.გ-ის უფლებამონაცვლე ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 05 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. გ-შვილის და ვ. გ-ის, უფლებამონაცვლე ნ.გ-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ.გ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით და ამავე სასამართლოს 21 დეკემბრის განჩინებით ა. და ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

2008 წლის 14 იანვარს სს „შ-ას“ წარმომადგენელმა ა. ფ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. და ვ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; ყადაღა დაედო სს „შ-ს“ საკუთრებაში არსებულ, ყოფილ სამსხმელო მოწყობილობათ ქარხნის და მის ბაზაზე აშენებულ რობოტებისა და მანიპულატორების ქარხნის ქონებას, კერძოდ, ქ.თბილისში, ..... ¹69-ში, ..... ქ. ¹190-ში და სამგორის რაიონში ორხევის სამრეწველო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, ასევე სს „შ-ს“ ბალანსზე არსებულ მოძრავ ქონებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 დეემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ს.ს. „შ-ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2004 წლის 21 იანვრის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახალო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წის 28 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის კერძო საჩივარი; შესაბამისად, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის და 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებები.

განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. და ვ. გ-ის, უფლებამონაცვლე ნ. გ-ის, სარჩელი კანონიერ ძალაშია შესული, რის გამო განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, კერძოდ სს „შ-ს“ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით სს „შ-ს“ წარმომადგენლის ა. ფ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 იანვრის განჩინებით გატარებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა სს „შ-ს“ საკუთრებაში არსებულ, ყოფილ სამსხმელო მოწყობილობათა ქარხნის და მის ბაზაზე აშენებულ რობოტებისა და მანიპულატორების ქარხნის ქონებას, კერძოდ, ქ.თბილისში, ........ ¹69-ში, .......ქ.¹190-შ და სამგორის რაიონში ორხევის სამრეწველო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, ასევე სს „შ-ს“ ბალანსზე არსებულ მოძრავ ქონებას.

აღნიშნულ განჩინებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში საჩივარი შეიტანა ა. გ-შვილმა.

2008 წლის 25 თებერვალს ა. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სს „შ-მ“ დაყადაღებული ქონების ნაწილი გაყიდა, საქმეში ჩადო ზედნადებები ¹274460-დან 274468-ის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ამ ზედნადებებში თითქოს ნაჩვენებია იმ ქონების დასახელება და მყიდველი. სს „შ-მ“ აღებული თანხა შეიტანა სს „პ.ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში 2005 წლის 10 აგვისტოს ¹1 შემოსავლის ორდერის თანახმად.

განმცხადებელმა მოითხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით სს „პ. ბანკის“ ცენტრალური ფილიალიდან ზემოაღნიშნული ზედნადებების და სალაროს შემოსავლის ორდერის ქსეროასლების გამოთხოვა, რათა გაირკვეს დაყადაღებული ქონებიდან რეალურად რა დასახელების ჩარხ-დანადგარებია გაყიდული და ვისზე, ვინაიდან, წარმოდგენილი ზედნადებებით აღნიშნული არ ირკვევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით ა. გ-შვილის განცხადება მტკიცებულეთა უზრუნველყოფილს შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მტკიცებულებათ უზრუნველყოფა ესაჭიროებოდა რათა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოეხდინა საბუღალტრო ექსპერტიზა და ფარდა ახდოდა ,,შ-ს” თაღლითობას. მას როგორც დაზარალებულ კრედიტორს სჭირდებოდა სს ,,პ. ბანკიდან” ზედნადებების და სალაროს შემოსავლების ამოღება იმისათვის, რათა მოეტხოვა ჩარხ-დანადგარებისა და ქონების გაყიდვით შემოსული თანხებიდა მისი კუთვნილი წილი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ა. გ-შვილის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის და ვ. გ-ის, უფლებამონაცვლე ნ.გ-ის სარჩელი. აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდეც.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია, როგორც საქმის განხილვის დროს, ისე საქმის აღძვრამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ,

საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით,Y საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის წარმოება დამთავრებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კარგავს აზრს, ვინაიდან თავისთავად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზანი საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის უზრუნველყოფაა. შესაბამისად იგი უნდა განხორციელდეს საქმის წარმოების დამთავრებამდე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, როცა დავა არსებითად გადაწყვეტილია, მოცემუ]ლი სადავო სამართლებრივი ურთიერთობისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მტკიცებულებათა დამატებით ან განმეორებით უზრუნველყოფის თაობაზე, პალატა განმარტავს რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა დამატებითი და განმეორებითი უზრუნველყოფა სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის განხილვის დროს და არა საქმის წარმოების დასრულების შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ა. გ-შვილის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების თაობაზე და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.