Facebook Twitter

საქმე # 010141318700057861

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №259აპ-18 ქ. თბილისი

მ. ა. 259აპ-18 12 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ლევან მარშავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორ ლევან მარშავასა და ბრალდებულ ა. მ-ს შორის 2016 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით.

ა. მ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით - 2016 წლის 2 აპრილიდან იმავე წლის 21 აპრილის ჩათვლით, ა. მ-ს შეუმცირდა სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბაჟო წესების დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი 953453,99 ლარის ღირებულების 10500,79 გრამი 11 ცალი ოქროს ზოდი.

განაჩენით ა. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანაში, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 2 აპრილს თ. და ს-ს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა. მ- შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 11 ცალი 10500,79 გრამი ოქროს ზოდი. ა.მ-მ ინტერვიურების დროს უარყო დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების ქონა, თუმცა სკანერით შემოწმებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად მას წელზე შემოკრულ, სპეციალურად მოწყობილ ქამარში აღმოაჩნდა დამალული 11 ცალი ზოდი, რაც 2016 წლის 2 აპრილის ექსპერტიზის N004435 დასკვნით წარმოადგენს 999 სინჯის ოქროს ზოდებს, საერთო წონით - 10500,79 გრამს და რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 953 453,99 ლარს.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ.ტ. რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის კანონის შესაბამისად პროკურორისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას და არც განაჩენის გამოცხადებისას ცნობილი არ გამხდარა, რომ ქონება (ოქროს ზოდები) უნდა ჩამორთმეოდა. მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიუღია. ვინაიდან ა.მ. საქართველოს კანონმდებლობასა და მასში გამოყენებულ ტერმინოლოგიას არ იცნობდა, რომელიც განსხვავდება თ. და ს-ს რესპუბლიკათა კანონმდებლობისაგან, ხოლო თარგმნისას მისი შინაარსი სათანადოდ არ გადაეცა, იგი ,,შეცდომაშია შეყვანილი“.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებასა და კანონის შესაბამისად საქმის პროკურორისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას და არც განაჩენის გამოცხადებისას ცნობილი არ გამხდარა დამატებითი სასჯელის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ საპროცესო შეთანხმების დადების დროს გამოიკვლია ყველა წინა პირობა, რომელიც საქართველოს სსსკ-ის XXI თავით არის გათვალისწინებული. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული ის მოტივები, რომელთა თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება დარჩა ძალაში, გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტსა და საპროცესო შეთანხმების დადების წინა პირობებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დებულებები არ დარღვეულა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე