ას-384-735-07 17 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ა-ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ა-ს სარჩელი ს. ა-ს მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ა-მა განცხადებით მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, ქ. რუსთავში, ... ქ. ¹18-92-ში მდებარე ს. ა-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადება. აღნიშნული განცხადებით ასევე იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ა-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 13 აპრილს ი. ა-მა კვლავ იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე ს. ა-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადების თაობაზე იმ მოტივით, რომ მოპასუხემ შესაძლოა გაყიდოს ბინა, რის გამოც კუთვნილი ფართის გარეშე დარჩება მათი შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით ი. ა-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ი. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ი. ა-ს საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის გაშვების გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ი. ა-ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო, ამავე კოდექსის 369-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, რომ უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის თანახმად, თუ უწყება გაეგზავნა როგორც მხარეს, ასევე მის წარმომადგენელს და ეს უწყება ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს, აღნიშნულის შესახებ წარმომადგენელი ვალდებულია, მხარეს აცნობოს და ასეთი ვალდებულება ნაგულისხმევია მხარის მიმართაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი ი. ა-ს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 73-74). ასევე დადგენილია, რომ ი. ა-ს წარმომადგენელ ს. ლ-ს აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 19 აპრილს (ს.ფ.75), ხოლო თავად ი. ა-ს _ 2007 წლის 23 აპრილს (ს.ფ.76), შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება 2007 წლის 19 აპრილიდან. განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად ამოიწურა 2007 წლის 24 აპრილს, ხოლო ი. ა-მა კი საჩივარი შეიტანა 2007 წლის 26 აპრილს, ე.ი. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებაზე დაუშვებელია გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ა-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.