¹ას-511-821-09 22 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ თ. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის – 3400 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე და მისი შვილი წარმოადგენენ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მფლობელებს. მოპასუხემ თ. მ-ძის მიწის ნაკვეთზე არსებული ვაზი უნებართვოდ აჩეხა, მოხსნა და მიითვისა რკინის მილებისგან შემდგარი ტალავერი, ჩამოუხსნა ჭიშკარი და მოანგრია ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლის კედელი, რითიც ამ უკანასკნელს მიაყენა 3400 ლარის მატერიალური ზიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება, თუმცა შეწყდა ამნისტიის გამო.
რ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა მიყენებული ზიანის არსებობას.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნის ოდენობა, მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 3273 ლარისა და მიუღებელი სარგებლის _ 3000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი 3273 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო მიუღებელი სარგებლის სახით 3000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა რ. მ-შვილის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) ვადაში წარუდგენლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს დაეკისრა ზიანის _ 3273 ლარის ანაზღაურება.
2009 წლის 12 თებერვალს თ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეს დაევალა 3273 ლარის ანაზღაურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომ მხარე გაასხვისებდა თავის ქონებას, რითაც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, განცხადების დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, განმცხადებელმა ასევე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული გარემოებების არსებობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელს თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად რაიმე გარემოებაზე არ მიუთითებია და არც რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის განმარტება, რომ მოპასუხემ შეიძლება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაასხვისოს ქონება, არ წარმოშობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-ძემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა თ.მ-ძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მხარემ რ.მ-შვილის ქონების დაყადაღების აუცილებლობის დასადასტურებლად რაიმე გარემოებასა და მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა, რა დროსაც პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სავსებით მოსალოდნელია, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისაგან თავის აცილების მიზნით, მოწინააღმდეგე მხარემ კუთვნილი ქონება გადაუფორმოს სხვა პირს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებლად დარჩება და სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით თ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელი ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფას, თუმცა აღნიშნული განცხადება წარმოადგენს არა სარჩელის, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განმცხადებელს არ დაუსაბუთებია იმ გარემოებათა არსებობა, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყენოს სარჩელისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა აღნიშნულისათვის საჭიროა, მხარემ დაასაბუთოს ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც მომავალში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუშლის ხელს. ნიშანდობლივია, რომ მხარეს ზემოხსენებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ფარგლებში, რომ სასამართლოს შეუქმნას კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი, ვინაიდან საქმე ეხება სამომავლო მოვლენებს, რაც წარსულში არსებული გარემოებებისაგან განსხვავებით, შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დადასტურდეს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამა თუ იმ ფაქტის სამომავლოდ წარმოშობის დასაბუთებული ვარაუდი არ არის მხოლოდ პირის სუბიექტური შეფასება _ ეჭვი. სამომავლოდ ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის ვარაუდის დასაბუთება კავშირშია წარსულსა თუ აწმყოში უკვე არსებულ ფაქტებთან, რაც სავარაუდო ფაქტის ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოშობის რწენის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თ. მ-ძის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით რ.მ-შვილს თ.მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 3273 ლარის გადახდა და შესაძლოა მოპასუხემ განზრახ გაასხვისოს კუთვნილი უძრავი ქონება, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდეს. ფაქტობრივად, მხარემ მიუთითა უკვე დამდგარ სამართლებრივ შედეგზე _ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმართაც გარკვეული კანონიერი ნდობა გააჩნდა და შეეცადა, სასამართლოსათვის შეექმნა რწმენა, რომ რ.მ-შვილისათვის დაკისრებული თანხის გადახდისაგან თავის ასარიდებლად მოსალოდნელი იყო, მხარეს გადაეფორმებინა კუთვნილი უძრავი ქონება სხვა პირთათვის.
სააპელაციო სასამართლომ თ.მ-ძის მოთხოვნა არ გაიზიარა არასათანადოდ დასაბუთების გამო, თუმცა გასაჩივრებული განჩინებითა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებით არ მიუთითებია, თუ რა წესითა და სამართლებრივი საშუალებებით უნდა ემტკიცებინა მხარეს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა ან რა გარემოება გამორიცხავდა მოსარჩელის ვარაუდს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას ან გაძნელებასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ მსჯელობას და ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მხარის განმარტებასთან ერთად მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებანი, რომელთა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების საჭიროების არარსებობას. ასეთი დასკვნა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ეყრდნობოდეს საქმის მასალებსა და მოსამართლის შინაგან რწმენასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას დასაბუთებული ვარაუდის შეფასებასთან მიმართებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. მ-ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლისა და 19 მაისის განჩინებები გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.