ას-520-830-09 1 ივლისი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები – 1. ი. ბ-ი
2. რ. გ-ე და მისი წარმომადგენელი ვ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. გ-მ და მისმა წარმომადგენელმა ვ. ხ-მა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს მოპასუხე ი. ბ-ზე გარკვეული მოქმედების აკრძალვის დავალდებულება, კერძოდ, ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე რაიმე სახის იურიდიული მოქმედების, კერძოდ კი, გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით რ. გ-ისა და მისი წარმომადგენლის ვ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ი. ბ-ს აეკრძალა ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების _ საცხოვრებელი სახლის გასხვისება ან სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა რ. გ-ისა და მისი წარმომადგენლის ვ. ხ-ის განცხადება და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედო ი. ბ-ის უძრავ ქონებას, მაგრამ აღნიშნული განჩინება გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ მხარეს არ ჰქონდა შეტანილი 3500 აშშ დოლარი სასამართლოს დეპოზიტზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე ყადაღა მოხსნილად ითვლება, შესაბამისად, მოვალე ი. ბ-მა შესაძლოა მოახდინოს თავისი ერთადერთი ქონების რეალიზაცია, რაც გამოიწვევს რ. გ-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას ან გაართულებს მის აღსრულებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, რ. გ-ისა და მისი წარმომადგენლის ვ. ხ-ის მოთხოვნა წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის სხვა სახის ღონისძიების გამოყენებას და, შესაბამისად, სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დადგენილი წესი, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებას განმცხადებელი იმავე საგანზე ითხოვდა სხვა საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ი. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და რ. გ-ის საჩივრის განუხილევლად დატოვება იმ საფუძვლით, რომ ყადაღა და ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება სამართლებრივი ბუნებით იდენტურია და, შესაბამისად, სახეზეა მიმართვა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით ი. ბ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. ბ-ს აეკრძალა ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა, დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად. ი. ბ-ის საჩივარი ქ. ბათუმში, …... ქ.¹49-ში მდებარე, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის ნაწილში, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რ. გ-მ შეცვალა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რაც მთლიანად შესაბამისობაშია სარჩელის ხასიათზე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხეს აეკრძალა მხოლოდ უძრავი ქონების გასხვისება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახამდ, წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებას, ანუ სახეზე არ გვაქვს ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ-ის საჩივარი საფუძლიანი იყო იმ ნაწილში, რომლითაც მას აეკრძალა უძრავ-მოძრავი ქონების სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს აზრით სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა მოიცავს ყადაღასაც, რაც ერთხელ უკვე იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის სახით.
რაც შეეხება ირაკლი ბ-ის განცხადებას, ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში, სასამართლომ განცხადება დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
თავის მხრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონების უფლებრივი დატვირთვის გაუქმების ნაწილში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი შემოიტანა რ. გ-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინების, რომლითაც ი. ბ-ს აეკრძალა ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის განკარგვისა და სხვა სახით უფლებრივი დატვირთვის უფლება, უცვლელად დატოვება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილიდან გამომდინარე, სხვა სახის უფლებრივი დატვრითვა მოიცავს ყადაღას, რაც ერთხელ უკვე იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, არასწორია, ვინაიდან განცხადებით ითხოვდნენ მხოლოდ ქონების განკარგვას და სხვა სახით უფლებრივი დატვირთვის აკრძალვას, ვინაიდან ი. ბ-ი ცდილობს ქონება განკარგოს ან უფლებრივად დატვირთოს, რათა ხელი შეუშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას. გასაჩივრებული განჩინებით კი, მას უფლება აქვს დააგირავოს ან იპოთეკით დატვირთოს სადავო ქონება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დროს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება იპოთეკითა და გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელისათვის მხოლოდ სადავო ქონებაზე განკარგვის უფლების აკრძალვას აზრი ეკარგება. ამასთან, არასწორია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მოითხოვს განცხადების განუხილველად დატოვებას და არა შეწყვეტას, რითაც ერთმევათ უფლება განცხადების განმეორებით შეტანისა. აღნიშნული კი საპროცესო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილებას და მის აღსრულებას, რადგან ასეთი შეფასებით სასამართლო გადაწყვეტილებას აზრი ეკარგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ი. ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ. გ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ აიღო საჯარო რეესტრის ამონაწერი და აპირებდა სადავო ბინის გასხვისებას, რაც გამოიწვევს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით მართებულად დააკმაყოფილა რ. გ-ის მოთხოვნა, ვინაიდან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს საჩივრის ავტორის _ რ. გ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე აპირებს სადავო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას. აღნიშნული გარემოება დასტურდება სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განჩინებით, რომლითაც დადგენილია, რომ ი. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო ქონებაზე ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ აპირებს ბინის იპოთეკით დატვირთვას, რასაც ვერ ახორციელებს ბინის დაყადაღების გამო (ს.ფ. 22).
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა აეკრძალოს როგორც სადავო ქონების გასხვისება, ასევე უფლებრივი დატვირთვა, ვინაიდან ამ ღონისძიებების გამოუყენლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
დადგენილია, რომ რ. გ-ე და მისი წარმომადგენელი ადრე ითხოვდნენ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ი. ბ-ის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, რომელიც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სასამართლო დეპოზიტზე არ შეიტანა 3500 ლარი. მოსარჩელემ ხელმეორედ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ი. ბ-ზე გარკვეული მოქმედების აკრძალვის დავალდებულება.
ასევე დადგენილია რომ რ. გ-მ სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვა სხვა საფუძვლით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით მართებულად დააკმაყოფილა რ. გ-ის მოთხოვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
რ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინება ი. ბ-ის საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში;
უცვლელად დარჩეს ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.