¹ას-587-925-07 8 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი _ გ. გ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ც. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ჯ-ი, ლ. დ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფა
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-სა და ლ. დ-ს მიმართ გ. ტ-ს პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობისა და ნოტარიუსისათვის შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ.
ა. ჯ-მ და ლ. დ-მა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს გ. ტ-ს გ. გ-ის მამად ცნობის შესახებ აქტის გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. გ. გ-ის წარმომადგენლებმა ც. ო-მა და ჟ. გ-მა ასევე განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 იანვრის განჩინებით გ. გ-ის წარმომადგენლების _ ც. ო-სა და ჟ. გ-ის განცხადება დარჩა განუხილველი, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით.
გ. გ-ის წარმომადგენელმა ც. ო-მა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალოს ნოტარიუსს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.თბილისში, ... გამზირის ¹97-ში, 3ა კორპუსში მდებარე ... დანაშთ ¹17 ბინაზე ლ.დ-სა და ა.ჯ-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ასევე აეკრძალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გ.ტ-ის სახელზე რიცხული ზემოხსენებული ქონების სააღრიცხვო ბარათის მესაკუთრის გრაფაში ცვლილების შეტანა გ.გ-ის სარჩელის განხილვამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შესაძლებელია გარკვეული მოქმედების შესრულება აეკრძალოს მხოლოდ მოპასუხეს. მოცემულ დავაში კი მოპასუხეები არიან არა ნოტარიუსი და საჯარო რეესტრის სამსახური, არამედ ლ.დ-ი და ა.ჯ-ი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება ვერც ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, რადგან სასამართლოს უფლება არა აქვს, ნოტარიუსსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აუკრძალოს კანონით გაუთვალისწინებელი ისეთი მოქმედების შესრულება, რომლის განხორციელების ვალდებულებაც მათ საქართველოს კანონმდებლობითYეკისრებათ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა გ. გ-ის წარმომადგენელმა ც. ო-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის გამო შესაძლოა გ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდეს. ბუნდოვანია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კანონით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაუშვებელია ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრის სააგენტოსათვის კანონიერი ვალდებულებების შესრულების აკრძალვა. გაუგებარია, თუ რომელი კანონი აქვს მხედველობაში სასამართლოს. პალატას უნდა ეხელმძღვანელა “ნოტარიატის შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით, ასევე “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რომელთა მიხედვითაც დასაშვებია სანოტარო და სარეგისტრაციო წარმოებათა შეჩერება სასამართლოს მითითებით საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით ც. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის წარმომადგენელ ც. ო-ს საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემეობათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა და ასევე სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია რაიმე მოქმედების განხორციელება აეკრძალოს როგორც მოპასუხეს, ისე სხვა პირს, რომელსაც მოპასუხის მიმართ გარკვეული ვალდებულებები აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში გ. გ-ის მოთხოვნაა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალოს ნოტარიუსს გ. ტ-ს ქონებაზე ლ. დ-სა და ა. ჯ-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ხოლო ... სამსახურს _ გ. ტ-ს სახელზე რიცხული სადავო ქონების სააღრიცხვო ბარათის მესაკუთრის გრაფაში ცვლილების შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მიმართულია არა მოპასუხის, არამედ სხვა პირისათვის მოქმედების შესრულების აკრძალვისაკენ და ზემოხსენებული კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენება დაუშვებელია.
დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამავე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობის შესახებაც. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სადავო მოქმედების შესრულება ეკრძალება არა მოპასუხეს, არამედ სხვა პირებს _ ნოტარიუსსა და ... სამსახურს, მაგრამ, თავად მოქმედების სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემა და სააღრიცხვო ბარათში ცვლილების შეტანა აღნიშნულ პირთა კანონით დადგენილი ვალდებულებებია და მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მათი შესრულების აკრძალვა მიზანშეუწონელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო წარმოდგენილ საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-ის წარმომადგენელ ც. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.