¹ას-703-923-08 19 ნოემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს “ა-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. თ-აძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით კ. თ-აძის სარჩელი შპს „ა-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. თ-აძემ.
2008 წლის 19 მაისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამშენებლო კომპანია „ა-ის“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე ყადაღის დადება.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებით კ. თ-აძის განცხადება დაკმაყოფილდა და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს „ა-ის“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ა-მა“, რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ბინა არის გაყიდული, კერძოდ, რ. ქ-ავასა და სტუდია „ა-ს“ შორის 1992 წლის 29 ივლისს გაფორმდა გარანტია ¹02\06, რომლის საფუძველზეც სტუდია „ა-მა“ აიღო ვალდებულება ქ-ავასათვის საკუთრებაში გადაეცა ფართი ......... ქუჩაზე; 2002 წლის 8 ოქტომბერს რ. ქ-ავამ ხელი მოაწერა ცალმხრივ გარიგებას, რომლითაც დაადასტურა, რომ შპს „ა-ისგან“ მფლობელობაში მიიღო გარანტიით გათვალისწინებული ფართი მდებარე ........ ქუჩა ¹30-ში; გადაცემულ ფართში ამჟამად ცხოვრობს რ. ქ-ავას შვილი ოჯახთან ერთად, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო რ. ქ-ავას მთელი სამკვიდრო, მათ შორის გარანტიიდან გამომდინარე უფლებებიც.
საჩივრის ავტორის მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან დაყადაღებული ფართის კანონიერი მფლობელი არ არის საქმეში მოპასუხედ ჩართული და მის მიმართ აღსრულება ვერ მოხერხდება.
საჩივრის ავტორმა ზემოთ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს “ა-ის” საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ა-ის” საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კ. თ-აძესა და ფირმა „ა-ს“ შორის 1992 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ბინის ნასყიდობის თაობაზე. კონტრაქტის პირველი მუხლის საფუძველზე ფირმა „ა-ი“ იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო ქ. თბილისში, ......... ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ხოლო მყიდველი შეიძენდა აღნიშნულ კომპლექსში 3 _ ოთახიან ბინას ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე. ბინის ღირებულება განისაზღვრა 3 400 000 მანეთით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა წინასწარ კონტრაქტის ხელმოწერიდან არა უგვიანეს 15 დღისა. 1992 წლის 1 ოქტომბერს მცირე საწარმო „რ-იმ“ შემოქმედებითი სტუდია „ა-ს“ გადაურიცხა 3 400 000 მანეთი სურსათის შესაძენად.
მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, სამოთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემა, ასევე, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, ჯარიმის გადახდევინება 7 004 000 რუსული მანეთის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ დაყადაღებული ფართი არის მესამე პირზე გაყიდული და მის, როგორც მოპასუხის საკუთრების მიმართ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით დადგენილია, რომ დაყადაღებული ფართზე რეგისტრირებულია შპს „ა-ის“ საკუთრების უფლება და არ არის დატვირთული სანივთო ან სხვა უფლებებით მესამე პირთა სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზანია, დაიცვას დავის საგანი, კერძოდ, არ დაუშვას მოვალის მიერ დავის საგნის განკარგვის შესაძლებლობა.
საკსაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სიძნელეებს არ შეუქმნის შპს “ა-ს” და საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ დაყადაღებული ქონება არ ეკუთვნის შპს “ა-ს” უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ სწორად იქნა შერჩეული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად – ქონებაზე ყადაღის დადება.
სარეზოლუციო ნაწილი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ა-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.