საქმე # 050100117002216309
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№285აპ-18 ქ. თბილისი
ა. მ-რ, 285აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით მ. ა., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, რაც შეუმცირდა 2017 წლის 21 ნოემბრიდან იმავე წლის 22 დეკემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 45 საათით.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. ა. მშობლებთან – ლ. ჭ-სა და ტ. ა-სთან, რომლებთან ერთად მრავალი წელია, ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, და დისშვილთან – მ. ა-სთან ერთად ცხოვრობდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, სადაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად დედას – ლ. ჭ-ეს მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის – მ. ა-ის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ. ა-ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა დედა, მიემართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა იგი და სხვა ნათესავები, მისთვის ხელი ეკრა. კონფლიქტის დასაწყებად მ. ა-სათვის საკმარისი იყო ლ. ჭ-ის ისეთი ქმედება, რაც მას არ მოსწონდა. ამასთან, მ. ა. ითხოვდა, რომ მისი ოჯახის თითოეული წევრი მოქცეულიყო ისე, როგორც მას სურდა. ლ. ჭ. ასევე იტანჯებოდა იმ ფაქტით, რომ მ. ა-ის ქმედებები ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებდა 7 წლის მ. ა-ს, რომელიც ბიძის ყვირილის გაგონებაზე იწყებდა ტირილს და ეფარებოდა ბებიას. გარდა აღნიშნული ფსიქოლოგიური ძალადობისა, 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მ. ა-ემ, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე, რაც გამოწვეული იყო საკვების მიღების დროს მ. ა-ის ტირილით, დედას – ლ. ჭ-ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის – მ. ა-ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, რის შემდეგაც ლ. ჭ. დაეცა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მახარაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და მჯავრდებულ მ. ა-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე