ას-716-1046-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ო. ა-ი
წარმომადგენელი _ ბ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 2007 წლის 27 ივლისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შეჩერება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. ყ-ს სარჩელი ო. ა-ს მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, ო. ა-ს თ. ყ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 8000 აშშ დოლარის, ოთხი თვის პროცენტის _ 640 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 90 დღეზე _ 504 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _244,90 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ო. ა-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს _ 504 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით თ. ყ-ს სარჩელი მის სასარგებლოდ ო. ა-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რომელზეც 2007 წლის 27 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ო. ა-ს სარჩელი თ. ყ-ს მიმართ 2006 წლის 26 აგვისტოს მას და მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით ო. ა-ს სააპელაციო საჩივარი განსახილველად წარმოებაში იქნა მიღებული.
2007 წლის 7 სექტემბერს ო. ა-ს წარმომადგენელმა ბ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შეჩერების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლით: განმცხადებლის განმარტებით, ო. ა-სა და თ. ყ-ს შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია ო. ა-ზე ზეწოლისა და იძულების შედეგად, შესაბამისად, აღნიშნული გარიგება იძულებით დადებული ბათილი გარიგებაა.
ვინაიდან 2005 წლის 26 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ო. ა-სათვის თანხის დაკისრების შესახებ სამართალწარმოება ისე დასრულდა, რომ გაუთვალისწინებელი გარემოების გამო თ. ყ-ს სარჩელის წინააღმდეგ ვერ მოხერხდა შეგებებული სარჩელის აღძვრა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ო. ა-მა დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებად, რომლის გადაწყვეტა დღესდღეობით არ დასრულებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში, 2007 წლის აგვისტოს, თ. ყ-ს ჩაჰბარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 27 ივლისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლით თ. ყ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 8000 აშშ დოლარის, ოთხი თვის პროცენტის _ 640 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 244. 90 ლარის გადახდა. გადასახდელად განესაზღვრა 5 დღის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განემარტა, რომ მოხდებოდა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონის გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, საქმის საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 2007 წლის 27 ივლისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შეჩერება, ვინადიან ო. ყ-ს სარჩელის განხილვა დღესდღეობით დასრულებული არ არის და შესაძლოა, სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება ა-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც ო. ა-ს მიეცემა საშუალება, მიმართოს საჯარო რეესტრს და გააუქმოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა მის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც შესაძლებელია ამ დროისათვის იძულებით აღსრულებად საგნად იქცეს, შესაბამისად, აღნიშნული სამართალწარმოება დაკარგავს ინტერესს და მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებს ა-სა და მის ოჯახს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ო. ა-ს წარმომადგენელ ბ. ბ-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ო. ა-ს განცხადებაში მითითებული საფუძველი სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სააღსრულებო საბუთის მოქმედების შეჩერების კონკრეტულ შემთხვევას არ განეკუთვნება.
აღნიშნული განჩინება ო. ა-ს წარმომადგენელმა ბ. ბ-მა გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია დაიცვას მოსარჩელე იმისგან, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის და მთელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირდაპირი ანალიზი კი იძლევა მისი განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ო. ა-ს წარმომადგენელ ბ. ბ-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ო. ა-ს წარმომადგენელ ბ. ბ-ს საჩივარი და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეები განსაზღვრულია ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი არაა ამომწურავი და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან, საჩივრის ავტორის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის სხვა სახის ღონისძიებას, ხოლო აღსრულების შეჩერება პირდაპირ გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ი” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება შესაძლებელია ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე. მოცემულ საქმეზე კი დავის საგანია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც არ განეკუთვნება სსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ო. ა-ს წარმომადგენელ ბ. ბ-ს სწორად უთხრა უარი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წლის 27 ივლისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შეჩერების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ა-ს წარმომადგენელ ბ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.