Facebook Twitter

¹ბს-1107-686(კ-05) 4 ოქტომბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. ყოფილი სახაზინო საწარმო “ე.-ი” (მოპასუხე); 2. მესტიის რაიონის გამგეობა (თანამოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 26 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო ,,ე.-ის" მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 3 593 400 ლარის ოდენობით სესხისა და საურავის დაკისრება (ს.ფ. 3-5).

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის ¹613 ბრძანებულების საფუძველზე, მესტიის რაიონში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსწორების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 14 სექტემბრის ¹358 ბრძანებულებისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 18 სექტემბრის ¹139 განკარგულების შესაბამისად საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს დაევალათ, განეხორციელებინათ შესაბამისი ღონისძიებები მესტიის რაიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით 1996 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო ,,ე.-ს" შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო ,,ე.-ს" გამოეყო 300 000 ლარი ერთი წლის ვადით, თვიური 2%-ის სარგებლით და კრედიტის მომსახურებისათვის 1%-ის დაკავებით. სესხის დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 1997 წლის 10 ოქტომბერი.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით მსესხებელმა ივალდებულა სესხის სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა ყოველთვიურად, არა უგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა. ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად კი 1997 წლის 10 ოქტომბრისათვის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს საურავის სახით უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული საკრედიტო თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, სესხით სარგებლობისათვის ყოველი თვის 10 რიცხვისათვის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა საურავის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. ვინაიდან მსესხებელს დავალიანება საერთოდ არ ჰქონდა დაფარული, მას დაეკისრა საურავი, რაც 2002 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 3 221 400 ლარს.

მოსარჩელემ, საბოლოოდ, მესტიის სახაზინო საწარმო ,,ე.-ისათვის" სესხისა და საურავის სახით სულ 3 593 400 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სახაზინო საწარმო ,,ე.-ი", როგორც სამეწარმეო სუბიექტი, 1999 წელს გაუქმდა ,,მეწარმეთა შესახებ" კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 19 თებერვალს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველეზე, რის შემდეგაც, სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა, რადგან მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი _ სახელმწიფო აღმოჩნდა (ს.ფ.114-121).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ს.ფ. 124-125).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში 1999 წლის 19 თებერვალს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე სახაზინო საწარმო ,,ე.-ი" გაუქმდა, ანუ მოხდა მისი კანონისმიერი ლიკვიდაცია და, შესაბამისად, სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო ფაქტობრივად არარსებული სამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიას ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 2.5 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, უნდა ემსჯელა სათანადო მოპასუხის სახით საქმეში სახაზინო საწარმო ,,ე.-ის" დამფუძნებელ მესტიის რაიონის გამგეობის მიწვევის შესახებ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო საქმეზე გადაწყვეტილება (ს.ფ. 143-148).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა მესტიის რაიონის გამგეობა (ს.ფ. 157-160).

მესტიის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ შეიძლებოდა მოპასუხე ყოფილიყო, რამდენადაც ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე თანხის დაკისრებას მოითხოვდა, შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაუცველად, თავიდანვე კაბალურ ხელშეკრულებას წარმოადგენდა და მას, როგორც სახაზინო საწარმოს დამფუძნებელს, სესხის ხელშეკრულების დადებაში არც მონაწილეობა მიუღია და არც თანხმობა განუცხადებია მის დადებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მესტიის რაიონის გამგეობასა და სახაზინო საწარმო ,,ე.-ს" სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი დავალიანების სახით 300 000 ლარის, ხოლო სესხის სარგებლის სახით _ 72000 ლარის გადახდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის ¹613 ბრძანებულების საფუძველზე, მესტიის რაიონში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 18 სექტემბრის ¹139 განკარგულებით საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს დაევალათ განეხორციელებინათ შესაბამისი ღონისძიებები მესტიიის რაიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1996 წელს, როდესაც 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის დებულებები მოქმედებდა. აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება ექვემდებარებოდა შესრულებას ჯეროვნად და დაწესებულ ვადაში.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვალდებულება უნდა შესრულებულიყო კანონის, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და მის ფარგლებში. პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, პრივატიზაციის შედეგად ამონაგები სახსრებიდან მესტიის რაიონის 1996-1997 წლების ზამთრის პერიოდში პურპროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, სახაზინო საწარმოზე გასცა 300000 ლარი 2%-ის სარგებლით, რითაც სახაზინო საწარმოს სახელმწიფოს წინაშე ფულადი ვალდებულება წარმოეშვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე საურავის დაკისრების შესახებ, რამდენადაც მას როგორც მოპასუხეს, ვალდებულება წარმოეშვა არა სესხის გარიგებიდან გამომდინარე, არამედ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სასამართლოს განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში 1999 წელს ცვლილებებისა და დამატებების შედეგად გაუქმდა სახაზინო საწარმო ,,ე.-ი", როგორც სამეწარმეო სუბიექტი, მოხდა მისი კანონიერი ლიკვიდაცია. ამავე კანონის 2.5 მუხლის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა, ხოლო რეგისტრაციის გარეშე საქართველოს მეწარმეები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც კერძო პირები. როგორც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი, ასევე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლი აღიარებს სოლიდარულ ვალდებულებას, ე.ი. როცა რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, ამასთან, როცა ვალდებულების საგანი განუყოფელია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მესტიის რაიონის გამგეობასა და სახაზინო საწარმო ,,ე.-ს" ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ ძირითადი თანხის სახით _ 300 000 ლარი, ხოლო ერთი წლის სარგებლის სახით - 72000 ლარი, რაც სულ 372 000 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 187-194).

საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ყოფილმა სახაზინო საწარმო ,,ე.-მა" (მოპასუხე) და მესტიის რაიონის გამგეობამ. კასატორებმა _ ყოფილმა სახაზინო საწარმო ,,ე.-მა" და მესტიის რაიონის გამგეობამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ.198-210).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განსახილველი ხელშეკრულება არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას. საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (კრედიტორი) და სახაზინო საწარმო ,,ე.-ს" (მსესხებელს) შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იყო ორივე მხარის მიერ. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა როგორც 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის, ისე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ვინაიდან სადავო 1996 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება დადებული იყო სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, რომლის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენებოდა ეს ნორმატიული აქტები. 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, პირის სარჩელით უფლების დაცვის საერთო ვადა განისაზღვრებოდა სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერატიული ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის _ ერთი წლით. ის გარემოება, რომ სახაზინო საწარმო ,,ე.-ს" გადაეცა ქონება (ფულადი სახსრები), მხარეთა მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი და დასტურდებოდა საქმის მასალებით. 1996 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 1997 წლის 10 ოქტომბრამდე, ამ პერიოდიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა სესხის დაბრუნება სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე. 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსი, რომლის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრა 3 წლით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო, ამიტომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ახალი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაგრძელდა 3 წლით.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია, წარმოადგენდა თუ არა მესტიის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 ივნისის ¹09 წერილი უფლებამოსილი პირის მიერ ვალის აღიარებას და ასევე გამოკვლეული არ ყოფილა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი (ს.ფ. 233-242).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის ¹613 ბრძანებულების საფუძველზე მესტიის რაიონში შექმნილი მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 18 სექტემბრის ¹139 განკარგულებით საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს დაევალათ, განეხორციელებინათ შესაბამისი ღონისძიებები მესტიის რაიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო “ე.-ს” შორის 1996 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც სახაზინო საწარმო “ე.-ს” გამოეყო სესხი _ 300 000 ლარი ერთი წლის ვადით, თვიური 2% სარგებლისა და კრედიტის მომსახურებისათვის დამატებით 4%-ის დაკავებით. სესხის დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 1997 წლის 10 ოქტომბერი; სახაზინო საწარმო “ე.-ს” 1996 წლის 10 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული ძირითადი თანხა _ 300 000 ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის არ დაუბრუნებია.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახაზინო საწარმო “ე.-ს” შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა იურიდიულად წარმოადგენდა სასესხო ვალდებულებას, რომელიც წარმოიშვა მხარეთა შორის დადებული 1996 წლის 10 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის წარმოშობილი იყო 1997 წლის 25 ნოემბრის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. აღნიშნული კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრებოდა სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციის ურთიერთშორის სარჩელებისათვის _ ერთი წლით. სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ახალი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაგრძელდა სამი წლით.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასამართლოსათვის სარჩელით სესხის დაბრუნების შესახებ არც ერთწლიან ვადაში და არც შემდგომ _ 3-წლიან ვადაში არ მიუმართავს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1997 წლის 10 ოქტომბრიდან, სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2002 წლის აგვისტოში, ანუ 5 წლის შემდეგ.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მესტიის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 ივნისის ¹09 და სახაზინო საწარმო “ე.-ის” სახელით ფინანსთა სამინისტროში 2001-2003 წლებში შესული წერილები წარმოადგენდა ვალის აღიარებას და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს. სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ვალდებული პირისათვის აღიარება არ მომხდარა უფლებამოსილი პირის მიერ, როგორც ამას სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი მოითხოვდა, რამდენადაც სესხის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულ პირს წარმოადგენდა სახაზინო საწარმო “ე.-ი” და არა მესტიის რაიონის საკრებულო. ამასთან, 1999 წლის 1 სექტემბრამდე სახაზინო საწარმო “ე.-ი”, ჩვეულებრივ, ფუნქციონირებდა როგორც “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

რაც შეეხებოდა 1999 წლის შემდგომ პერიოდში თავად სახაზინო საწარმო “ე.-ის” წერილობით მიმართვას ფინანსთა სამინისტროსადმი, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახაზინო საწარმო “ე.-ი”, როგორც სამეწარმეო სუბიექტი, ამ დროისათვის უკვე გაუქმებული იყო, ანუ მომხდარი იყო მისი კანონისმიერი ლიკვიდაცია. აღნიშნულს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ წერილს არ ჰქონდა სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, მასში არ იყო დაფიქსირებული საწარმოს რეკვიზიტები. ამდენად, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.5 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სახაზინო საწარმოს სახელით განხორციელებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა 1999 წლის 1 სექტემბრიდან გადასული იყო მის დამფუძნებელზე _ მესტიის რაიონის გამგეობაზე, ხოლო სახაზინო საწარმო იურიდიულად უფლებამოსილი აღარ იყო სახაზინო საწარმოს ვალდებულებებზე ეწარმოებინა მესამე პირებთან ურთიერთობები. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი შეტანილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარის შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი. კასატორი ასევე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მესტიის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 ივნისის და სახაზინო საწარმო “ე.-ის” სახელით ფინანსთა სამინისტროში 2001-2003 წლებში შემოსული წერილები არ წარმოადგენდა ვალის აღარებას და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს (ს.ფ.282-283).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის ¹613 ბრძანებულების საფუძველზე მესტიის რაიონში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 18 სექტემბრის ¹139 განკარგულებით საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს დაევალათ, განეხორციელებინათ ღონისძიებები მესტიის რაიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;

ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო “ე.-ს” შორის 1996 წლის 10 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც სახაზინო საწარმო “ე.-ს” სესხის სახით გამოეყო 300 000 ლარი ერთი წლის ვადით, თვიური 2% სარგებლისა და კრედიტის მომსახურებისათვის დამატებით 4%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 1997 წლის 10 ოქტომბერი;

სახაზინო საწარმო “ე.-ს” 1996 წლის 10 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 10 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის უფლება სახაზინო საწარმო “ე.-ის” მიმართ წარმოეშვა ხელშეკრულების ვადის გასვლისას _ 1997 წლის 10 ოქტომბერს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2002 წლის 28 აგვისტოს ანუ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 4 წლისა და 8 თვის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან მხოლოდ 3 წელს ითვალისწინებს.

კასატორი საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე უპირისპირებს არგუმენტს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ მესტიის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 ივნისისა და სახაზინო საწარმო “ე.-ის” სახელით ფინანსთა სამინისტროში 2001-2003 წლებში შემოსული წერილების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას. მესტიის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 ივნისის ¹09 წერილთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიას, რომ აღნიშნული წერილი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც უფლებამოსილი პირის აღიარება და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი. საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე ვალდებულ პირს წარმოადგენდა სახაზინო საწარმო “ე.-ი” და არა მესტიის რაიონის საკრებულო. ამასთან, 1999 წლის 8 ივნისის მდგომარეობით სახაზინო საწარმო “ე.-ი”, ჩვეულებრივ, ფუნქციონირებდა როგორც “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და უფლებამოსილ პირად, რომლის აღიარებაც შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დენას, შეიძლებოდა მხოლოდ ის მიჩნეულიყო.

იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესტიის რაიონის გამგეობის 1996 წლის 7 თებერვლის ¹7 გადაწყვეტილების თანახმად, სახაზინო საწარმო “ე.-ის” დამფუძნებელსა და მის ვალდებულებებზე სუბსიდიურად პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენდა მესტიის რაიონის გამგეობა. მესტიის რაიონის საკრებულო არ ყოფილა საწარმოს დამფუძნებელი, ამდენად, მის მიერ სახაზინო საწარმოს ვალდებულებებთან დაკავშირებით განხორციელებული აღიარება ვერ ჩაითვლებოდა ვერც სუბსიდიურად პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირის აღიარებად. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.3 მუხლის თანახმად, სახაზინო საწარმო იქმნებოდა და იმართებოდა საქართველოს სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა მიერ და წარმოადგენდა ამ ორგანოთა განცალკევებულ ქონებას. ამავე კანონის 3.4 მუხლის თანახმად, სახაზინო საწარმო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებდა თავისი განცალკევებული ქონებით. თუ კრედიტორი ვერ დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნებს საწარმოს ქონებიდან, მისი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა შესაბამისი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სუბსიდიური პასუხისმგებლობა). ე.ი. კრედიტორს ვალდებულების შესრულება უნდა მოეთხოვა უშუალოდ მოვალისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისგან ვერ მიიღებდა დაკმაყოფილებას, შეეძლო მიემართა მოვალის ვალდებულებებზე სუბსიდიურად პასუხისმგებელი პირისათვის _ მოცემულ შემთხვევაში მესტიის რაიონის გამგეობისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მსჯელობას სახაზინო საწარმო “ე.-ის” სახელით ფინანსთა სამინისტროში 2001-2003 წლებში შესული წერილების საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 1999 წლის 1 სექტემბრის შემდგომ სახაზინო საწარმო “ე.-ის” მიერ განხორციელებული აღიარება ასევე ვერ ჩაითვლებოდა უფლებამოსილი სუბიექტის აღიარებად. “მეწარმეთა შესახებ” კანონში 1999 წლის 19 თებერვლისა 1999 წლის 28 მაისის კანონებით შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა სახაზინო საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ხოლო არსებული სახაზინო საწარმოების დამფუძნებელ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს დაევალათ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველეყოთ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1999 წლის 1 სექტემბრამდე. 1999 წლის 1 სექტემბრის შემდეგ კანონი აღარ ითვალისწინებს სახაზინო საწარმოს, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმას

სახაზინო საწარმოების სამართლებრივი თავისებურების გათვალისწინებით, რაც მდგომარეობდა მისი დამფუძნებელი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ სახაზინო საწარმოს ვალდებულებებზე სუბსიდიურ პასუხისმგებლობაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სახაზინო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გაუქმების მიზანი იყო დამფუძნებელი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ბიუჯეტისათვის სწორედ იმ შესაძლო ფინანსური რისკის საფრთხის თავიდან აცილება, რასაც ასეთი პასუხისმგებლობა გულისხმობდა. კანონმდებელმა განსაზღვრა ასეთი რისკის არსებობის ზღვრული ვადა _ 1999 წლის 1 სექტემბერი. “მეწარმეთა შესახებ” კანონში შეტანილი ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, 1999 წლის 1 სექტემბრის შემდეგ სახაზინო საწარმო აღარ იყო უფლებამოსილი, ეკისრა ვალდებულებები, რომლებიც კვლავ ფინანსური რისკის ქვეშ მოაქცევდა მის დამფუძნებელ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივ ორგანოს, რის გამოც 1999 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მხოლოდ სახაზინო საწარმოს დამფუძნებელი იყო უფლებამოსილი სახაზინო საწარმოს ვალდებულებების აღიარება მოეხდინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.