ას-729-1057-07 1 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. მ-ს საჩივარი ბ. მ-ს მიმართ, ბ. მ-ს წარმომადგენელ ე. ო-ს განცხადებზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ს მიმართ და მოითხოვა 1996 წლის გაყრილობის აქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში,
მ-ს საცხოვრებელი სახლიდან სავალდებულო წილის გამოყოფა, ნ. მ-ს მემკვიდრეობიდან ტრანსმისიის საფუძველზე შესაბამისი წილის მიკუთვნება.
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავო საცხოვრებელი ბინიდან ნამდვილად ეკუთვნის 20კვ.მ, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ ცნო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით თ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ. მ-ს თ. მ-ს სახელზე რიცხულ საცხოვრებელი ბინიდან გამოეყო 20 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და აღირიცხა მის სახელზე რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-მა.
ბ. მ-ს წარმომადგენელმა ე. ო-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონებას ფლობს და განკარგავს თ. მ-ე და შესაძლებელია აღნიშნული ქონების გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. მ-ს წარმომადგენელ ე. ო-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და თელავის რაინოს სოფელ ... მდებარე თ. მ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს დაედო ყადაღა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება გაასაჩივრა თ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლებით: რომ სასამართლო საჩივრის განხილვისას იყო მიკერძოებული და მან მთლიანად უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ს საჩივარი. დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი, სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს, მოცემულ შემთხვევაში კი საჩივრის ავტორის მიერ დარღვეულ იქნა 194-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება, თ. მ-ს ჩაბარდა 2007 წლის 25 ივლისს (ს.ფ 214). სასამართლომ გასაჩივრების ვადა აითვალა სასამართლოში საჩივრის შესვლის დღიდან, თუმცა საქმეში წარმოდგენილი კონვერტით (ს.ფ. 219) დგინდება, რომ საჩივარი თელავის რაიონის საფოსტო განყოფილებაში შეტანილია 2007 წლის 27 ივლისს. ამდენად, თ. მ-ს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს თ. მ-ს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.