ას-740-1038-09 3 აგვისტო, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ მ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ო-ძე
მოპასუხე _ ნოტარიუსი მ. კ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება
საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 26 აგვისტოს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. კ-ძემ მოპასუხეების _ დ. ო-ძისა და ნოტარიუს მ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2003 წლის 24 აპრილს დ. ო-ძის სახელზე გაცემული ¹2-138 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ნოტარიუს მ. კ-ძისათვის მისი, როგორც თ. ო-ძის მეუღლისა და პირველი რიგის მემკვიდრის სახელზე ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1994 წლის 1 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ თ. ო-ძესთან. იგი მეუღლესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე სახლში, რომელიც წარმოადგენდა მამამთილის _ რ. ო-ძის საკუთრებას. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღო თ. ო-ძემ, თუმცა ოფიციალურად თავის სახელზე არ გაუფორმებია. 2002 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა ისე, რომ მის სახელზე სახლის დარეგისტრირება ვერ მოასწრო. ამით ისარგებლა დ. ო-ძემ, რომელიც იყო თ. ო-ძის ბიძაშვილი და გაურკვეველი საფუძვლით სახლთმფლობელობა თავის საკუთრებაში აღრიცხა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 6-თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს თ. ო-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღების თაობაზე, მაგრამ ნოტარიუსმა უარი უთხრა, ხოლო მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნული სახლი საკუთრებაში აღურიცხავს დ. ო-ძეს.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მ. კ-ძე სადავო სახლში ცხოვრებას აგრძელებს დღესაც, მან და მისმა მეუღლემ მემკვიდრეობა მიიღეს ფაქტობრივი ფლობით. შესაბამისად, მოთხოვნა ამავე ქონებაზე დ. ო-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და სამკვიდრო მოწმობის მის სახელზე გაცემის შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი I, ს.ფ. 1, 29-30, 231-239).
მოპასუხე დ. ო-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მიიღო ბიძის, რ. ო-ძის სამკვიდრო, რომელსაც იმ დროს სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა. იგი მიუთითებდა მ. კ-ძის მიერ წარდგენილი ქორწინების მოწმობის სიყალბეზე, ასევე თ. ო-ძის მიერ მამის _ რ. ო-ძის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიუღებლობაზე, ხოლო მისი მიღების ვადის აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების საქმეში არარსებობაზე. ყოველივე აღნიშნული, მოპასუხის აზრით, სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ტომი I, ს.ფ. 20-21, 231-239).
სარჩელი არ ცნო აგრეთვე ნოტარიუსმა მ. კ-ძემ. მისი განმარტებით, მართალია, მ. კ-ძემ მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ იმ დროს ვერ წარადგინა ქორწინების მოწმობა, ნოტარიუსმა მოსარჩელეს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ამასთან, ვინაიდან ამავე ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა დ. ოქრიპირიძემაც, რომელმაც საამისოდ წარადგინა სათანადო საბუთები, სამკვიდრო მოწმობა ამ უკანასკნელის სახელზე გაიცა (ტომი I, ს.ფ. 193-201).
პირველი ინსტანციით საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ თვითაცილების შესახებ განჩინების მიღების შემდგომ მოცემული საქმე განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 38, 40).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ. ო-ძემ მემკვიდრეობით მიიღო ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე უძრავი ქონება; ნოტარიუს მ. კ-ძეს დაევალა მ. კ-ძის სახელზე გაეცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე მის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულ უძრავ ქონებაზე.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა რ. ო-ძის საკუთრებას, რომელიც გარდაიცვალა 1997 წლის 27 აგვისტოს. ამ უკანასკნელის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენდა მისი შვილი თ. ო-ძე, რომელიც გარდაცვალებამდე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. საქმეში არსებული ქორწინების მოწმობის თანახმად, თ. ო-ძე და მ. კ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994 წლის 1 ნოემბრიდან და აღნიშნული დროიდან მ. კ-ძე ცხოვრობდა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში. თ. ო-ძის გარდაცვალების შემდეგ მითითებული საცხოვრებელი სახლი ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ 2003 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად მემკვიდრეობით მიიღო დ. ო-ძემ, რომელიც იყო თ. ო-ძის ბიძაშვილი, ანუ მეხუთე რიგის მემკვიდრე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე (თ. ო-ძე) წარმოადგენდა რ. ო-ძის ერთადერთ კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს და 1997 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღო სწორედ მან მეუღლესთან _ მ. კ-ძესთან ერთად.
სასამართლო სხდომაზე ნოტარიუს მ. კ-ძის განმარტებით ირკვეოდა, რომ მას მ. კ-ძემაც და დ. ო-ძემაც მიმართეს თ. ო-ძის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მაგრამ ვინაიდან მ. კ-ძემ ვერ წარუდგინა ქორწინების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა გასცა დ. კ-ძეზე. საქმეზე კი დგინდებოდა, რომ თ. ო-ძე გარდაიცვალა 2002 წლის 1 აგვისტოს, სამკვიდრო მოწმობის გაცემა კი მოხდა 2003 წლის 24 აპრილს დ. ო-ძეზე, როგორც რ. ო-ძის მემკვიდრეზე, მაშინ როდესაც რ. ო-ძე გარდაცვლილი იყო 1997 წელს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაინაიდან თ. ო-ძე მამის გარდაცვალების დროს იხდიდა სასჯელს და იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ამიტომ მის მიერ გაშვებული იყო სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა და ის ვერ მიიღებდა რ. ო-ძის ქონებას მემკვიდრეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, თ. ო-ძე ოჯახთან ერთად დაბადებიდან მის გარდაცვალებამდე, მათ შორის 1997 წელს მამის გარდაცვალების დროსაც ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. იგი ესწრებოდა მამის გარდაცვალებას და მას სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოსარჩელისა და თ. ო-ძის ქორწინების მოწმობის სიყალბის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ შეამოწმა ქორწინების მოწმობის ნამდვილობა და გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, 1994 წლის 1 ნოემბერს მ. კ-ძესა და თ. ო-ძეს შორის ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი და მათი განცხადებების ქსეროასლები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 1994 წლის 1 ნოემბერს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის მმაჩის განყოფილებაში შედგა მ. კ-ძისა და თ. ო-ძის ქორწინების რეგისტრაცია.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ძის შემთხვევაში დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით გათვალისწინებული ორივე პირობა. შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 240-243).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ო-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 248-251).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: 1994 წლის 1 ნოემბრის ქორწინების რეგისტრაციის ¹439 აქტზე შესრულებულია თუ არა ხელმოწერა თ. ო-ძის მიერ (ტომი I, ს.ფ. 313-317).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 7.05.2007წ. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია არა თ. ო-ძის, არამედ სხვა პირის მიერ (ტომი I, ს.ფ. 334-339).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ო-ძისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, დ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მ. კ-ძემ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზებზე, მაგრამ რამდენადაც განცხადებას არ ახლდა სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლებოდა საპატიოდ და მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ მ. კ-ძე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, რომელთაც სხდომის დღისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1336-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად გამართლებული იყო (ტომი I, ს.ფ. 360-365).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 30 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რომლის თაობაზეც წინასწარ აცნობა სასამართლოს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (ტომი I, ს.ფ. 374).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 400-404).
დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დ.ვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დ.ვება (ტომი I, ს.ფ. 421).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 471-475).
2009 წლის 16 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება. იმავდროულად, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე დ. ო-ძის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება და დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე მოპასუხისათვის აღნიშნული ქონების გასხვისების, ან სხვაგვარი უფლებით დატვირთვის აკრძალვა.
განმცხადებლის განმარტებით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 8 ივნისის დადგენილებით დადგინდა, რომ მ. კ-ძისა და თ. ო-ძის ქორწინების სააქტო ჩანაწერში თ. ო-ძის ხელმოწერა გაყალბებული არ არის და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო თ. ო-ძის ხელმოწერის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება.
იმაზე მითითებით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების დასრულებამდე, შესაძლებელი იყო მოპასუხეს გაესხვისებინა ან სხვაგვარად დაეტვირთა სადავო უძრავი ქონება, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას, მ. კ-ძემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (ტომი II, ს.ფ. 1-9).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის სხდომაზე დაზუსტდა განმცხადებლის მოთხოვნა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება (ტომი II, ს.ფ. 82-87).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში, დ. ო-ძის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი; მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად; საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ზემოთ დასახელებულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას აწესებს და არა ქონებაზე ყადაღის დადებას.
რამდენადაც განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ამ განცხადებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში დ. ო-ძის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება, არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე, 425-ე მუხლის მოთხოვნებს (ტომი II, ს.ფ. 49-52).
2009 წლის 25 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრით მ. კ-ძემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმება და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, ქობულეთში, დ. ო-ძის სახელზე რიცხულ სახლსა და მიწის ნაკვეთზე მოცემული დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე ყადაღის დადება.
საჩივრის ავტორი ზემოაღნიშნულ მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მსგავსად იმით ასაბუთებს, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2009 წლის 8 ივნისის დადგენილების გამოტანის შემდეგ, რომლითაც თ. ო-ძის ხელმოწერის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულ საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება და ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე დ. ო-ძის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მოეხსნა გამოძიების პროცესში დადებული ყადაღა, არსებობდა აღნიშნული ქონების გასხვისების რეალური საფრთხე.
საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის შეჩერება. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დ. ო-ძე გახდა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სააღსრულებო საბუთის შეჩერება არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან სააღსრულებო წარმოება დასრულებულია და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მ. კ-ძე მოითხოვს, უკვე აღსრულებულია.
საჩივრის ავტორის მითითებით, 2009 წლის 8 ივნისის დადგენილების გაუქმებისა და ყადაღის მოხნის შემდეგ დ. ო-ძე ცდილობდა გაესხვისებინა უკანონოდ, თაღლითური გზით მითვისებული უძრავი ქონება, რითაც მოისპობოდა გასხვისებული ქონების დაბრუნების შესაძლებლობა (ტომი II, ს.ფ. 61-62).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე, დ. ო-ძის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება, არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე, 425-ე მუხლების მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტომი II, ს.ფ. 95-97).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მ. კ-ძის განცხადება არ დააკმაყოფილა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია და ეფუძნება კანონის ნორმის არასწორ განმარტებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. მითითებული მუხლი შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეების არაამომწურავ ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთს განეკუთვნება სააღსრულებო საბუთის შეჩერება საქმეებზე, რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. ის გარემოება, რომ დასახელებული ნორმა შეიცავს სპეციალურ მითითებას საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით აღძრულ საქმეზე უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ გამორიცხავს ასეთივე კატეგორიის საქმეზე უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსს, რამდენადაც ნებისმიერ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტია იმის გარკვევა, ამ ღონისძიების არარსებობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის თუ არა გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, საქმეზე წარმოების განახლების მოთხოვნით აღძრულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიებად სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ყოველგვარ აზრს დაკარგავს იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის განახლებასაც განმცხადებელი მოითხოვს, სააღსრულებო წარმოება დასრულებული, ხოლო თავად გადაწყვეტილება აღსრულებულია, როგორც ამას სადავო შემთხვევაში აქვს ადგილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოების განახლების მოთხოვნით აღძრულ საქმეზე გამოირიცხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა, უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.
მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დამდგარ საპროცესო შედეგს _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონებაზე ყადაღის დადება) შესახებ მ. კ-ძის განცხადების დაუკმაყოფილებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუკი უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მითითებული მუხლი გულისხმობს, რომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს რამდენად არის გამართლებული საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გააზრებულად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება არ იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, აღნიშნულ საქმეზე არ იკვეთება შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებისათვის პირდაპირი ხელისშემშლელი გარემოების არსებობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველია.
მიუხედავად კანონის ნორმის არასწორად განმარტებისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი საკითხი და ზემოაღნიშნულ გარემოებას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი განჩინების გამოტანა. ასეთ ვითარებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რომელიც ამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილისა და 420-ე მუხლის შესაბამისად გამოიყენება საკასაციო სასამართლოში საჩივრით განსახილველი საქმის განხილვისას, არ არსებობს მ. კ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.