ას-782-1149-06 12 თებერვალი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი –შ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჯა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინება.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –საკუთრების მოწმობის გაცემა და ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ჯა-მა სარჩელი აღძრა ყაზბეგის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ყაზბეგის რაიონის ...ის, ყაზბეგის რაიონის .... სამმართველოს მიმართ, საკუთრების მოწმობის გაცემისა და ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ
ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ჯა-ის სარჩელი. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის მონაცემები. დაევალა ... სამმართველოს საჯარო რეესტრში დააფიქსიროს შემდეგი მონაცემები: ი. ჯა-ის მიერ ე. ჯა-ზე გაჩუქებული 1800 კვ.-დან 1200 კვ.მ., როგორც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის წილი, აღირიცხა შ. ჯა-ის სახელზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. ჯა-ის წარმომადგენელმა ხ. ჩ-ე-ჯა-მა სააპელაციო საჩივრით.
სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე ე. ჯა-ი ჩაბმული იქნა საქმეში მოპასუხედ, ხოლო ყაზბეგის რაიონის ... და ყაზბეგის ... დეპარტამენტი ჩაბმული იქნენ საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შ. ჯა-ის სარჩელს ეთქვა უარი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შ. ჯა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2005 წლის 28 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ. ჯა-ის საკასაციო საჩივარი ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
ე. ჯა-ის წარმომადგენელმა ხ. ჩ-ე-ჯა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისი განჩინებით ე. ჯა-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის მოხსნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ჯა-ის წარმომადგენლის ხ. ჩ-ე-ჯ-ის განცხადება. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შ. ჯა-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამაართლოში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. ჯა-მა გაუშვა განჩინების გასაჩივრების 5 დღიანი ვადა, ამ ვადის გაგრძელება კი არ დაიშვება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. შ. ჯა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო საჩივარი წარადგინა 2006 წლის 01 ნოემბერს.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ შ. ჯა-ის საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისის განჩინებით ე. ჯა-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ჯა-ის წარმომადგენლის ხ. ჩ-ე-ჯ-ის განცხადება ყადაღის მოხსნის თაობაზე. რაზედაც შ. ჯა-მა 2006 წლის 01 ნოემბერს შეიტანა საჩივარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია შ. ჯა-ის საჩივარი დაუშვებლად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს სააპელასიო პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და მის მიერ გაშვებული იქნა განჩინების გასაჩივრების ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. როგორც შპს ,,...” ფილიალის თბილისის ფოსტამტის უფროსის წერილიდან ირკვევა შ. ჯა-ს შეკვეთილი წერილი @¹615 ჩაბარდა 10.10.2006 წელს (ს.ფ.195) ამდენად საჩივრის ავტორმა გაუშვა გასაჩივრების კანონით 5 დღიანი ვადა, რაც ქმნის იმის პროცესუალურ სამართლებრივ საფუძველს, რომ აღნიშნული საჩივარი მიჩნეული იქნას დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფიძველი და იგი უცვლელად უნდა იქნას დატოვბული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 1971 –ე,372-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ჯა-ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.