Facebook Twitter

¹ას-934-1139-08 17 ნოემბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ თ. მ-იძე (წარმომადგენელი ვ. გ-აძე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ს-ავა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ გაწეული ხარჯების ანაზღაურება

საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 24 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ს-ავამ მოპასუხე თ. მ-იძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმში, ......... ქუჩის ¹110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1993 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ რ. მ-ძესთან, რომელთან ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. 2002 წლის 24 ივლისს რ. მ-ძესა და ქ. ბათუმის მერიასთან არსებულ საბინაო სერვისის წარმომადგენელს შორის დაიდო და სანოტარო წესით დამოწმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც ნოტარიუსმა მოითხოვა მოსარჩელის, როგორც რ. მ-ძის მეუღლის თანხმობა. ამავე წლის 8 ნოემბერს სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა რ. მ-ძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარე რ. ბ-ევს შორის. ბინა იყო ავარიული. მოსარჩელემ ძმისგან _ ზ. ს-ავასაგან ნასესხები 10 000 აშშ დოლარით აღნიშნულ ბინას ჩაუტარა რემონტი, რის შედეგადაც უძრავი ნივთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის შესაბამისად, ლ. ს-ავას უნდა მიკუთვნებოდა სადავო უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი (ტომი II, ს.ფ. 1-2).

მოგვიანებით მოსარჩელემ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც დამატებით მოითხოვა სადავო საცხოვრებელი სახლის გაუმჯობესებაზე დახარჯული 25 210 ლარის, რ. მ-ძის დაკრძალვასა და სასაფლაოს მოწყობაზე დახარჯული _ 5840 ლარის, რ. მ-ძის ავადმყოფობისას გაწეული 2000 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 1400 ლარისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ლ. ს-ავას მოსაზრებით, რამდენადაც მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო მამის სამკვიდროში შემავალი სადავო უძრავი ნივთი, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის შესაბამისად, იგი ლ. ს-ავას ხარჯებით გაუმჯობესებული სამკვიდროს ნაწილში უსაფუძვლოდ გამდიდრდა (ტომი II, ს.ფ. 11).

თ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა საცხოვრებელი სახლის ლ. ს-ავას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ლ. ს-ავასათვის ყოველთვიური ქირის _ 200 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

რ. მ-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 17 მარტს, რის შემდეგაც მისმა შვილმა _ თ. მ-ძემ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო მამის სამკვიდრო _ ბათუმში, ......... ქ.¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ახორციელებს თავის საკუთრების უფლებას მითითებულ უძრავ ნივთზე, რადგან სახლში უკანონოდ ცხოვრობს რ. მ-ძის არარეგისტრირებული მეუღლე ლ. ს-ავა, რომელიც ბინას არ ათავისუფლებს და არც შესაბამის ქირას იხდის (ტომი II, ს.ფ. 157-159; 164).

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელის ავტორმა საბოლოოდ მოითხოვა მხოლოდ საცხოვრებელი სახლით სარგებლობისათვის ლ. ს-ავასათვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ქირის დაკისრება (ტომი II, ს.ფ. 211-242).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. მ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების _ 24 770 ლარის და რ. მ-ძის დაკრძალვის ხარჯების _ 5840 ლარის გადახდა; ლ. ს-ავას სარჩელი დანარჩენ ნაწილში და თ. მ-ძის შეგებებული სარჩელი ლ. ს-ავასათვის ბინის ქირის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 296-304).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ავამ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 312).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა თ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 313-320).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული თანხების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ლ. ს-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა; ლ. ს-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტომი III, ს.ფ. 94-113).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით (ტომი III, ს.ფ. 148-153; 157, 177-183).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ტომი III, ს.ფ. 229-235).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით ლ. ს-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული 25 210 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ტომი III, ს.ფ. 280-291).

2008 წლის 19 აგვისტოს თ. მ-ძემ (წარმომადგენელი ვ. გ-ძე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განცხადება წარადგინა, რომლითაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით ბათუმში, ....... ქ. ¹110-ში მდებარე სახლზე დადებული ყადაღის მოხსნა და ლ. ს-ავას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის საკუთრებაში არსებულ _ თბილისში, .......... ქ. 26-ში მდებარე 75კვ.მ ფართის ¹26 ბინაზე ყადაღის დადება.

განმცხადებლის მოსაზრებით, ბათუმში, ............. ქ. 110-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში ლ. ს-ავას სარჩელზე უარის თქმა (რაც კანონიერ ძალაშია შესული), თავისთავად განაპირობებს ამავე ქონებაზე არსებული ყადაღის გაუქმებას, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფის დასახელებული ღონისძიება, უწინარეს ყოვლისა, სწორედ სარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იყო მიმართული. ამასთან, სადავო ქონებაზე ყადაღის დადება ზღუდავს თ. მ-ძის, როგორც მემკვიდრის კანონით გათვალისწინებულ უფლებას სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის დღემდე გრძელდება დავა ქონების გაუმჯობესებაზე გაწეულ თანხებთან დაკავშირებით, განმცხადებელი თანახმაა, ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედოს მის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ....... ქ.¹26-ში მდებარე 75კვ.მ ფართის ¹26ა ბინას, რომლის ღირებულებაც, ინდმეწარმე მ. ლ-ძის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შეადგენს 150000 ლარს (ტომი IV, ს.ფ. 24-27).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ძის წარმომადგენელ ვ. გ-ძის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს, უზრუნველყოფის საგნის შეცვლაზე არ მიუთითებს, მაგრამ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება. მოცემულ შემთხვევაში კიუზრუნველყოფის საგნის შეცვლის ამგვარ საფუძველს ადგილი არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ავას განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბათუმში, ........... ქ. ¹110-ში მდებარე სახლს. ასევე დგინდებოდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოგვიანებით წარდგენილი სარჩელით ლ. ს-ავას სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა: სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და 24 770 ლარის ოდენობით გაწეული ხარჯის მოპასუხეზე დაკისრება. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი კი იყო ლ. ს-ავას სასარჩელო მოთხოვნა თ. მ-ძისათვის თანხის დაკისრების შესახებ.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა განცხადების ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყადაღადადებული ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ამავე ქონებაზე არსებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი აღარ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსებული ღონისძიება სასამართლომ მიიღო ლ. ს-ავას მიერ აღძრული სარჩელის (ანუ ყველა მოთხოვნათა) და არა ერთი რომელიმე კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. იმ პირობებში კი, როდესაც მხარეთა შორის კვლავ გრძელდებოდა დავა სადავო (დაყადაღებული) ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების კანონშესაბამისობაზე, სააპელაციო სასამართლომ სადავო ქონებაზე ყადაღის მოხსნა (სხვა საგნის ჩანაცვლებით) მიზანშეწონილად არ მიიჩნია (ტომი IV, ს.ფ. 102-105).

მითითებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა თ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ბათუმში, .......... ქ. 110-ში მდებარე სადავო ქონება დღეის მდგომარეობით თ. მ-ძის (მოპასუხის) სახელზე არ ირიცხება, რის გამოც ამ უკანასკნელის მიმართ თანხების დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებას არ შეიძლება წარმოადგენდეს ზემოაღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება.

საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად (რაც ამჟამად მიმდინარე დავის საგანს წარმოადგენს), იგი თანახმაა ყადაღა დაედოს მის კუთვნილ ქონებას, კერძოდ, თბილისში, .......... ქ. ¹26-ში მდებარე 75კვ.მ ფართის მქონე ¹26 ბინას (ტომი IV, ს.ფ. 111-119).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტომი IV, ს.ფ. 151-153).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინება და თ. მ-ძის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ. ს-ავას მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნებს თავდაპირველად წარმოადგენდა: ქ. ბათუმში, ......... ქ. 110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობა და მის მიერ გაწეული ხარჯების თ. მ-ძისათვის დაკისრება. საქმეზე ასევე აღძრული იყო თ. მ-ძის შეგებებული სარჩელი ლ. ს-ავასათვის ბინის ქირის დაკისრების მოთხოვნით. ლ. ს-ავას სარჩელი ქ. ბათუმში, ......... ქ. 110-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ასევე, თ. მ-ძის შეგებებული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. დღეის მდგომარეობით საქმეზე წარმოება გრძელდება მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ავას განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, ........ ქ. 110-ში მდებარე სახლს.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას, კერძოდ, ბათუმში, .......... ქ. 110-ში მდებარე სახლის ნაცვლად მის საკუთრებაში არსებულ _ თბილისში, ........ ქ. 26-ში მდებარე 75კვ.მ ¹26 ბინაზე ყადაღის დადებას. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკითხის მომწესრიგებელ პირდაპირ ნორმას, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა საპროცესო ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას. ანალოგიური საპროცესო მოქმედების მომწესრიგებელ ნორმას მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი, რომელიც საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლას. კანონის დასახელებული ნორმის საპროცესო ანალოგიით გამოყენების გზით დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი საგნის მეორეთი შეცვლაც და ამ საკითხზე საკასაციო სასამართლო იზიარებს საპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ თ. მ-ძის განცხადება არ დააკმაყოფილა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია სარჩელის ყველა მოთხოვნის მიმართ, სადავო ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კი დავა კვლავ გრძელდება, რის გამოც არ არსებობს ამ ქონებაზე გამოყენებული ყადაღის საგნის სხვა საგნით ჩანაცვლების მიზანშეწონილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სადავო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, სრულიად არ არის გადამწყვეტი, რომ აღსრულება მოხდეს უშუალოდ ბათუმში, .......... ქ. ¹110-ში მდებარე სახლიდან. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, რომ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონება იმყოფებოდეს მოპასუხის საკუთრებაში, იყოს ლიკვიდური და იძლეოდეს მისგან აღსრულების რეალურ შესაძლებლობას. ამდენად, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ბინის იდენტიფიკაციას გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როგორც მოპასუხე მიუთითებს, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული, ბათუმში მდებარე სახლი არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, მოპასუხეს ამ სახლზე მემკვიდრეობა ჯერ გაფორმებული არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი, რაზეც სააპელაციო სასამართლო უთითებს, არ არსებობს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და თ. მ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ განცხადების განხილვის მიზნით უნდა გაარკვიოს, უზრუნველყოფს თუ არა თბილისში, ........... ქ. 26-ში მდებარე 75კვ.მ ¹26 ბინა მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას, არის თუ არა იგი ლიკვიდური, ნამდვილად არის თუ არა იგი დღეის მდგომარეობით თ. მ-ძის საკუთრებაში და ისე გადაწყვიტოს უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკითხი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, საქმეში არსებული უძრავი ქონების აგენტის, ინდმეწარმე მ. ლ-ძის ცნობა ბინის ფასის თაობაზე გაცემულია თუ არა სწორედ თბილისში, ......... ქ. ¹26-ში მდებარე 75კვ.მ ¹26 ბინაზე, რამდენადაც აღნიშნულ ცნობაში არ არის მითითებული ბინის ნომერი და მასში საუბარია ოთხოთახიან ბინაზე (ტ.4, ს.ფ. 31). გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარმოების მასალები და ისე განიხილოს განცხადება უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ, რამდენადაც აღნიშნული წარმოება და განჩინების დედანი, რომლითაც დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლას განმცხადებელი ითხოვს, საქმეში არ მოიპოვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ძის (წარმომადგენელი ვ. გ-ძე) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინება და თ. მ-ძის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.