Facebook Twitter

ას-966-1245-09 12 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ არასრულწლოვან მ. და დ. ს-ავების კანონიერ წარმომადგენელი ლ. ც-ძე (წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ კ. ს-ავა; ჯ. ტ-ავა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 7 ნოემბერს დ. და მ. ს-ავების კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-ძემ სარჩელის აღძრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ჯ. ტ-ავას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ, თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინაზე ყადაღის დადება მოითხოვა.

განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან მ. და დ. ს-ავების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის _ კ. ს-ავას საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ კ. ს-ავამ აღნიშნული ბინა მიჰყიდა ჯ. ტ-ავას, რაც წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რომლითაც კ. ს-ავა შეეცადა თავიდან აეცილებინა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება. აღნიშნულის შედეგად ირღვეოდა მ. და დ. ს-ავების უფლებები.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აპირებდა სარჩელის აღძვრას კ. ს-ავასა და ჯ. ტ-ავას წინააღმდეგ მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ბინის კ. ს-ავას საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, სარჩელის აღძვრამდე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადებას საცხოვრებელ ბინაზე, ვინაიდან დავის განხილვამდე შესაძლო იყო ჯ. ტ-ავას გაესხვისებინა სადავო ბინა, რაც ბავშვებს საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნიდა (ტომი I, ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე მის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ჯ. ტ-ავას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ, თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინას (ტომი I, ს.ფ. 15-17).

2008 წლის 1 დეკემბერს არასრულწლოვან დ. და მ. ს-ავების კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო განცხადება წარადგინა მოპასუხეების _ კ. ს-ავასა და ჯ. ტ-ავას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინაზე 2008 წლის 22 აგვისტოს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ტომი I, ს.ფ. 21-32).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით დ. და მ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენელ ლ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ჯ. ტ-ავას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ, თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინას.

საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2008 წლის 22 აგვისტოს კ. ს-ავასა და ჯ. ტ-ავას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. ტ-ავა საჯარო რეესტრში აღირიცხა თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინის მესაკუთრედ; 2008 წლის 3 სექტემბერს ჯ. ტ-ავამ განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციას ლ. ც-ძის, მ. და დ. ს-ავების მიმართ საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის (ბინიდან გამოსახლების) მოთხოვნით, რაზეც პოლიციის მიერ 2008 წლის 23 ოქტომბერს ლ. ც-ძე გაფრთხილებულ იქნა ხელშეშლის ნებაყოფლობით აღკვეთის თაობაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. ტ-ავას სარჩელი კ. ს-ავას მიმართ, რომლითაც ეს უკანასკნელი გამოსახლდა თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 საცხოვრებელი ბინიდან, ამავე განჩინებით დადგინდა, რომ ჯ. ტ-ავას აღნიშნული ბინა უნდა გადასცემოდა თავისუფალ მდგომარეობაში (ტომი I, ს.ფ. 139-147).

საქალაქო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანი მ. და დ. ს-ავების კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 154-175).

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას მ. და დ. ს-ავების კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-ძემ შუამდგომლობა წარადგინა, რომლითაც მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის ლ. ც-ძის, მ. და დ. ს-ავების სადავო ბინიდან გამოსახლების აკრძალვა. მოგვიანებით, ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ კორესპონდენციაში განმცხადებელმა დააზუსტა გამოსაყენებელი უზრუნველსაყოფი ღონისძიება და საბოლოოდ მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹01/09-01/30-გ-21804 აქტის (გაფრთხილების) მოქმედების შეჩერება.

თავისი მოთხოვნა განმცხადებელმა იმით დაასაბუთა, რომ არც თავად და არც არასრულწლოვანი მ. და დ. ს-ავები ჯ. ტ-ავას მოვალეებს არ წარმოადგენდნენ. ისინი არც სასამართლო გადაწყვეტილებაში და არც სააღსრულებო ფურცელში არ ფიგურირებდნენ, როგორც გამოსასახლებელი პირები. რაც შეეხებოდა კ. ს-ავას, რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა გამოსახლება, ეს უკანასკნელი ამ დრომდე სადავო ფართში არ ცხოვრობდა. განმცხადებლის აზრით, ასეთ ვითარებაში აღსრულების განხორციელების საჭიროება არ არსებობდა და სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 21.08.2009წ. გაფრთხილებას საფუძველი არ გააჩნდა (ტომი II, ს.ფ. 71-72, 88-93).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით არასრულწლოვან მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ც-ძის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ეს მიზანი ნათლადაა გამოკვეთილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ მოპასუხეს შეიძლება აეკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დასტურდებოდა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო არ წარმოადგენდა მოპასუხეს. იმავდროულად დგინდებოდა, რომ არც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹01/09-01/30-გ-21804 აქტი წარმოადგენდა დავის საგანს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეუძლებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ არ ყოფილა მითითებული და შესაბამისად დასაბუთებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარჩელის უზრუნველყოფის გადაუდებლობას და კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ადასტურებდნენ და რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გაართულებდა და ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნილ ღონისძიებასა და სასარჩელო მოთხოვნას შორის არ იკვეთებოდა ურთიერთკავშირი. შესაბამისად, განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი II, ს.ფ. 97-99).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა არასრულწლოვან მ. და დ. ს-ავების კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-ძემ (წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასრულად შეამოწმა და შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. მათი გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანა (ტომი II, ს.ფ. 101-102).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით არასრულწლოვან მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის ლ. ც-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძველს.

საქმეზე დგინდებოდა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო არ წარმოადგენდა მოპასუხეს. ამასთან, არც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹01/09-01/30-გ-21804 აქტი იყო დავის საგანი. აქედან გამომდინარე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (ტომი II, ს.ფ. 129-132).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, განმცხადებელ მ. და დ. ს-ავების კანონიერ წარმომადგენელ ლ. ც-ძის საბოლოო მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹01/09-01/30-გ-21804 აქტის (გაფრთხილების) მოქმედების შეჩერება (ტომი II, ს.ფ. 88-89).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. კანონის დასახელებული ნორმა ცალსახად ადგენს უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების მხოლოდ მოპასუხის მიმართ გამოყენების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი განსახილველ დავაზე მოპასუხეს არ წარმოადგენს, სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიების გამოყენებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უარის თქმას საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუკი უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის და ვერც საჩივრის ავტორი ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია თბილისში, ... ქ. ¹48-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹17 ბინაზე 2008 წლის 22 აგვისტოს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილ ღონისძიებას წარმოადგენს აღნიშნული ბინიდან მოვალის (კ. ს-ავას) იძულებით გამოსახლების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹01/09-01/30-გ-21804 აქტის (გაფრთხილების) მოქმედების შეჩერება. საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ მოხდება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება აღმასრულებლის გაფრთხილების შეჩერების გარეშე, კერძოდ, რაში გამოიხატება უზრუნველყოფის მოთხოვნილი ღონისძიების არსებობის აუცილებლობა. ამდენად, განსახილველ საქმეზე არ იკვეთება შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებისათვის პირდაპირი ხელისშემშლელი გარემოების არსებობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არასრულწლოვან მ. და დ. ს-ავების კანონიერ წარმომადგენელ ლ. ც-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.