ას-972-1251-09 12 ოქტომბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ი. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება
საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 23 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა რ. გ-ძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი სარჩელით აღძრული დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე ი. ბ-შვილისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების, კერძოდ, ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის გასხვისების ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დასასაბუთებლად განმცხადებელმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ ი. და ი. ბ-შვილებს რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 31 746 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და რემონტზე დახარჯული თანხების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ბ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 35 792 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ი. და ი. ბ-შვილების საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
ზემოაღნიშნული დავის მიმდინარეობისას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 აგვისტოს განჩინებით რ. გ-ძის განცხადების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ბათუმში, ... ქ. ¹49-ში, ი. ბ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს. მოგვიანებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს დასახელებული განჩინება გაუქმდა მხარის მიერ სასამართლოს დეპოზიტზე შესაბამისი თანხის შეუტანლობის გამო.
განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რ. გ-ძე აღნიშნავდა, რომ მოცემული დროისათვის სადავო ქონებაზე ყადაღა არ არსებობდა. ამასთან, მისი აზრით, ის გარემოება, რომ ი. ბ-შვილს საცხოვრებელი სახლის გარდა სხვა ქონება არ გააჩნდა, წარმოშობდა საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სარჩელზე და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი აღმოჩნდებოდა შემდგომში მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (ტომი I, ს.ფ. 2-4).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით რ. გ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ი. ბ-შვილს აეკრძალა ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების _ საცხოვრებელი სახლის გასხვისება ან სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა რ. გ-ძის განცხადება და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედო ი. ბ-შვილის უძრავ ქონებას, მაგრამ აღნიშნული განჩინება გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით იმ საფუძვლით, რომ მხარეს არ ჰქონდა შეტანილი 3500 აშშ დოლარი სასამართლოს დეპოზიტზე. ამდენად, სადავო ქონებაზე ყადაღა მოხსნილი იყო, შედეგად კი მოვალე ი. ბ-შვილს შეიძლებოდა მოეხდინა ქონების რეალიზაცია, რაც გამოიწვევდა რ. გ-ძის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას ან გაართულებდა მის აღსრულებას (ტომი I, ს.ფ. 38-42).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ი. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და რ. გ-ძის განცხადების განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ ყადაღა და განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება სამართლებრივი ბუნებით იდენტურია და შესაბამისად, სახეზეა მიმართვა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (ტომი I, ს.ფ. 53).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით ი. ბ-შვილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. ბ-შვილს აეკრძალა ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა, დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად, ი. ბ-შვილის საჩივარი ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის ნაწილში საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა (ტომი I, ს.ფ. 66-70).
თავის მხრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონების უფლებრივი დატვირთვის გაუქმების ნაწილში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა რ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება (ტომი I, ს.ფ. 82-85).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ი. ბ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რ. გ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინება ი. ბ-შვილის საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 104-109).
2009 წლის 25 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება.
განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების აუცილებლობას უკავშირებს მოპასუხე ი. ბ-შვილის გარდაცვალებას და აღნიშნავს, რომ ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის წარმოება შეჩერებულია. მისი განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება რ. გ-ძისათვის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო იმის გამო, რომ დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში მოპასუხედ დასახელებულია ი. ბ-შვილი, იგი მოცემული დავის მხარეს აღარ წარმოადგენს.
განმცხადებლის მოსაზრებით, რ. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებისა და თანხის ი. ბ-შვილის უფლებამონაცვლისათვის დაკისრების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების აღსრულება მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ვერ მიექცევა, რადგან ამ უკანასკნელის მიმართ დავა უკვე დასრულებულია (ტომი II, ს.ფ. 2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ი. ბ-შვილის საჩივარი ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.
საქმეზე დგინდებოდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება მოპასუხე ი. ბ-შვილის წარმომადგენელ თეიმურაზ ცეცხლაძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 8 მაისს, ხოლო ი. ბ-შვილმა საჩივარი ზემომითითებულ განჩინებაზე წარადგინა 2009 წლის 25 აგვისტოს, ანუ გასაჩივრების 5-დღიანი ვადის დარღვევით. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა საჩივრის განსახილველად მიღებას, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ი. ბ-შვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება ერთხელ უკვე გასაჩივრებული ჰქონდა. ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინებით ი. ბ-შვილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. ბ-შვილს აეკრძალა ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა. საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ი. ბ-შვილს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინება ი. ბ-შვილის საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ-შვილის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებაზე დაუშვებელი იყო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 12-15).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-შვილის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, 2009 წლის 14 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრით ი. ბ-შვილი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას აეკრძალა ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისება ან სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინებით აღნიშნული საჩივარი ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე, ი. ბ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის ნაწილში საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ი. ბ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება უცვლელად დარჩა (ტომი I, ს.ფ. 53, 66-70, 104-109).
2009 წლის 25 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრით ი. ბ-შვილი კვლავ ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმებას. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხე ი. ბ-შვილის გარდაცვალების გამო აღნიშნულ საქმეზე წარმოება შეჩერებულია, მის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო განსახილველად დარჩენილ მოთხოვნებზე იგი მოპასუხეს არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას არასწორად მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რომ იგი დღეისათვის საქმეზე მოპასუხეს არ წარმოადგენს. მას შემდგომ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით გასაჩივრებულ ნაწილში მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, დავის შემდგომ გადაწყვეტამდე აღდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით არსებული მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. და ი. ბ-შვილებს რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 31 476 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 35 792 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს დაევალა გამორკვევა, მოსარჩელის მოთხოვნები ერთდროულად ორივე მოპასუხის წინააღმდეგ იყო მიმართული თუ არა, რაც ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. აქედან გამომდინარე, მითითება იმის შესახებ, რომ ი. ბ-შვილი მოპასუხეს არ წარმოადგენს, უსაფუძვლოა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელზეც მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებაზე ი. ბ-შვილის მიერ ერთხელ უკვე იქნა შეტანილი საჩივარი, რაზეც იმსჯელეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა და მასზე წარმოება დასრულდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ამჯერად ი. ბ-შვილს განმეორებით აქვს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ბ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.