საქმე # 330100116001454628
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №313აპ-18 ქ. თბილისი
ხ. გ. 313აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის - ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ-ს ბრალი დაედო ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 1220 საათზე, თ., ჯ. ბ-ს ქუჩის N… მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ხ-მ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვით, ხელკეტის გამოყენებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ. გ. და ნ. ქ-ს. აღნიშნული ქმედების შედეგად, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 7-8 წუთს შეწყდა ახლომდებარე დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, შეფერხდა საგზაო მოძრაობა და უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის განაჩენით გ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
გ. ხ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედ.) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5050 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 50 ლარით და საბოლოოდ გ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
განაჩენით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 1220 საათზე, თ. ი, ჯ. ბ-ს ქუჩის N… მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ხ-მ, მანქანის პარკირებასათან დაკავშირებით წარმოშობილი ინციდენტიდან გამომდინარე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ. გ. და ნ.ქ-ს.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი. საკასაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას გ. ხ-ს ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილშიც, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის - ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე